დიურენმატი
December 6, 2020
ფრანც კაფკა
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ჯონ მაქსველ კუტზეე

ჯონ მაქსველ კუტზეე - ტყუილები

ძვირფასო ნორმა,

სან-ხუანის ერთადერთი სასტუმროს ნომრიდან გწერ. დღეს, ნაშუადღევს, დედას ვესტუმრე. ნახევარი საათი მიხვეულ-მოხვეული გზით მომიწია მგზავრობა. იმაზე ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ჯოხის გარეშე ვერ დადის და ჯოხითაც ძალიან ნელა გადაადგილდება. საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ კიბეზე ასვლას ვერ ახერხებს, ამიტომ სასტუმრო ოთახში ტახტზე სძინავს. უნდოდა, საწოლი პირველ სართულზე გადმოეტანა, თუმცა მუშებმა უთხრეს, ნაწილებად დაშლის გარეშე შეუძლებელი იქნებაო (პენელოპეს არ ჰქონდა ამგვარი საწოლი? ჰომეროსის პენელოპეს). მისი წიგნები და ქაღალდები მეორე სართულზეა, ქვემოთ მათთვის საკმარისი ადგილი არაა. დედა ვერ ისვენებს, ამბობს, რომ თავის მაგიდასთან უნდა დაბრუნდება, თუმცა ახლა ეს არ შეუძლია. აქ ერთი კაცია, პაბლო ჰქვია და ბაღის მოვლაში ეხმარება. ჩემს შეკითხვაზე, თუ ვინ დადის საყიდლებზე, დედამ მიპასუხა, რომ პურსა და ყველს ჭამს, კიდევ იმას, რაც ბაღში მოდის, და დაამატა, რომ მეტი არც სჭირდება. „და მაინც, - ვკითხე ამის პასუხად, - ნუთუ არ შეიძლება, მახლობელი სოფლიდან დაიქირაო ვინმე, ვინც სახლს დაასუფთავებს და საჭმელს მოამზადებს?“ მაგრამ არც კი მომისმინა. მიპასუხა, რომ ადგილობრივებთან ურთიერთობა არ აქვს. „მაგრამ პაბლოც ხომ ადგილობრივია?“ - ვკითხე. „არა, პაბლო ადგილობრივი არაა, მასზე მე ვზრუნავ“, - მითხრა დედამ. როგორც მივხვდი, პაბლოს სამზარეულოში სძინავს. როგორაა ის გამოთქმა, არც გაღმაა და არც გამოღმაო, არა? მოკლედ, იმის თქმა მინდა, პაბლო ერთი უბრალო ბრიყვია, ტეტია. მთავარ საკითხზე დედასთან დალაპარაკება ვერ შევძელი. მინდოდა, მაგრამ სიმამაცე არ მეყო. ხვალ დაველაპარაკები, როცა ვნახავ, თუმცა, იმედი არ მაქვს, რომ დამთანხმდება. დღეს საგრძნობლად ცივად მექცეოდა. მგონია, მიმიხვდა, რატომაც ვარ ჩამოსული. ტკბილ ძილს გისურვებ. ბავშვები მომიკითხე.

