ფრანც კაფკა - კანონის წინ
კანონის წინ დგას დარაჯი. მასთან მიდის კაცი სოფლიდან და კანონში შეშვებას სთხოვს, დარაჯი კი ეტყვის, რომ ახლა შესვლის უფლებას ვერ დართავს. კაცი დაფიქრდება და ჰკითხავს, სხვა დროს მაინც თუ შემიშვებთო. „შეისაძლებელია“, ეტყვის დარაჯი, „მაგრამ ახლა არა“. კანონის კარი, როგორც ყოველთვის, ღიაა და როცა დარაჯი გვერდით გაიწევა, კაცი გადაიხრება და შიგნით შეხედვას შეეცდება, დარაჯი ამას შენიშნავს, გაეცინება და იტყვის: „ასე თუ გიზიდავს, სცადე და ჩემი აკრძალვის მიუცედავად შედი. მაგრამ დაიმახსოვრე: ძლევამოსილი ვარ. თუმცა ყველაზე დაბალი რანგის დარაჯი ვარ. ყოველ დარბაზში დგას დარაჯი, ერთმანეთზე უფრო ძლევამოსილი. მესამე დარაჯის მზერას მეც ვერ ვუძლებ“. კაცი სოფლიდან, ასეთ სირთულეებს არ ელოდა; კანონი ხომ ყველასთვის და ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ფიქრობს ის, მაგრამ ახლა, როცა ქურქში შემოსილ დარაჯს აკვირდება, მის დიდ, წვეტიან ცხვირსა და გრძელ, თხელ, შავ თათრულ წვერს, გადაწყვეტს, რომ აჯობებს დაელოდოს, სანამ მისგან შესვლის უფლებას მიიღებდეს. დარაჯი მას პატარა სკამს მიცემს და კართან დასვამს. ასე ზის დღეები და წლები. ცდას არ აკლებს, რომ შეუშვან, ხვეწნით დარაჯს გულს უწვრილებს. დარაჯი მას მცირე დაკითხვებს უწყობს, ეკითხება წარმომავლობასა და სხვა ბევრი რამის შესახებ, თუმცა ეს კითვები ისეთი უმნიშვნელოა, როგორსაც დიდი კაცები სვამენ ხოლმე, საბოლოოდ კი ყოველთვის მაინც უარს ეუბნება. კაცი, რომელიც სამგზავროდ მრავალგვარი ნივთით აღიჭურვილიყო, ყველაფერს, ნებისმიერი ღირებულების ნივთს იყენებს, დარაჯის მოსასყიდად. დარაჯი კი ყველაფერს ართმევს, მაგრამ თან ეუბნება: „ამას მხოლოდ იმისთვის ვიღებ, რომ არ იფიქრო, ცდა დავაკელიო.“ მრავალი წლის განმავლობაში აკვირდება კაცი დარაჯს, თითქმის განუწყვეტლივ. სხვა მცველებს ივიწყებს და მხოლოს ეს ერთი ეჩვენება ერთადერთ წინაღობად, კანონში შესაღწევად.
პირველ წლებში ამ უიღბლო დამთხვევას წყევლის, ხმამაღლა და ანგარიშმიუცემლად, როცა მოხუცდება მხოლოდ თავისთვის ბუზღუნებს. ბავშვური ხდება. დარაჯს იმდენად კარგად შეისწავლის, რომ მის ქურქზე რწყილებსაც ამჩნევს და შემდეგ რწყილებსაც სთხოვს, დაეხმაროს დარაჯის გადმობირებაში. საბოლოოდ, კაცს თვალის ჩინი უსუსტდება და აღარ იცის, მართლა დაბნელდა, თუ თვალები ატყუებენ. თუმცა სიბნელეშიც ამჩნევს ნათებას, რომელიც უწყვეტად აღწევს კანონის კარიდან. ახლა მას დიდი დრო აღარ დარჩენია. სიკვდილამდე მთელი ამ დროის გამოცდილებას თავს უყრის ერთ კითხვაში, რომელიც დარაჯისთვის ჯერ აქამდე არ დაუსვამს. თვალით ანიშნებს, რადგან თავის გაშეშებულ სხეულს ვეღარ იმორჩილებს. დარაჯი იძულებულია მისკენ დაიხაროს, რადგან წლებმა მხოლოდ კაცი შეცვალა, დააჩიავა. „ახლა კიდევ რაღა გინდა იცოდე?“ ეკითხება დარაჯი, „გაუმაძღარი ხარ“. „ხომ ყველა ისწრაფვის კანონისკენ“ თქვა კაცმა, „ასე როგორ მოხდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ჩემ გარდა შესვლა არავინ მოითხოვა?“ დარაჯი ხვდება, რომ კაცი სიკვდილის პირასაა, და, მის თითქმის დაკარგულ სმენას ხმა რომ მიაწვდინოს, უღრიალებს: „აქ სხვა ვერავინ შევიდოდა, ვინაიდან ეს შესასვლელი მხოლოდ შენთვის იყო განკუთვნილი. წავალ ახლა და დავკეტავ.“
