მარკ სტრენდი
December 6, 2020
მოჰამად ბაჰმანბეიგი
December 6, 2020

მაიკლ ჰოფმანი - თარგმნა და საფრთხეები, რომლებსაც გადამეტებული ფიქრი იწვევს

მხატვრული თარგმანი, ერთი მხრივ, პრაქტიკულად საჭიროა - ისევე, როგორც თარჯიმანი: უცხო ენაზე მოსაუბრის სიტყვები (მაგალითისთვის) ინგლისურად უნდა ითარგმნოს, რომ მისი სათქმელი გავიგოთ. ეს გადაუდებლად შესასრულებელი, შინაგანი, უჩინარი და, თუ საქმე კარგად მიდის, სრულიად შეუმჩნეველი საქმიანობაა, ისევე, როგორც მაგია, სპორტი, საჭმლის მომზადება ან მანქანის ტარება. მთარგმნელი თუ თარჯიმანი ერთგვარი მილსადენია. ეს შეიძლება ფეხბურთელის „ბევრის მცოდნე მარცხენა ფეხსაც“ შევადაროთ. „თვალებს ხუჭავ და ფეხს ურტყამ“, ამის შემდეგ კი ბურთი ზედა კუთხეში, ბოლო რიგში ან სადღაც ვარდება. შენც იქ ხვდები, სადაც გინდოდა. საჭმელი მაგიდაზე ჩნდება. ბაჭია ერთი ჯიბიდან მეორეში ინაცვლებს. აუდიტორიიდან შერჩეული მოხალისე კი, საბედნიეროდ, ყუთიდან მთელი გადმოდის და არა - შუაზე გახერხილი. ამავდროულად, თარგმანი გადამეტებული ფიქრის დიდ პოტენციალსაც გვთავაზობს. ამას მთარგმნელების უმეტესობა არ აკეთებს - ჩვენ არც ამის დრო გვაქვს, არც ნიჭი. როცა კაფკას ვთარგმნიდი, მეგონა, რომ ინგლისურისა და გერმანულის, ასევე ავტორის შესახებაც, საკმაოდ ბევრი სათქმელი მქონდა, მაგრამ ამ ჩემს სათქმელს ვერ გამოვეკიდებოდი, თორემ ნელ-ნელა უმოქმედობამდე მივიდოდი. ცოტა ხნით კი დავინტერესდი, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა ჩაიარა. ფიქრი მომწონს, მაგრამ როგორც მთარგმნელს, ფულს ამისთვის არ მიხდიან. მე, უბრალოდ, ორ ქვას - ინგლისურსა და გერმანულს - ერთმანეთს ვახლი - რაც შეიძლება, ცოტა ხნით. დროის უმეტესობას კი ალზე სულის შებერვას ვუთმობ და თითქმის მთელ სიამოვნებასაც აქედან ვიღებ. თარგმნა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს პრაქტიკაში, ინსტინქტია, გამბედაობა და ამ დროისათვის - უკვე გამოცდილებაც, პრე- თუ ანტირაციონალურობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი სოფისტიკაა, სიტყვებით თამაში. განვსაზღვრავ, რომ ერთი წიგნი რაც შეიძლება ახლოს უნდა დარჩეს გერმანულ ენასთან.
ვცდილობ, აუცილებლად დავტოვო მისთვის დამახასითებელი ხორხისმიერი ტონი, ან კიდევ გოთური სტილი. სხვა წიგნი როგორღაც უნდა მოვაქციო ვიწრო, უნაკლო, მოუხელთებელ ინგლისურ ენაში. მესამიდან აღმოსავლეთ სანაპიროს შტატების ხმა უნდა მოისმას. ბუნებრივად მივიჩნევ, რომ შედეგი ორიგინალისგან ყოველთვის განსხვავებული იქნება, ზუსტად ისე, როგორც ინგლისური განსხვავდება გერმანულისგან. მათი სიტყვები საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს, პუნქტუაციაც კი არ აქვთ საერთო. განსხვავებული იქნება იმიტომ, რომ ამას მე ვაკეთებ. მე, რომელსაც ერეტიკული სწრაფვით თუ დასაგმობი მანერით, მსურს, რაღაც შევცვალო - სხვადასხვა ჯერზე სხვადასხვანაირად. თარგმნა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ისეთი საქმიანობა არ არის, რომელიც განმეორებას გულისხმობს. წლიდან წლამდე და დღიდან დღემდე არაფერია ერთმანეთის მსგავსი. დილით გაკეთებული საქმეც კი განსხვავდება ნაშუადღევს გაკეთებულისაგან. მკითხველისთვის ამაზე ფიქრი შესაძლოა არც ისე სასიამოვნო იყოს, რადგან ჩვენ იმის წარმოდგენა მოგვწონს, რომ წიგნები ორიგინალს უნდა მიჰყვებოდეს, მაგრამ ეს გარდაუვალია. და დასაშვებიც. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და ახლაც იმ საქმიანობაზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ადამიანი ასრულებს. თარგმნაც ისეთივე საქმიანობაა, როგორიც წერა. როდესაც მამაჩემმა თავის რომანში „ Der Kinoerzähler“ სიტყვა „klein-Limbach“ გამოიყენა, მე ის, ცოტა ირონიულად, „დიდებულ ლიმბახად“ გადავთარგმნე. თუ გინდათ, თავნებობა დაარქვით, თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ ეს „პატარა ლიმბახს“ ნამდვილად სჯობია. იალტის კონფერენციისა თუ ტილზიტის ზავის სულისკვეთებით, გეტყვით, რომ ამბავი, პერსონაჟები და წიგნში მიმდინარე მოქმედებები ავტორისაა, სიტყვები კი მე მეკუთვნის. თუ წიგნს თავისი ხმა აქვს - როგორიცაა კიოპენის „სიკვდილი რომში“, ირმგარდ კოინის „ყველა ერის შვილი“, ერიხ მარია რემარკის „აღთქმული მიწა“, გოტფრიდ ბენის ლექსები - მაშინ მეც და ავტორიც გავიყოფთ ამ წიგნს და შევაერთებთ, საერთოს გავხდით ამ ხმას. ალბათ სწორედ ესაა, რაც თავმდაბალ მაქსიმალისტად მაქცევს.

ინგლისურიდან თარგმნეს ელისაბედ ფირცხალავამ და ქეთი გელაშვილმა