ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ჯონ მაქსველ კუტზეე

ჯონ მაქსველ კუტზეე - ტყუილები

ძვირფასო ნორმა,

სან-ხუანიდან გწერ, ერთადერთი სასტუმროდან. ნაშუადღევს დედა მოვინახულე - ნახევარი საათის სავალზე, მიხვეულ-მოხვეული გზის იქით ცხოვრობს. მისი მდგომარეობა ისეთი მძიმეა, როგორსაც ვფიქრობდი, ან ეგებ უარესიც იყოს. უხელჯოხოდ მოძრაობა უჭირს, მხოლოდ ნელა თუ გადაადგილდება. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან დაბრუნდა, კიბეზე ასვლაც ტანჯვად ექცა. ოთახში, ტახტზე სძინავს. საწოლის პირველ სართულზე ჩატანა სცადა, თუმცა მუშებმა უთხრეს, ნაწილებად დაუშლელად ადგილიდან ვერ დავძრავთო. (პენელოპესაც ასეთივე საწოლი ჰქონდა, არა? - ჰომეროსის პენელოპეს?)
მისი წიგნები და გაზეთები ზედა სართულზეა - ქვემოთ მათი ადგილი ვერ მოიძებნა. გაღიზიანებულია, ამბობს, რომ თავის მაგიდასთან დაბრუნება უნდა, მაგრამ საამისო ძალა არა აქვს.
აქ ერთი კაცია - პაბლო, ვინც ბაღის საქმეებში ეხმარება. ვკითხე, საყიდლებზე ვინ დადის-მეთქი. ამბობს, პური, ყველი და ბაღში მოყვანილი საკვები სრულიად საკმარისიაო. მაინც ვუთხარი, ხომ შეიძლება, სოფლიდან ვინმე მოიყვანო, ვინც დალაგებასა და სადილის მომზადებაში დაგეხმარება-მეთქი. ყურსაც არ იბერტყავს - ამბობს, სოფელთან არაფერი მაკავშირებსო. ვკითხე, პაბლოზე რაღას იტყვი, განა პაბლო სოფლის ნაწილი არ არის-მეთქი? მიპასუხა, ეგ უკვე ჩემი საქმეა, პაბლო სოფელს არ ეკუთვნისო.
როგორც ვიცი, პაბლოს სამზარეულოში სძინავს. მგონი, მთლად დალაგებული არ უნდა იყოს, არც კი ვიცი, რა ვუწოდო. მოკლედ, იმას ვამბობ, ერთი გულუბრყვილო იდიოტია-მეთქი.
მთავარზე მინდოდა დალაპარაკება, თუმცა ვერ მოვახერხე, გამბედაობა არ მეყო. ამას აუცილებლად გავაკეთებ - ალბათ ხვალ, როცა მის სანახავად მივალ. ვერ ვიტყვი, რომ იმედიანად ვარ. შენც ხომ იცი, არაფრად მაგდებს. ჩემი მისვლის მიზეზიც მშვენივრად მოეხსენება.
ტკბილ ძილს გისურვებ. ბავშვებს ჩემს მაგიერ მიესიყვარულე.