ჯონი
„დედა, შეიძლება შენს საცხოვრებელ პირობებსა და მომავალზე დავილაპარაკოთ?“
დედამისი უხმოდ იჯდა ძველ, მასიურ სავარძელში, რომელიც აშკარად იმავე დურგლის ნახელავი იყო, რომელმაც საწოლი დაამზადა.
„მინდა იცოდე, რომ მე და ჰელენი შენზე ვღელავთ. ჯერ მხოლოდ ერთხელ დაეცი, თუმცა დროის ამბავია, სანამ ეს ისევ განმეორდება. ასაკი გემატება, შენ კი მარტო ცხოვრებას აგრძელებ სახლში, რომელსაც დამრეცი კიბეები აქვს. მეზობლებთანაც უთანხმოება გაქვს. გულახდილად გეტყვი, ასეთი ცხოვრება შენთვის შეუფერებელია“.
„მე მარტო არ ვცხოვრობ, - თქვა დედამ, - პაბლოც ჩემთანაა, მე მისი იმედი მაქვს“.
„გეთანხმები, პაბლო შენთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ნუთუ შეიძლება კრიტიკულ სიტუაციაში მის იმედზე ყოფნა? ბოლოს რომ დაეცი, მაშინ რით დაგეხმარა? თავად რომ არ მოგეხერხებინა სასწრაფოს გამოძახება, დღეს სად იქნებოდი?“
როგორც კი სათქმელი დაამთავრა, მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა.
„სად ვიქნებოდი? - კითხვაზე კითხვით უპასუხა დედამ, - როგორც ვხვდები, თავადაც მშვენივრად იცი პასუხი, რაღად მეკითხები? ალბათ, მიწის ქვეშ, სადაც მატლები შემჭამდნენ. ამისი მოსმენა გინდოდა?“
„დედა, გთხოვ, გონებას მოუხმო. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ელენმა მოახერხა თავისი სახლის მახლობლად ორი შესაფერისი ადგილის პოვნა, სადაც კარგად მოგხედავენ და თავსაც ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. შეიძლება უფრო მეტი გითხრა ამაზე?“
„ორი ადგილი? თავშესაფარს გულისხმობ? თავშესაფარს, სადაც თავს ისე ვიგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში?“
„რაც გინდა, ის უწოდე. შეგიძლია მე და ჰელენიც მასხრად აგვიგდო, თუმცა ეს ცხოვრებისეულ ფაქტებს არ ცვლის. ერთხელ უკვე დაეცი, რის გამოც ახლა ცხოვრება გაქვს გართულებული. შენი მდგმარეობა არ უმჯობესდება, პირიქით, დიდი შანსია, რომ გაუარესდება. გიფიქრია, როგორ გაგრძელდება შენი ცხოვრება ამ ღვთისგან მივიწყებულ სოფელში, ლოგინად რომ ჩავარდე და მხოლოდ პაბლოს იმედად დარჩე? ან რას ვიგრძნობთ მე და ჰელენი, როცა გვეცოდინება, რომ მოვლა გჭირდება, ჩვენ კი შენ გვერდით არ ვართ? ხომ იცი, რომ ყოველ შაბათ-კვირას შენ მოსანახულებლად ათასობით კილომეტრს ვერ დავფარავთ?“
„ამას თქვენგან არც მოვითხოვ“.
„მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს, რადგან გვიყვარხარ. ამიტომ გთხოვ, პატივი დამდე და საშუალება მომეცი, ალტერნატივა შემოგთავაზო. ხვალ, ზეგ, ანაც მაზეგ მე და შენ ამ ადგილს დავტოვებთ და ჰელენთან გავემგზავრებით ნიცაში. წასვლამდე შენთვის მნიშვნელოვანი ყველა იმ ნივთის ჩალაგებაში დაგეხმარები, რომლებიც გინდა, რომ თან წამოიღო. ყველაფერს შევფუთავთ და გავამზადებთ, რომ მაშინვე გამოგიგზავნონ, როგორც კი საცხოვრებელს შეარჩევ.
ნიცაში ჩასვლის შემდეგ მე და ჰელენი იმ სახლების სანახავად წაგიყვანთ, რომლებიც უკვე ვახსენე. ერთი ანტიბშია, მეორე კი - გრასის მახლობლად. დავათვალიეროთ და ვნახოთ, მოგეწონება თუ არა. ძალას არ დაგატანთ. თუ არ მოგეწონება, არც ესაა პრობლემა. შეგიძლია ცოტა ხანს ჰელენთან იცხოვრო, სანამ სხვა ვარიანტებს ვიპოვით. დრო საკმარისად გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ თავი ბედნიერად იგრძნო - ბედნიერად და უსაფრთხოდ. ესაა ჩვენი მიზანი. გვინდა ვიცოდეთ, რომ თუკი რამე მოხდება, შენ გვერდით იქნება ვინმე, ვინც შენზე იზრუნებს.
ვიცი, რომ ამგვარი თავშესაფრები არ მოგწონს, დედა. არც მე მომწონს და არც ჰელენს. მაგრამ ყველას ცხოვრებაში დგება წუთი, როცა სასიამოვნოსა და სასარგებლოს შორის არჩევანის გაკეთება გვიწევს, როცა ერთ მხარეს დამოუკიდებლობაა, ხოლო მეორე მხარეს - უსაფრთხოება. აქ, ესპანეთის სოფლის სახლში უსაფრთხოდ არ ხარ. შეიძლება კიდევ ერთხელ დაეცე, გონება დაკარგო, ან ხელ-ფეხი მოგტყდეს. შეიძლება მოკვდე კიდეც“.
დედამისმა უარყოფის ნიშნად მსუბუქად აიქნია ხელი.
„ადგილები, რომლებსაც მე და ჰელენი გთავაზობთ, არ ჰგავს იმ თავშესაფრებს, ადრე რომ იყო. კარგად მოწყობილი სივრცეებია, რომლებიც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. გადასახადი მაღალია, იმიტომ რომ კლიენტების კომფორტისათვის თავს არ ზოგავენ. ამ თანხის სანაცვლოდ მუდმივ ზრუნვასა და ყურადღებას იღებ. თუკი გადასახადის სრულად გადახდას ვერ შეძლებ, მე და ჰელენი სიამოვნებით დაგეხმარებით. შენი პატარა ბინა გექნება. გრასში შეგიძლია პატარა ეზოც კი გქონდეს. რესტორანში ისადილებ, ან თუკი ისურვებ, საჭმელს პირდაპირ სახლში მოგიტანენ. ორივეს აქვს სპორტული დარბაზი და აუზი. ფიზიოთერაპევტები და მედპერსონალი მუდმივად მზად არიან დასახმარებლად. შეიძლება ეს სამოთხე არაა, მაგრამ შენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის საუკეთესო გამოსავალია“.
„ჩემს მდგომარეობაში? - იკითხა დედამისმა, - მაინც რა მდგომარეობაში ვარ, შენი აზრით?“
გაღიზიანებულმა კაცმა ხელები გაასავსავა.
„გინდა გითხრა? - ჰკითხა მან, - ნამდვილად გინდა გითხრა?“
„დიახ. მოდი, მრავალფეროვნებისთვის, მითხარი, სიმართლე“.
„სიმართლე ისაა, რომ მოხუცი ქალი ხარ, რომელსაც ზრუნვა სჭირდება. პაბლო კი ამას ვერ შეძლებს“.
დედამისმა თავი გააქნია: „ეგ სიმართლე არა. აი, ის, მეორე სიმართლე - ნამდვილი სიმართლე“.
„ნამდვილი სიმართლე?“
„დიახ, ნამდვილი სიმართლე“.

