; ფრანც კაფკა – Translators Club
ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
მარკ სტრენდი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ფრანც კაფკა

ფრანც კაფკა - კანონის წინაშე

კანონთან შესასვლელთან დგას გუშაგი. მასთან მიდის სოფლიდან ჩამოსული კაცი და სთხოვს კანონთან შეშვებას. მაგრამ გუშაგი პასუხობს, რომ ახლა ის კანონთან შესვლის უფლებას ვერ მისცემს. კაცი დაფიქრდება და კითხავს, იქნება თუ არა შესვლა ნებადართული შემდგომში. „ შესაძლოა ასეც მოხდეს, ეტყვის გუშაგი, - მაგრამ ახლა არ გამოვა“. რადგან კანონთან შესასვლელი კარი, ღია არის, როგორც ყოველთვის, ხოლო გუშაგი განზე არის გამდგარი, კაცი დაიხრება, რათა ოთახის შიგნით შეიჭყიტოს. როდესაც გუშაგი ამას ამჩნევს, იცინის და კაცს ეუბნება : „ თუკი ასე გიზიდავს, სცადე, ჩემი აკრძალვის მიუხედავად შეხვიდე. ოღონდ დაიხსომე, რომ მე ძლევამოსილი ვარ. და მხოლოდ ყველაზე დაბალი რანგის მცველი ვარ. ყველა დარბაზთან მცველები დგანან, ერთმანეთზე ძლიერნი. მესამეს გამოხედვას მეც კი ვერ ვუძლებ ხოლმე“. სოფლიდან ჩამოსული კაცი მსგავს სირთულეებს ნამდვილად არ მოელოდა. კანონი ხომ ყველასთვის ყოველთვის უნდა იყოს მისაწვდომი, მაგრამ როდესაც ბეწვის ქურქში გახვეულ მცველს კიდევ ერთხელ დააკვირდება, მის წვეტიან ცხვირს, თხელ, გრძელ და შავ თათრულ წვერს, გადაწყვეტს, რომ ჯობია მანამდე დაიცადოს, ვიდრე შესვლის ნებართვას არ მიიღებს. მცველი ხშირად უწყობს პატარა დაკითხვებს, ეკითხება მშობლიურ მხარესა და ბევრ სხვა რამეზე, მაგრამ ეს არაარსებითი კითხვებია, როგორების დასმაც დიდ ბატონებს სჩვევიათ ხოლმე, და ბოლოს კი კვლავდაკვლავ ეუბნება ხოლმე, რომ ჯერ ვერ შეუშვებს. მცველი მას ტაბურეტს და კარებთან დაჯდომის და დალოდების საშუალებას აძლევს. ასე ატარებს წლებს. მრავალჯერ ამაოდ ცდის, შესვლის უფლება მოიპოვოს, და მცველს თხოვნით თავს აბეზრებს.
კაცი, რომელსაც მოგზაურობისთვის ბევრი რამ აქვს მომარაგებული, ყველაფერს, თუნდა ყველაზე ძვირფასს იყენებს მცველის მოსაქრთამად. ეს უკანასკნელი ყველაფერს იღებს, მაგრამ თან ეუბნება „ ამ საჩუქრებს მხოლოდ იმიტომ გართმევ, რომ არ იფიქრო,რომ ყველა ღონე არ იხმარე და ცდა დააკელი“. მრავალი წლის განმავლობაში კაცი გუშაგს თითქმის განუწყვეტლივ აკვირდება. ის სხვა გუშაგების არსებობის შესახებ ივიწყებს და მისთვის ეს მცველია კანონამდე მიღწევაში ერთადერთი დაბრკოლება. პირველ წლებში ხმამაღლა და ანგარიშმიუცემლად, ხოლო შემდეგ, როცა დაბერდება, თავისთვის ბურდღუნებს. ის ინფანტილური ხდება, და რადგან მცველის გარეგნობის მრავალწლიანი შესწავლის შედეგად მის ქურქში დაბუდებული რწყილები შეამჩნია, უკვე მათაც კი სთხოვს, მცველთან უშუამდგომლონ. ბოლოს კი მას თვალისჩინი უსუსტდება და ვერ ხვდება, გარშემო მართლა ბნელდება თუ უბრალოდ თვალი ატყუებს. მაგრამ ახლა ის კანონის ოთახიდან გამომავალ თვალისმომჭრელ სინათლეს ამჩნევს. მისი დღეები უკვე დათვლილია. სიკვდილის წინ მის გონებაში თავს იყრის მცველთან ურთიერთობიდან გამოტანილი ყველა დასკვნა, და იკვრება ერთ კითხვად,რომელიც გუშაგისთვის ჯერ არ დაუსვამს. რადგან გახევებული სხეულის ზეაღმართვა აღარ ძალუძს, მცველს თავისთან ხელით მოიხმობს. მცველი იძულებულია, მისკენ დაიხაროს, რადგან კაცი სიმაღლეში დაპატარავდა. „ ახლა რაღა გსურს იცოდე, -ეკითხება მცველი, - შენს ცნობისმოყვარეობას ვერაფერი აკმაყოფილებს“. „ განა ყველა კანონთან მისვლას არ ესწრაფვის, ეკითხებს კაცი,- როგორ მოხდა,რომ ამდენი წლის მანძილზე სხვამ არავინ მოინდომა აქედან შესვლის ნებართვის მოპოვება?“. მცველი ხვდება, რომ კაცი მალე სულს განუტევებს და მის უკვე თითქმის დახშულ ყურთასმენას რომ მიაწვდინოს ხმა, დაუყვირებს : „ ამ გზით შესვლის უფლებას სხვა ვერც ვერავის მივცემდი, ეს შესასვლელი ხომ მხოლოდ შენთვის იყო განკუთვნილი. ახლა წავალ და კვლავ დავკეტავ. „

გერმანულიდან თარგმნა გიორგი რუსიამ