ჯონი
„დედა, შეიძლება შენს საცხოვრებელს პირობებზე ვიმსჯელოთ? შეიძლება მომავალზე დავილაპარაკოთ?“
დედამისი მდუმარედ მოკალათებულა ძველ, მყარ სავარძელში. აშკარაა, სავარძელიცა და საწოლიც ერთი დურგლის ნახელავია.
"მინდა იცოდე, რომ მე და ჰელენს შენი ამბავი გვაღელვებს. ერთხელ უკვე დაეცი და არავინ იცის, ეს კიდევ როდის მოხდება. არც წლები მოგაკლდება. წარმოუდგენელია, მარტოკა იცხოვრო სახლში, სადაც კიბეც ასეთი დამრეცია; სოფელში, სადაც მეზობლებთანაც გაგიფუჭდა ურთიერთობა - გულწრფელად ვამბობ, ასე ვეღარ იცხოვრებ, ასე ვერ გაგრძელდება“.
"მარტო არ ვცხოვრობ, - თქვა დედამ. - ჩემთან პაბლოა. პაბლო ჩემი შემწეა“.
„გეთანხმები, პაბლოც აქ ცხოვრობს, მაგრამ შეგიძლია გამოუვალ მდგომარეობაში მის იმედად ყოფნა? მაშინ სად იყო, როცა დაეცი? თავად რომ ვერ მოგეხერხებინა საავადმყოფოში დარეკვა, ახლა სად იქნებოდი?“
სიტყვა არც კი დაემთავრებინა, როცა თავის შეცდომას მიხვდა.
„სად ვიქნებოდი? - მიუგო დედამ. - პასუხი მშვენივრად იცი, მე რაღას მეკითხები? სად და - მიწაში, მატლებთან. ეს უნდა მეთქვა?“
„დედა, იქნებ გონიერება გამოიჩინო. ჰელენმა თავის სახლთან ახლოს ორი ადგილი იპოვა, სადაც მოგივლიან. მჯერა, იქ თავს ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. არ გინდა, იმ ადგილებზე მოგიყვე?“
„ორი ადგილი? ადგილში თავშესაფარს გულისხმობ? თავშესაფარი, სადაც თავს ისე ვიგრძნობ, როგორც შინ, არა?“ „დედა, რაც გინდა, ის უწოდე. თუ გინდა, მე და ჰელენიც მასხრად აგვიგდე, მაგრამ ეს ფაქტებს არ შეცვლის - ცხოვრების ფაქტებს. ერთხელ უკვე სერიოზულად დაშავდი და იმ შემთხვევის სავალალო შედეგებს დღემდე იმკი. შენი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. პირიქით, უფრო გაუარესდება. დაფიქრებულხარ, რომ შეიძლება ლოგინად ჩავარდე ამ ღვთისგან მივიწყებულ სოფელში, სადაც მხოლოდ პაბლოს იმედად ხარ? გიფიქრია, ეს ამბავი ჩემსა და ჰელენზე როგორ იმოქმედებს? რა უნდა ვქნათ, როცა გვეცოდინება, რომ მოვლა გესაჭიროება, ჩვენ კი არაფერი შეგვიძლია? ყოველ კვირას ათასობით კილომეტრს ვერ ვიფრენთ, ეს ხომ ცხადია?“
„ამას თქვენგან არც მოველი“.
„ჰო, ჩვენგან ამას არ მოელი, მაგრამ ასე მოქცევა მოგვიწევს, ასე ვიქცევით მაშინ, როცა ვიღაც გვიყვარს. ასე რომ, გთხოვ, პატივი დამდე და ყური მიგდე, სანამ შემოთავაზებულ ვარიანტებს განვიხილავ. ხვალ, ზეგ ან მაზეგ აქედან ერთად გავემგზავრებით, ნიცაში წავალთ, ჰელენთან. წასვლამდე ყველაფერს ჩავალაგებთ, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, რაც გეძვირფასება. ყველაფერს ყუთებში ჩავაწყობთ და როგორც კი ახალ საცხოვრებელში მოთავსდები, იქ გადავიტანთ.
ნიციდან ჰელენთან ერთად იმ სახლების სანახავად წავალთ, წეღან რომ გითხარი - ერთი ანტიბშია, მეორე კი გრასის მახლობლად. მათი დათვალიერების საშუალება გექნება. შენ თვითონ ნახე, მოგეწონება თუ არა. ძალას არ დაგატანთ. თუ არ მოგეწონება, ნება შენია, სანამ ახალს ვიპოვით, ჰელენთან დარჩი, დროის მეტი რა გვაქვს.
უბრალოდ, გვინდა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდე, ბედნიერად და უსაფრთხოდ, ჩვენი მიზანი ესაა. გვინდა ვიცოდეთ, რომ თუკი რამ მოხდება, შენზე ვიღაც იზრუნებს. ვიცი, რომ ეს თავშესაფრები არ მოგწონს. არც მე მომწონს, არც ჰელენს. თუმცა ცხოვრებაში დგება დრო, როცა არჩევანის გაკეთება სურვილებსა და საჭიროებებს შორის გვიწევს, ერთი მხრივ, დამოუკიდებლობას, მეორე მხრივ კი, დაცულობას შორის. აქ, ესპანეთში, ამ სოფლის სახლში დაცული ვერ იქნები. ვიცი, რომ არ მეთანხმები, რა ვქნათ, სიმართლე მწარეა. ვინ იცის, ეგებ ერთხელ ისევ დაეცე, გონება დაკარგო ან სულაც ხელ-ფეხი მოიტეხო. ხომ შეიძლება, მოკვდე კიდეც“.
დედამ უკმაყოფილების ნიშნად ხელი ოდნავ აიქნია. „ის, რასაც მე და ჰელენი გთავაზობთ, სულაც არა ჰგავს იმ ძველ თავშესაფრებს. კეთილმოწყობილი, ჩინებულად მოვლილი ადგილებია. ძვირადღირებულია, რადგან კლიენტების კმაყოფილებისთვის არაფერს იშურებენ. ვინც იხდის, შესაფერისადაც ემსახურებიან. ძვირიც რომ იყოს, მე და ჰელენი ამ ხარჯს სიამოვნებით გავწევთ. იქ შენი პირადი საცხოვრებელი გექნება. თუ გრასში დარჩენას ამჯობინებ, პატარა ბაღითაც ისარგებლებ. სადაც მოგესურვება, იქ ისადილებ: სახლში, რესტორანში... არც სპორტული დარბაზი და საცურაო აუზი მოგაკლდება; სამედიცინო პერსონალი და ფიზიოეთერაპევტიც მუდამ შენს განკარგულებაში იქნება. შეიძლება სამოთხე არ არის, თუმცა შენს მდგომარეობაში მყოფისთვის უკეთეს ადგილს ვერც ინატრებ“.
„ჩემი მდგომარეობა, - ამბობს დედა. - როგორ ფიქრობ, როგორია ჩემი მდგომარეობა?"
გაღიზიანებულმა კაცმა ხელი აიქნია. „მაინც გინდა, გითხრა? ნამდვილად გინდა, რომ ეს სიტყვები გითხრა?"
„ჰო, ისე, უბრალოდ, მითხარი სიმართლე".
„სიმართლე ისაა, რომ ხნიერი ხარ და მზრუნველობა გჭირდება, რასაც პაბლოსნაირი კაცი თავს ვერ გაართმევს".
„დედამ თავი გააქნია - არა, ამას არ ვგულისხმობდი. სხვა სიმართლე მითხარი, ნამდვილი სიმართლე".
„ნამდვილი სიმართლე?“
„ჰო, ნამდვილი სიმართლე“.

