მარკ სტრენდი
December 6, 2020
დიურენმატი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მარკ სტრენდი

მარკ სტრენდი - სივრცე

ნიუ-იორკში, ქალაქის შუაგულში, მაღალი შენობის სახურავის ნაპირას ლამაზი ქალი იდგა. ის-ის იყო, უნდა გადამხტარიყო, რომ მზის აბაზანის მისაღებად ამოსულმა მამაკაცმა მოკრა თვალი. განცვიფრებული ქალი ერთი ნაბიჯით მოშორდა კიდეს. კაცი ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის იყო. ქერა, გამხდარი, წელს ზემოთ ტანაყრილი, და წვრილი, მოკლე ფეხებით. მისი შავი საცურაო კოსტუმი აბრეშუმივით ბრწყინავდა მზეზე. ერთმანეთს ათი ნაბიჯი თუ აშორებდათ. ქალი უყურებდა. გრძელ, მუქ თმის ღერებს ქარი სახეზე აყრიდა. მერე ცალი ხელით მოქაჩა და უკან, ერთ ადგილას გაიჩერა. ირხეოდა ყურადღების მიღმა დარჩენილი მისი თეთრი კოფთა და მკრთალი ლურჯი ქვედაკაბა. კაცმა შენიშნა, რომ ფეხზე არ ეცვა, ორი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ერთმანეთის გვერდით, მის სიახლოვეს იდო ქვიშაზე. ქალმა ზურგი შეაქცია. აფრიალებული კაბა გრძელ ბარძაყებს ეკვროდა. მამაკაცს მანძილის გაქრობა, თავისკენ მისი მოზიდვა სურდა. ქარმა მიმართულება იცვალა. არც კაბა დარჩა ბარძაყებთან, უკან ორი პატარა სიმრგვალე იპოვა მჭიდროდ ასაკრობად, გამოჩნდა ბიკინის ხაზებიც. „სადილზე დაგპატიჟებ“, - დაიყვირა მამაკაცმა. პასუხად ხელმეორედ შეხედეს. მზერა მოურიდებლი იყო, კრიჭა - შეკრული. კაცი უყურებდა, როგორ აკავებდა ქალი კაბას ერთ ადგილას, გადაჯვარედინებული ხელებით. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. „სადმე წავიდეთ, ვილაპარაკოთ“, - უთხრა ისევ. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და შემოტრიალდა. ხელები ასწია, თითქოს ჩასაყვინთად ემზადებაო. მისმინე, ჩემ გამო ნუ იდარდებ, საშიში არაფერია. პირსახოცი მხრებიდან მოიშორა და სარონგად გადააკეთა. „მესმის, რთულია“. თვითონაც არ იცოდა, რას გულისხმობდა. აინტერესებდა, საერთოდ თუ გრძნობდა ქალი რამეს. მოსწონდა, როგორ მიისწრაფოდა ზურგი სიმრგვალისკენ, დაღმასვლისას.
მძაფრი და ამავდროულად მარტივი შთაბეჭდილება ვნებაზე, სექსის პოტენციაზე მიანიშნებდა. უნდოდა, შეხებოდა. თითქოს მის სურვილს ასრულება ეწერა, ქალმა ხელები ჩამოუშვა და სხეულის სიმძიმე მეორე ფეხზე გადაიტანა. „იცი რა, ცოლად მოგიყვან“, - უთხრა კაცმა. ქალს კაბა კვლავ უკან აკვროდა მჭიდროდ. „ახლავე დავქორწინდებით და იტალიაში წავალთ, - განაგრძო. - ბოლონიაში გემრიელ საჭმელს შევჭამთ. მთელი დღე ვიბოდიალებთ და ღამით გრაპას დავლევთ. დავაკვირდებით სამყაროს და წავიკითხავთ იმ წიგნებს, რომლებისთვისაც დრო აქამდე ვერ გამოვნახეთ“. ქალი არც მოტრიალდა და არც კიდეს მოშორდა. მის წინ ლონგ-აილენდის ინდუსტრიული შენობები გადაშლილიყო, ქვინსის სახლების დაუსრულებელი რიგები. რამდენიმე ღრუბელმა ადგილი შეიცვალა. იმაზე ფიქრში, თუ როგორ გადააფიქრებინებდა, კაცმა ქუთუთოები ჩამოუშვა. თვალები ქალის ფეხებსა და შენობის კიდეს შორის არსებული სიცარიელის წინაშე გაახილა - სიცარიელის, რომელიც ქალსა და სამყაროს შორის სამარადისოდ გაყინულიყო. იმ გრძელი წამის განმავლობაში, როცა ქალი უკანასკნელად არსებობდა მის წინაშე, გაიფიქრა: „რა საოცარია“. და ქალიც გაქრა.

ინგლისურიდან თარგმნა გაბრიელ თოლორაიამ