სანახაობა
December 6, 2020
მარკ სტრენდი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ბელყეის სოლეიმანი

ბელყეის სოლეიმანი - მარტოობის მყიფე ფაიფური და საქირაო ცხენები

ჯერ ბიჭმა ჩაყვინთა და მერე - გოგომ. მამამაც ჩაყვინთა. კარგად იცოდა, რომ ყვინთვისთვის ცოტა მობერებულიყო, მაგრამ აქ და ახლა, ჩაყვინთვის გარდა, სხვა გზა არ დარჩენოდა. გოგომ და ბიჭმა გაიცინეს და წარუმატებელი ჩაყვინთვის შემდეგ წყლიდან თავამოყოფილ მამას წყალი შეაწუწეს. კაცმა გაიცინა და თავის თექვსმეტი წლის გოგონას ეშმაკურად ანთებულ სახეზე წყალი შეაწუწა. გოგო და ბიჭი მამას დაედევნენ. მამამ წყალში ხელ-ფეხი გაიქნია, სწრაფად და მარდად, მაგრამ ვერ გაექცა. გოგომ და ბიჭმა მამა წყალში ჩააყურყუმელავეს. რამდენიმე წამის განმავლობაში, რომელიც კაცს საუკუნედ ეჩვენა, წყლის ქვეშ სამივე ერთმანეთს თვალებში მიაშტერდა. რთული გამოცდა იყო. ბიჭმა ბოლომ ამოყო თავი წყლიდან და ხმაურიანად ამოისუნთქა. სალტო გააკეთა. გოგომ ვერ შეძლო. მამამ არც კი სცადა.

კაცმა ნაპირზე გააღწია და ცოლის გვერდით, ერთი საათი მათთვის თვალი რომ არ მოეშორებინა, ქვიშაზე დაეცა. გოგო და ბიჭიც ნაპირზე გავიდნენ. მამას ღიპი უთახთახებდა. გოგომ ერთი მუჭა ქვიშა დააყარა ზედ და ერთიც ბიჭმა, რათა მამა განძრეულიყო და დედა აყვირებულიყო. მამას ტანი ქვიშით დაეფარა. თანდათან თვალები დახუჭა და რბილ ქვიშასა და ნოტიო ჰაერს მიენდო. გოგომ და ბიჭმა მამა ქვიშის მართკუთხედში ჩაფლეს და ზედ დააწერეს: „ჩემთან თუ მოხვალთ, ჩუმად, ფეხაკრეფით მოდით, რომ ღმერთმა არ ქნას, გაიბზაროს ჩემი მარტოობის მყიფე ფაიფური“. *1
გოგო და ბიჭი ქვიშის ნიანგის კეთებას შეუდგნენ. გოგომ სანაპიროზე ერთი მუჭა ნიჟარები შეაგროვა და ბიჭმა ისინი ნიანგის პირში ჩაამაგრა. გოგომ მკვდარი თევზი ნიანგის პირთან დააგდო და ბიჭი ნიანგის კუდზე ქერცლების გამოყვანას შეუდგა. ბიჭმა ბავშვების შეძახილები, რომლებიც ბრინჯის ნათესებში გაზრდილ ცხენებს მოგზაურებზე აქირავებდნენ, ვერ გაიგონა. მხოლოდ გოგომ გაიგონა ცხენების ფლოქვების თქარუნი და ქვიშის ნიანგს სწრაფად მოშორდა. ათზე მეტი დაოთხილი ცხენი სანაპიროზე მიქროდა. ბიჭი ცხენებს ბოლო წუთში გაერიდა. ცხენებმა ნიანგსა და ქვიშის მართკუთხედს გადაუარეს. მთელი სანაპირო ცხენების სუნითა და ბავშვების შეძახილებით იყო სავსე.

*1 ნაწყვეტი ირანელი პოეტის, სოჰრაბ სეფეჰრის ლექსიდან „წამში ჩატეული ოაზისი“. ლექსი ქართულად თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ. ლექსის ეს ნაწყვეტი სეფეჰრის საფლავს ეპიტაფიად აქვს.

სპარსულიდან თარგმნა თინათინ წიკლაურმა