ძვირფასო ნორმა

„ნამდვილი სიმართლე“ - აი, რისი თქმა მთხოვა. ან ეგებ შემევედრა კიდეც. მშვენივრად იცის, რა არის ნამდვილი სიმართლე. ეს ხომ მეც ვიცი. წესით და რიგით, ამ სიტყვების წარმოთქმა არ უნდა გამძნელებოდა. ამისთვის საკმარისად გაბრაზებულიც ვიყავი - გაბრაზებული, რადგან ამოდენა გზის გამოვლა იმ მოვალეობის შესასრულებლად მომიხდა, რომლისთვისაც შენ, ჰელენს ან მე მადლობას არავინ გვეტყვის, ამ ცხოვრებაში მაინც.
მაგრამ ვერ შევძელი. პირში ვერ ვუთხარი ის, რასაც ახლა ასე თავისუფლად გწერ: ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ კვდები. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ ცალი ფეხი უკვე სამარეში გაქვს. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ ამ სამყაროში უმწეო ხარ, ხვალ კი კიდე უფრო უმწეო იქნები და ასე იქნება მანამ, სანამ შემწეობის საჭიროება სულაც არ გაქრება. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ, პირობები წამოაყენო. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ „არას“ ვეღარაფერზე იტყვი.
საათის წიკწიკს ვერ შეაჩერებ. უარით ვერც სიკვდილს გაისტუმრებ. როცა სიკვდილი თავისთან მიგიხმობს, აჯობებს, თავი დაუხარო და მის ნებას დაჰყვე. ერთხელ და სამუდამოდ ისწავლო „კის“ თქმა. ამიტომ ვამბობ, მიატოვე ესპანეთში ოდესღაც აგებული სახლი, მიატოვე ნაცნობი ნივთები, წამო, იცხოვრე ამ ოხერ თავშესაფარში, სადაც დილაობით ფორთოხლის წვენის მოსართმევად შემოსული გვადალუპელი ექთნის თავაზიანი სალამი გაგაღვიძებს, შენ კი ნუ შეკრავ წარბებს, ნუ გაჯიუტდები. თქვი, დიახ, თქვი, რომ თანახმა ხარ, თქვი, რომ მის ხელში ხარ. სცადე და ეგებ საშენოდაც გამოიყენო ეს მდგომარეობა.
ძვირფასო ნორმა, დადგება დღე, როცა ჩვენთვისაც გახდება სიმართლის თქმა საჭირო, ნამდვილი სიმართლის. შეიძლება ერთ რამეზე შევთანხმდეთ? პირობა დავდოთ, რომ როგორი რთულიც უნდა იყოს ამ სიტყვების წარმოთქმა, ერთხელაც მაინც ვიტყვით, რომ აღარაფერი იქნება უკეთ, რომ ამიერიდან ყველაფერი იქნება ცუდად, და ცუდზე უფრო ცუდად, და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უარესის წარმოდგენა შეუძლებელი არ გახდება, სანამ ყველაფერი ძალზე, ძალზე ცუდად არ იქნება.
შენი ძვირფასი ქმარი,

ჯონი

გერმანულიდან თარგმნა დავით ხარაიშვილმა