მარკ სტრენდი - სივრცე
ნიუ იორკის შუაგულში, ერთ-ერთი მაღალი სახლის სახურავის კიდეზე ლამაზი ქალი იდგა. სწორედ იმ დროს, გადახტომას რომ აპირებდა, მზის აბაზანების მისაღებად სახურავზე გამოსულმა კაცმა დაინახა. გაოცებულმა ქალმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მამაკაცი ქერა იყო, ოცდაათი - ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა. გამხდარი ტანი ჰქონდა, სხეულის ზედა ნაწილი - გრძელი, ხოლო ფეხები - მოკლე და თხელი. მისი შავი საცურაო კოსტუმი მზის შუქზე ატლასივით ბზინავდა. ქალისგან სულ ათიოდე ნაბიჯი აშორებდა.
ქალი მიაშტერდა. ამოვარდნილმა ქარმა გრძელი, შავი თმის ღერები სახეში შეაყარა. თმა უკან გადაიწია და ცალი ხელით შეიმაგრა კეფაზე. თეთრი ზედა და ღია ცისფერი ქვედაბოლო ქარში უფრიალებდა, თუმცა ამას ყურადღებას არ აქცევდა. კაცმა დაინახა, რომ ფეხშიშველი იყო, მის მახლობლად კი, ხრეშის გროვაზე, წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეწყო. ქალმა მას ზურგი აქცია. წინიდან მონაბერმა ქარმა ქვედაბოლო გრძელ ბარძაყებზე შემოაკრო. კაცმა ისურვა, რომ შესძლებოდა, მისწვდომოდა და თავისკენ მოეზიდა.
ქარმა მიმართულება იცვალა, ქვედაბოლო ამჯერად ქალის პატარა, მრგვალ უკანალს შემოეკრო და ტრუსის ხაზები გამოკვეთა. „სადმე დაგპატიჟებ“, - წამოიძახა კაცმა. ქალი შემობრუნდა და კიდევ ერთხელ შეხედა. შეუპოვარი მზერა ჰქონდა, კბილს კბილზე აჭერდა.
კაცმა მისი ხელები შეათვალიერა, რომლებიც ახლა სხეულის წინ გადაეჯვარედინებინა და ქვედაბოლოს ასე იჭერდა. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. „სადმე წავიდეთ და ვილაპარაკოთ“, - თქვა კაცმა. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და ისევ შებრუნდა. შემდეგ კი ხელები ისე აღმართა, თითქოს წყალში ჩასაყვინთად ემზადებოდა. „მისმინე, - უთხრა კაცმა, - ნურაფრის შეგეშინდება, თუკი ჩემ გამო ღელავ“. მხრებზე მოგდებული პირსახოცი მოიხსნა და სარონგის მსგავსად შემოირტყა წელზე. „მესმის, რომ დამთრგუნველია“, - თქვა მან, თუმცა თვითონაც არ იცოდა, რას გულისხმობდა.
დააინტერესა, იგრძნო თუ არა ქალმა რამე. მოსწონდა, თუ როგორ იქცეოდა მისი ზურგის სწორი ხაზი დუნდულების მრგვალ მოხაზულობად. ეს მარტივად და მეტყველად ეჩვენებოდა. მოუნდა, რომ შეხებოდა. და თითქოს, მისი იმედის საპასუხოდ, ქალმა ხელები დაუშვა და ფეხი მოინაცვლა.
„იცი, რას გეტყვი, - უთხრა კაცმა, - დავქორწინდები შენზე“. ქარმა კიდევ ერთხელ შემოაკრო ქვედაბოლო ქალის უკანალს. „ახლავე ვიზამთ ამას, - თქვა კაცმა - შემდეგ კი იტალიაში წავალთ. ბოლონიას ვესტუმრებით, სადაც დიდებულ საჭმელს შევჭამთ. მთელი დღე ვივლით, ღამღამობით კი გრაპას დავლევთ. სამყაროს დავაკვირდებით და იმ წიგნებს წავიკითხავთ, რომელთა საკითხავადაც დრო არასდროს გვქონია“. ქალს არც უკან მოუხედავს და არც სახურავის კიდეს მოშორებია. მის წინ ქუინსის სახლების დაუსრულებელი რიგი და ინდუსტრიული შენობებით სავსე ლონგ აილენდი გადაშლილიყო. მოშორებით ღრუბლის რამდენიმე ნაგლეჯი მიცურავდა. კაცმა თვალები დახუჭა და შეეცადა, კიდევ მოეფიქრებინა რამე, რითიც მის დაყოლიებას შეძლებდა. როდესაც თვალები გაახილა, ქალის ფეხებსა და სახურავის კიდეს შორის სივრცე შენიშნა - სივრცე, რომელიც მუდამ იარსებებდა ქალსა და სამყაროს შორის. იმ ხანგრძლივი წამის მანძილზე კი, როდესაც ქალს თავის წინ უკანასკნელად ხედავდა, კაცმა გაიფიქრა: „როგორი მშვენიერია!“. შემდეგ კი ქალი გაქრა.
ინგლისურიდან თარგმნა მირიამ გრიგალაშვილმა
ინგლისურიდან თარგმნა მირიამ გრიგალაშვილმა