მარკ სტრენდი - სივრცე
ნიუ-იორკის შუაგულში, ერთ-ერთი მაღალი შენობის სახურავის კიდეზე ლამაზი ქალი იდგა. ის იყო, უნდა გადამხტარიყო, რომ სახურავზე გასარუჯად ამოსულმა მამაკაცმა შენიშნა. შეცბუნებული ქალი კიდეს მოშორდა. მამაკაცი 30-35 წლის იყო. ქერა, თხელი აღნაგობის, სხეულის მაღალი ზედა ნაწილითა და მოკლე, წვრილი ფეხებით. მისი შავი საცურაო ტრუსი მზის შუქზე აბრეშუმივით ბრწყინავდა. ათიოდე ნაბიჯი აშორებდა ქალისგან, რომელიც თვალს არ აშორებდა. ქარი ქალს სახეში აყრიდა გრძელი, მუქი თმის ღერებს, რომლების თავის ადგილზე დაბრუნებაც ხელის ერთი მოძრაობით სცადა. თეთრი ბლუზა და ლურჯი ქვედაბოლოც ჯიუტად ფრიალებდა, თუმცა მათ ყურადღებას არ აქცევდა. კაცმა შენიშნა, რომ ფეხშიშველი იყო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კი თავისთან ახლოს დაეწყო. ქალმა თავი მიაბრუნა. ქვედაბოლო გრძელ ბარძაყებზე მიკვროდა. მამაკაცს მასთან მიახლოება და მისი თავისკენ მოზიდვა მოუნდა. ქარი ამჯერად ქალს ტრაკზე აკრავდა ქვედაბოლოს და ტრუსის ხაზს გამოკვეთდა. ,,სადილზე დაგპატიჟებ“, - დაუყვირა კაცმა. ქალი კვლავ მობრუნდა და შეხედა. მზერა მტკიცე, პირი კი მაგრად მოკუმული ჰქონდა. კაცმა ხელებზე შეხედა, გადაჯვარედინებული და კაბისთვის ჩაჭიდებული რომ ჰქონდა. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. ,,სადმე წავიდეთ და ვილაპარაკოთ“, - კვლავ დაუყვირა კაცმა. ქალმა ღრმად ამოიოხრა და ისევ შებრუნდა. ხელები ზევით ასწია, თითქოს ჩაყვინთვას აპირებდა. ,,მისმინე, თუ ჩემ გამო ღელავ, არაფრის უნდა გეშინოდეს“, - უთხრა კაცმა. პირსახოცი მხრებიდან მოიშორა და წელზე შემოიხვია. ,,ვიცი, ეს ყველაფერი დამთრგუნველია”, - მიმართა ქალს, თუმცა თვითონაც არ იცოდა, რას ამბობდა. აინტერესებდა, იგრძნო ქალმა რამე თუ არა. მოსწონდა, როგორ მიიკლაკნებოდა მისი ზურგი ტრაკისკენ.
სადა და მეტყველი იყო. ვნებას რომ აღუძრავდა, ისეთი. მისი შეხება მოუნდა. ქალის დაშვებულმა ხელებმა იმედი მისცა. ,,იცი, რას გეტყვი - ცოლად მოგიყვან“. ქარმა ქალს კიდევ ერთხელ შემოახვია ქვედაბოლო ტრაკზე.
,,ახლავე შეგვიძლია დავქორწინდეთ, მერე იტალიაში წავიდეთ, ბოლონიაში, და გემრიელად ვჭამოთ. დღე ვისეირნოთ, ღამე კი გრაპა დავლიოთ. სამყაროს შევხედოთ, წიგნები წავიკითხოთ“. ქალი აღარ მობრუნდა, კიდესაც კი არ მოშორდა. მისმა მიღმა ლონგ-აილენდის ინდუსტრიული შენობები მოჩანდა, ქუინსის სახლების მწკრივები. უფრო შორს კი - ღრუბლები. კაცმა თვალები დახუჭა. ფიქრობდა, როგორ შეეცვლევინებინა გადაწყვეტილება მისთვის. როცა თვალები გაახილა, ქალის ფეხებსა და კიდეს შორის სივრცე დაინახა - სივრცე, რომელიც ამიერიდან მუდამ იარსებებდა ქალსა და სამყაროს შორის. ,,რა ლამაზია“, - გაიფიქრა კაცმა იმ ბოლო წამში, როცა იგი ჯერ კიდევ მის წინ იდგა. და მერე ქალი გაქრა.
ჯონი
ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ცუცქირიძემ
ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ცუცქირიძემ