; სხვა ენის სიყვარული – Translators Club
ვიქტორ ფრანკლი
December 5, 2020
მარკ სტრენდი
December 5, 2020
ყველას ჩვენება

სხვა ენის სიყვარული

იულია კრისტევა - სხვა ენის სიყვარული

უმალვე და სრულად, უცხოელი არაუცხოელისგან იმით განსხვავდება, რომ სხვა ენაზე ლაპარაკობს. თუკი უფრო ახლოდან შევხედავთ, ვითარება ნაკლებად ბანალური მოგვეჩვენება. საქმე ეხება იმგვარ ბედისწერას [ხვედრს], რომელიც ტრაგედიაცაა და არჩევანიც, ერთდროულად. ტრაგედია იმიტომ, რომ ადამიანი, როგორც მეტყველი არსება, თავისიანთა ენაზე ბუნებრივად ალაპარაკდება: მშობლიურ ენაზე, თავისი ჯგუფის ენაზე, ეროვნულ ენაზე. ენის შეცვლა იგივეა, რაც ამ ბუნებრიობის დაკარგვა, მისი ღალატი, ან, სულ მცირე, თარგმნა მაინც. უცხოელი, არსობრივად, მთარგმნელია. შეიძლება სრულყოფილად აითვისო მეორე ენა ისე, რომ მშობლიური არ დაივიწყო, ან მხოლოდ ნაწილობრივ დაივიწყო. თუმცა ყველაზე ხშირად მას უცხოელად სწორედ იმიტომ აღიქვამენ, რომ მისი თარგმანი, რამდენად სრულყოფილიც უნდა იყოს, ღალატობს [მშობლიურ] მელოდიასა თუ მენტალობას, რომელიც საერთოდ არ ემთხვევა ახალი ენისას, ახალი იდენტობისას. ეს საინტერესო, სახალისო და მომნუსხველი დამღა [ნიშანი] ადგილობრივების გაღიზიანებას იწვევს: „ეს სადაური ენაა, - ამბობენ ისინი, - ვიღაც უცნაური თარჯიმანი გველაპარაკება, ჩვენებურს არ მიუგავს პირი, ჩვენიანი არ არის, რა უნდა, ვის დაკარგვია...“ ასეთი სჯა-ბაასი, საბედნიეროდ, უმეტესად უკმაყოფილების გამოთქმით მთავრდება ხოლმე. მაგრამ ყველაზე ტოლერანტული დამოკიდებულების დროსაც კი არსებობს ეს მომენტი, ხოლო კრიზისის შემთხვევაში ყველაზე უარესიც შეიძლება მოხდეს, რასაც ადამიანისაგან ელოდები - უცხოელის დევნა და მკვლელობა.
მიუხედავად იმისა, რომ მთარგმნელი შინაგანად ეწამება, ამავე დროს სასოწარკვეთილი ტკბება მუდმივად ზღვარზე ყოფნით, რადგან კარგად იცის, რომ საკუთარი თავის საეჭვოდ ქცევამ გადაარჩინა კიდეც. მართალია, მშობლიური ენა მიატოვა, მაგრამ საჭიროებამ თუ პირადმა გადაწყვეტილებამ სხვათა ენის სიღრმეში შეიყვანა. ახალი ენა, როგორც გამჭვირვალე და ამავე დროს მძლავრი სიყვარულის ობიექტი, მისთვის ახალი დაბადების წინაპირობაა: ახალი ენით იწყება ახალი იდენტობა, ახალი იმედი. მთარგმნელს სურს, ბოლომდე ჩაიკარგოს მასში, მაგრამ მეტ-ნაკლებად გაუცნობიერებლად, მშობლიურ იდიომათა არქაული რიტმები და უმთავრესი იმპულსებიც თავს ახსენებს. ამიერიდან, გაორებული შეგნებით, მას აღარ შეეძლება კრიტიკული ცნობიერების გარეშე ცხოვრება. ამ ნაპრალიდან ძველსა თუ ახალს, მშობლიურ მიწასა თუ ახალ გარემოს ის ერთდროულად მიმზიდველად და პრობლემატურად დაინახავს: დამქანცველ გამოძიებას ვერ შეეშვება, მშფოთვარება ვერასდროს გაუნელდება. არსებობს კი უკეთესი არჩევანი, ვიდრე მთარგმნელის მთვარეულისებური სიფხიზლეა?

ინგლისურიდან თარგმნა ვალერი ოთხოზორიამ