ბელყეის სოლეიმანი - „მარტოობის მყიფე ფაიფური“ და გასაქირავებელი ცხენები

ჯერ ბიჭმა ჩაყვინთა წყალში, შემდეგ - გოგონამ. მამამაც ჩაყვინთა. კარგად იცოდა, ამისთვის მობერებულიყო, მაგრამ იქ და მაშინ ყვინთვის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მამას ბოლომდე არ ჩაუყვინთავს და წყლიდან თავი ამოყოფილი ჰქონდა. გოგომ და ბიჭმა პასუხად გაიცინეს და მამას წყალი შეასხეს. კაცმაც გაიცინა და თავის თექვმეტი წლის გოგონას ეშმაკურ სახეზე წყალი შეასხა. გოგო-ბიჭი მამას გამოედევნა. მამამ წყალში ხელ-ფეხი გაიქნია, სწრაფად და გამალებით, მაგრამ დასხლტომა ვერ შეძლო. გოგონამ და ბიჭმა მამას თავი წყალში ჩააყოფინეს. წყალქვეშ სულ რამდენიმე წამით, რაც კაცს ხანგრძლივად ეჩვენა, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. ძნელი სავარჯიშო იყო. ყველაზე ბოლოს წყლიდან თავი ბიჭმა ამოყო და ომახიანად ამოისუნთქა. ბიჭმა სალტო გააკეთა და წყალში ჩახტა. გოგონამ ვერ შეძლო. მამას არც უცდია.
კაცი ნაპირზე გავიდა და ცოლის გვერდით, რომელსაც მთელი საათი მათთვის თვალი არ მოეშორებინა, სილაზე დავარდა. გოგო და ბიჭიც ნაპირზე ავიდნენ. მამას ღიპი აუდ-ჩაუდიოდა. გოგონამ ზედ ერთი პეშვი სილა დააყარა, ბიჭმა - კიდევ ერთი. სანამ მამა განძრევას, დედა კი საყვედურს მოასწრებდა, მამის სხეული სილით დაიფარა. მან თვალები მილულა და თავი სილის სილბოსა და ჰაერის სინოტივეს მისცა. გოგომ და ბიჭმა მამის სხეული სილის მართკუთხედით დაფარეს და ზედ წააწერეს: „თუ ჩემთან მოხვალთ, ჩუმად, ფეხაკრეფით მოდით. რომ ღმერთმა არ ქნას, გაიბზაროს ჩემი მარტოობის მყიფე ფაიფური“. *1
გოგონა და ბიჭი სილის ნიანგის კეთებას შეუდგნენ. გოგონამ ნაპირზე ერთი მუჭა ნიჟარები შეაგროვა, ბიჭმა ისინი ნიანგს პირში ჩაუმაგრა. გოგონამ მკვდარი თევზი ნიანგს პირთან დაუგდო. ბიჭი ნიანგის კუდზე ქერცლების დამაგრებას შეუდგა. ბიჭს იმ ბავშვების ხმაური, ბრინჯის ყანების ცხენებს მოგზაურებზე რომ აქირავებდნენ, არ გაუგონია. გოგონამ ცხენების ფლოქვების თქარუნი გაიგონა და სილის ნიანგს სწრაფად გაეცალა. სანაპიროზე ათზე მეტი დაოთხილი ცხენი დაჯირითობდა. ბიჭი ცხენებს გზიდან ბოლო წამს გამოეცალა. ცხენებმა სილის მართკუთხედსა და ნიანგს გადაუარეს. მთელი სანაპირო ცხენების სუნით და ბიჭუნების ხმაურით იყო მოცული.
*1 ნაწყვეტი ირანელი პოეტის - სოჰრაბ სეფეჰრის ლექსიდან „წამში ჩატეული ოაზისი“, რომელიც პოეტის ეპიტაფიადაა გამოყენებული. თარგმანი გიორგი ლობჟანიძისა.
სპარსულიდან თარგმნა ქეთევან ნიკოლაძემ
*1 ნაწყვეტი ირანელი პოეტის - სოჰრაბ სეფეჰრის ლექსიდან „წამში ჩატეული ოაზისი“, რომელიც პოეტის ეპიტაფიადაა გამოყენებული. თარგმანი გიორგი ლობჟანიძისა.
სპარსულიდან თარგმნა ქეთევან ნიკოლაძემ