„გამოდის დარაჯმა კაცი მოატყუა“, თქვა კ.-მ, ამ ამბით გატაცებულმა. „ნუ იჩქარებ“ უთხრა მღვდელმა, „სხვის აზრს გადაუმოწმებლად ნუ მიიღებ. მე ეს ამბავი ზუსტად ისე მოგიყევი, როგორც ტექსტში ეწერა. იქ კი ტყუილი ნახსენებიც არ არის.“ „მაგრამ ეს ხომ ისედაც ცხადია“, თქვა კ-მ, „და თავიდაპირელად სწორად გადმოეცი, დარაჯმა სიმართლე მხოლოდ მაშინ გაუმხილა, როცა ეს კაცს უკვე ვეღარ უშველიდა.“ „მანამდე არ უკითხავთ“, თქვა მღვდელმა, „იმაზეც დაფიქრდი, რომ ის მხოლოდ დარაჯი იყო და თავისი მოვალეობა შეასრულა.“ „რატომ გგონია, რომ მოვალეობა შეასრულა?“ იკითხა კ-მ, „არ შეუსრულებია. მისი მოვალეობა, იქნებოდა თუნდაც, რომ სხვა ყველასთვის უარი ეთქვა, შესასვლელი კი ამ კაცისთვის იყო განკუთვნილი და ამიტომაც ის უნდა შეეშვა.“ „შენ ტექსტს კარგად არ უკვირდები და ამბავს ცვლი“, თქვა მღვდელმა. „ამბავში კი კანონში შესვლის შესახებ დარაჯი კაცს ორ მთავარ მითითებას აძლევს. ერთს დასაწყისში, ერთს კი ბოლოში. ერთგან ამბობს: რომ შესვლის უფლებას ვერ დართავს, მეორეგან კი, რომ ეს შესასვლელი მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი. ამ ორს შორის წინააღმდეგობრიობა რომ ყოფილიყო, მაშინ მართალი იქნებოდი, რომ დარაჯმა კაცი მოატყუა. თუმცა წინააღმდეგობიობა არ არის. პირიქით, მეორე პირველისგან გამომდინარეობს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ დარაჯმა თავის მოვალეობას გადააჭარბა, როცა კაცს მომავალში შესვლის შესაძლებლობაზე მიანიშნა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მოვალეობა მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო, რომ კაცი არ შეეშვა და მართლაც, ამ ტექსტის მრავალ განმმარტებელს უკვირს, რომ დარაჯმა ვარაუდი გამოთქვა, რადგან როგორ ჩანს მას სიზუსტე უყვარს და თავის თანამდებობას ზედმიწევნით და დიდი ყურადღებით ასრულებს. მრავალი წლის განმავლობაში არ ტოვებს თავის პოსტს, და მხოლოდ ბოლოს კეტავს კარს, ის აცნობიერებს თავისი მოვალეობის მნიშვნელობას, რადგან ამბობს: „ძლევამოსილი ვარ“, თუმცა ზემდგომების რიდი აქვს, რადგან ამბობს „თუმცა ყველაზე დაბალი რანგის დარაჯი“, არც ყბედია, რადგან მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ „უმნიშვნელო კითხვებს“ სვამს, არ არის მექრთამე, რადგან საჩუქრებზე ამბობს: „ამას მხოლოდ იმიტომ ვიღებ, რომ არ იფიქრო ცდა დავაკელიო“. როცა საქმე მოვალეობის შესრულებას ეხება, ვერც გულს მოულბობ, ვერც წყობიდან გამოიყვან, რადგან კაცი, ტექსტის თანახმად „ხვეწნით დარაჯს გულს უწვრილებს“, დაბოლოს მისი გარეგნობაც მის პედანტურ ხასიათზე მიუთითებს, დიდი წვეტიანი ცხვირი და გრძელი, წვრილი, შავი თათრული წვერი. როგორ შეიძლება დარაჯი ამაზე უფრო ერთგული იყოს თავისი მოვალეობის? თუმცა დარაჯს სხვა თვისებებიც აქვს, რომლებიც კანონში შესვლის მსურველებისთვის ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც ცხადყოფს, თუ რატომ გადააჭარბა მან თავის მოვალეობას და კაცს შესვლის შესაძლებლობაზე მიუთითა.
გერმანულიდან თარგმნა მარიამ შუბლაძემ
გერმანულიდან თარგმნა მარიამ შუბლაძემ