ძვირფასო ნორმა,

ნამდვილი სიმართლე - აი, რის თქმას მოითხოვდა ჩემგან, ან იქნებ მევედრებოდა. თავადაც კარგად იცის, რა არის ნამდვილი სიმართლე. მეც ვიცი, ამიტომ, წესით, სულაც არ უნდა გამჭირვებოდა მისი თქმა. საკმარისად გაბრაზებულიც ვიყავი - გაბრაზებული იმის გამო, რომ ამხელა გზის გამოვლა მომიწია იმ მოვალეობის შესასრულებლად, რომლისთვისაც არც მე, არც შენ და არც ჰელენს მადლობა არ გვეღირსება, ამქვეყნად მაინც. მაგრამ ვერ შევძელი - პირში ვერ ვუთხარი ის, რის დაწერასაც ამ წერილში მარტივად ვახერხებ: ნამდვილი სიმართლეა ის, რომ შენ კვდები, ცალი ფეხი სამარეში გიდგას. ნამდვილი სიმართლეა ის, რომ ამ სამყაროში უმწეო ხარ და რაც დრო გავა, მით უფრო უმწეო გახდები, საბოლოოდ კი იმ მდგომარეობამდე მიხვალ, როცა არაფრის გაკეთება არ შეგეძლება. ნამდვილი სიმართლეა ის, რომ შენს მდგომარეობაში შეწინააღმდეგების საშუალება არ გაქვს. ნამდვილი სიმართლეა ის, რომ „არა“-ს თქმა არ შეგიძლია. დროის მდინარებასა და სიკვდილს „არა“-ს ვერ ეტყვი. როდესაც სიკვდილი გიბრძანებს, მოდი ჩემთანო, ქედი უნდა მოიხარო და მიხვიდე. ამიტომ, მიიღე ჩემი წინადადება, დამთანხმდი და როდესაც გეტყვი, მიატოვე შენი სახლი ესპანეთში, წამოდი და იცხოვრე თავშესაფარში, სადაც ყოველ დილით მხიარული ღიმილით დამშვენებული გვადალუპელი ექთანი გაგაღვიძებს, ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქით ხელში (Quel beau jour, Madame Costello!), შუბლს ნუ შეიკრავ და გაჯიუტდები. თქვი: „დიახ“. თქვი, რომ თანახმა ხარ. თქვი: „შენს ხელში ვარ“. მოიქეცი ისე, როგორც უკეთესია. ძვირფასო ნორმა, მოვა დღე, როდესაც ჩვენც დაგვჭირდება ნამდვილი სიმართლის თქმა. მოდი, შევთანხმდეთ - დავპირდეთ ერთმანეთს, რომ რაც უნდა რთული იყოს სიმართლის თქმა, ერთმანეთს არ მოვატყუებთ და როცა დრო მოვა, ამ სიტყვებს ვეტყვით: აღარაფერი გაუმჯობესდება, პირიქით, ყველაფერი უფრო და უფრო გაუარესდება და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უარესი უკვე ვეღარ მოხდება.
სიყვარულით,

ჯონი.

ინგლისურიდან თარგმნა მირიამ გრიგალაშვილმა