ფრანც კაფკა
December 6, 2020
ილზე აიხინგერი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ვიქტორ ფრანკლი

ვიქტორ ფრანკლი - ცხოვრების საზრისის ძიებაში

აქ საჭიროა ცხოვრების საზრისის შესახებ კითხვის სრულად შემობრუნება: ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ვასწავლოთ იმედდაკარგულ ადამიანებს, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ ჩვენ რას მოველით ცხოვრებისაგან, არამედ პირიქით, რას მოელის ცხოვრება ჩვენგან! ფილოსოფიური კუთხით თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს კოპერნიკისეულ აღმოჩენს ჰგავს - ცხოვრების საზრისთან დაკავშირებით კითხვას ჩვენ კი აღარ ვსვამთ, არამედ ადრესატების როლში ვართ, რომელთაც ცხოვრება ყოველდღიურად და საათობრივად უსვამს კითხვებს - კითხვებს, რომლებსაც ჩვენ სწორად არა ზედმეტი ფიქრითა თუ საუბრით, არამედ ქმედებითა და სწორი ქცევით უნდა ვუპასუხოთ. ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრების მიერ დასმულ კითხვებზე გაცემულ სწორ პასუხებსა და იმ ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება, რომელსაც ცხოვრება თითოეულ ინდივიდს, თითოეულ სიტუაციაში უყენებს (უსვამს). ეს მოთხოვნა და მასთან ერთად ყოფიერების საზრისი იცვლება ყოველი ადამიანისთვის, ყოველ სიტუაციაში. შესაბამისად, ცხოვრებას არ შეიძლება ოდესმე მიენიჭოს ერთი, ზოგადი საზრისი; ასევე შეუძლებელია საზრისთან დაკავშირებულ კითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა - ცხოვრება, როგორსაც აქ ვგულისხმობთ, სულაც არაა ბუნდოვანი, არამედ თითოეული შემთხვევა კონკრეტულია; ასეთივეა ცხოვრების ჩვენ მიმართ მოთხოვნებიც - ზუსტად განსაზღვრული. ეს კონკრეტულობა განსაზღვრავს ადამიანის ბედისწერას, რომელიც ყველა ადამიანისთვის განუმეორებელი და უნიკალურია. არცერთი ადამიანისა და არცერთი ბედისწერის შედარება არ შეიძლება. არცერთი სიტუაცია არ მეორდება, და ყველა მათგანი ადამიანისგან განსხვავებულ ქმედებას მოითხოვს.
ზოგჯერ სიტუაცია მისგან მოქმედებასა და საკუთარი ბედის სადავეების ხელში აღებას მოითხოვს, ზოგჯერ კი შესაძლებლობების გამოყენებასა და ღირებულებების განხორციელებით ტკბობას, ზოგჯერ კი, უბრალოდ ბედისწერის მიღებას. მაგრამ ყველა სიტუაცია ერთადერთი და განუმეორებელია და ამ კონკრეტულ სიტუაციაში მოცემულ კითხვაზე მხოლოდ ერთი სწორი „პასუხი“ არსებობს. და თუ კონკრეტული ბედისწერა ადამიანს ტანჯვას შეამთხვევს, მან ამ ტანჯვაშიც სრულიად უნიკალური დავალება უნდა დაინახოს. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი ბედით, იგი მთელს სამყაროში ერთადერთი და განუმეორებელია. ვერავინ შეძლებს მისი ტანჯვის საკუთარ თავზე აღებასა და მის მაგივრად დათმენას. მაგრამ ზუსტად საკუთარი ბედისწერის მიერ განსაზღვრული ტანჯვის დათმენაში იპოვის ის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ჩვენთვის, საკონცენტრაციო ბანაკში მყოფთათვის, ეს ყოველივე ცხოვრებისგან გაუცხოებული სპეკულაცია როდი იყო. მხოლოდ ამ ფიქრებსღა თუ შეეძლო ჩვენი ნუგეშისცემა, რადგან სწორედ ასეთი ფიქრები არ გვაძლევდა საშუალებას სასოწარკვეთას მივცემოდით, მაშინ როდესაც ცხოვრებასთან გამკლავების იმედი უკვე აღარ ჩანდა. აქ ჩვენთვის მთავარი ცხოვრების საზრისი ის კი არ იყო, რაც ხშირად გულუბრყვილოდ რაიმე მიზნის განხორციელება ჰგონიათ ხოლმე, არამედ ის მთლიანობა, რომელიც სიკვდილსაც გულისხმობს. შესაბამისად, ვცდილობდით არა მხოლოდ „ცხოვრებაში“ დაგვენახა საზრისი, არამედ ტანჯვასა და სიკვდილშიც და ზუსტად ამ საზრისისთვის ვიბრძოდით ჩვენ!

გერმანულიდან თარგმნა მარიამ კვერნაძემ