ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მარკ სტრენდი

მარკ სტრენდი – სივრცე

ნიუ-იორკის ცენტრალურ ნაწილში, მაღალი საცხოვრებლის სახურავის კიდეზე ლამაზი ქალი იდგა. გადახტომას აპირებდა, როდესაც სახურავზე გასარუჯად ამოსულმა კაცმა დაინახა. მისი დანახვით გაოცებული ქალი კიდეს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. კაცი ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა. ქერა იყო, გალეული, სხეულის გრძელი ზედა ნაწილითა და მოკლე, გამხდარი ფეხებით. შავი საცურაო კოსტუმი მზის შუქზე ატლასივით უბზინავდა. ქალისგან დაახლოებით ათი ნაბიჯი აშორებდა. ქალი მიაშტერდა. ქარმა მუქი, გრძელი თმის ღერები სახესთან აუფრიალა. ცალი ხელით ისინი უკან გადაიწია და პირვანდელ ადგილს დაუბრუნა. თეთრი ბლუზა და ცისფერი ქვედაბოლო შრიალს განაგრძობდა, თუმცა ამას ყურადღებას არ აქცევდა. მამაკაცმა დაინახა, რომ ის ფეხშიშველი იყო და იქვე ახლოს ორი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გვერდიგვერდ, ხრეშიან მიწაზე ელაგა. ქალმა ზურგი შეაქცია. ქარმა ქვედაბოლო გრძელ ბარძაყებზე შემოატმასნა. კაცმა ისურვა, მისწვდომოდა და თავისკენ მოეზიდა. ქარმა მიმართულება იცვალა და ახლა ქვედაბოლო ისე მჭიდროდ მიეკრო მის პატარა, მრგვალ უკანალს, რომ ტრუსის ხაზები გამოუჩნდა. - სავახშმოდ წაგიყვან, - დაიყვირა კაცმა. ქალი შემობრუნდა, რომ მისთვის ისევ შეეხედა. მისი მზერა სრულიად ცარიელი იყო, ყბა კი - დაჭიმული. კაცი ხელებზე დააკვირდა, რომელებიც გადაეჯვარედინებინა და ქვედაბოლოს ასე იჭერდა. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. - წამოდი, სადმე წავიდეთ და ვისაუბროთ, - თქვა კაცმა. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და შეტრიალდა. ხელები გაშალა - თითქოს წყალში ჩასაყვინთად ემზადებოდა. - მისმინე, - თქვა კაცმა, - თუ ჩემ გამო ღელავ, ნურაფრის გეშინია. პირსახოცი, რომელიც მხრებზე ჰქონდა მოხვეული, მოიხსნა და წელზე შემოიხვია.
- მესმის, რომ დამთრგუნველია, - თქვა, მაგრამ არ იცოდა, რას გულისხმობდა. აინტერესებდა, ქალი რამეს გრძნობდა თუ არა. მოსწონდა, როგორ იზნიქებოდა მისი ზურგი. უბრალოდ და მრავლისგამომხატველად მიაჩნდა, სექსის სურვილს უღვიძებდა. სურდა, შეხებოდა. თითქოს რაღაცის იმედი მისცაო, ქალმა მკლავები დაუშვა და წონასწორობა შეინარჩუნა. - იცი, რას გეტყვი, - თქვა კაცმა, - ცოლად მოგიყვან. ქარმა ქვედაბოლო კვლავ მჭიდროდ მიაკრო ქალის უკანალს. - ამას დაუყოვნებლივ ვიზამთ, - თქვა კაცმა, - და იტალიაში წავალთ, ბოლონიაში, და შესანიშნავ კერძებს შევჭამთ. მთელი დღე ვისეირნებთ და საღამოობით გრაპას დავლევთ. სამყაროს გამოვიკვლევთ და იმ წიგნებს წავიკითხავთ, რომლებისთვისაც დრო არასდროს გვქონია. ქალი არ შემობრუნებულა და არც კიდეს მოშორებია. მის მიღმა ლონგ-აილენდ-სითის სამრეწველო ნაგებობები და ქუინსის სახლების დაუსრულებელი მწკრივები გადაშლილიყო. შორიახლოს რამდენიმე ღრუბელი მოძრაობდა. კაცმა თვალები დახუჭა და შეეცადა, მოეფიქრებინა სხვა რა გზით გადაერწმუნებინა ქალი. როდესაც თვალები გაახილა, დაინახა, რომ მის ტერფებსა და კიდეს შორის სივრცე იყო - სივრცე, რომელიც ახლა უკვე ყოველთვის იარსებებდა ქალსა და სამყაროს შორის. იმ გრძელ წამს კი, როდესაც ბოლოჯერ უყურებდა ქალს, კაცმა გაიფიქრა, რა მშვენიერიაო. შემდეგ ქალი გაუჩინარდა.

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი გელაშვილმა