ჯონ მაქსველ კუტზეე - ტყუილები

ძვირფასო ნორმა,
სან-ხუანის ერთადერთი სასტუმროდან გწერ. შუადღით დედა ვინახულე - აქედან ნახევარი საათია მიხვეულ-მოხვეული გზით. როგორც ვშიშობდი, არ არის კარგად, უფრო მეტიც, საშინელ მდგომარეობაშია. თავისი ჯოხის გარეშე ვერსად გაუვლია, თუ დადის კიდევ, ძლივძლივობით მიჩანჩალებს. რაც საავადმყოფოდან დაბრუნდა, იმის მერე კიბეზე ვეღარ ადის. მისაღებში სძინავს დივანზე. ლოგინის გადმოტანა უნდოდა ქვედა სართულზე, მაგრამ კაცებმა - ჩაშენებულია, დაუშლელად ძვრას ვერ ვუზამთო. (პენელოპესაც ამგვარი საწოლი არ ჰქონდა - ჰომეროსის პენელოპეს?!)
მისი წიგნები და ქაღალდები მაღლაა - დაბლა არ არი მაგათი ადგილი. აფორიაქებულია, ამბობს, ჩემს მაგიდასთან მინდა დაბრუნებაო, მაგრამ არ შეუძლია. ერთი კაცია - პაბლო, ბაღის საქმეებში ეხმარება. ვკითხე, მაღაზიაში ვინ დადის-მეთქი. იძახის, ყველზე და პურზე ვარო, ბაღშიც გამოინახება რამე - მეტი არც მინდაო. ვუთხარი, სოფლის ქალებიდან ვინმეს ვერ მოიყვან, საჭმელი რომ გაგიკეთოს და ცოტა ხელი შეავლოს აქაურობას-მეთქი? გაგონებაც არ უნდა - სოფლის ხალხთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვსო, იძახის. პაბლოზე რას მეტყვი - პაბლო სოფლის ნაწილი არ არის-მეთქი? პაბლო ჩემი საქმეაო, მითხრა. სოფელს არ ეკუთვნისო. როგორც დავასკვენი, სამზარეულოში სძინავს პაბლოს. მთლად რიგზე ვერ უნდა იყოს, მსუბუქად რომ ვთქვა. წმინდა წყლის იდიოტია, ხეპრე. მთავარ საკითხზე კრინტი არ დამიძრავს - ენა მექავებოდა, მაგრამ ვერ გავბედე. ხვალ რომ ვნახავ, უეჭველად ვეტყვი. იმედიანად ვარ-მეთქი, ვერ გეტყვი. ცივად შემხვდა. მგონი, ხვდება, რატომაც ჩამოვედი.
ტკბილი ძილი. ბავშვები ჩამიკოცნე.
ჯონი

„დედა, როდის დავილაპარაკოთ შენი ცხოვრების წესზე? შენს მომავალზე?“
დედამისი ძველ, მყარ სავარძელში იჯდა, უდავოდ იმ ურყევი საწოლის დურგლის ნახელავში, და დუმდა.
„ხომ იცი, რომ მე და ჰელენი ვდარდობთ შენზე. ერთხელ რომ დაეცი, კინაღამ გასასვენებელი გახდი. წამის ამბავია, მეორეჯერ მოგივიდეს მსგავსი რამ. ასაკი გემატება და მარტო ცხოვრება ამ ციცაბოკიბეებიან სახლში, სოფელში, სადაც მეზობლებთან მწყრალად ხარ - სიმართლე გითხრა, ასე დიდი ხანი ვეღარ გასტან“.
„მარტო არ ვარ, - უპასუხა დედამისმა. - პაბლოა ჩემთან. მას ვენდობი“.
„ჰო, ვიცი, რომ პაბლო შენთან ცხოვრობს. მაგრამ მისი იმედი მართლა გაქვს გასაჭირში? ბოლო შემთხვევისას სად იყო პაბლო? ვაი და ვერ დაგერეკა საავადმყოფოში, ახლა სად იქნებოდი?“
თქმა და მიხვედრა ერთი იყო, რომ დიდი შეცდომა დაუშვა.
„სად ვიქნებოდი? - უთხრა დედამ. - პასუხი მშვენივრად იცი, რაღას მეკითხები? მიწაში, ჭიებისგან შეჭმული, ალბათ ესე იქნებოდა. ამის თქმას ელოდი ჰო ჩემგან?“
“დედა, გონს მოდი. ჰელენმა თავისთან ახლოს ორი ადგილი იპოვა. იქ მოგხედავენ და დარწმუნებულები ვართ, რომ თავს ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მადროვებ, რომ მოგიყვე?“
„ორი ადგილი. ადგილში რას გულისხმობ, მოხუცთა თავშესაფრებს? სადაც თავს ისე ვიგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, არა?“ „დედა, დაარქვი, რაც გინდა, მასხრად აგვიგდე ჰელენიც და მეც, მაგრამ რაც არის, იმას ვერ შეცვლი - ცხოვრებაა ასეთი, ვერაფერს იზამ. ერთი საბედისწერო მარცხი უკვე მოგივიდა, შედეგად კი დღემდე როგორ წვალობ, ყველანი ვხედავთ. გამოჯანმრთელების იმედი გადაწურულია, პირიქით, უარესს უნდა ველოდოთ. გიფიქრია, რა დღეში იქნები ამ დაწყევლილ სოფელში ლოგინად ჩავარდნილი მხოლოდ პაბლოს იმედად? გიფიქრია, რა მძიმე იქნება ეს ჩემთვისა და ჰელენისთვის? შენ აქ რომ იქნები უპატრონოდ, ბედის ანაბარა. ხომ იცი, ათასობით კილომეტრს ვერ ვიფრენთ ყოველ კვირას, ხომ იცი ეს?“
„მსგავს რამეს არც ველი თქვენგან“.
„ვიცი, არ ელი, მაგრამ მოგვიწევს ამის გაკეთება. თუკი ვინმე გიყვარს, ასეთი ნაბიჯების გადადგმა გიწევს ადამიანს. გთხოვ, თუკი შენთვის ჯერ კიდევ რამეს ვნიშნავ, მშვიდად მომისმინე და აგიხსნი, რა გამოსავალს გთავაზობ. ხვალ, ზეგ ან მაზეგ მე და შენ დავტოვებთ ამ ადგილს და ნიცაში გავემგზავრებით ჰელენთან. სანამ წავალთ, დაგეხმარები ყველაფრის ჩალაგებაში, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, რასაც ვერ დათმობ. ყველაფერს ყუთებში ჩავაწყობთ და როცა უკვე გადახვალ, მოგიტანენ. ნიციდან მე და ჰელენი იმ ორი სახლის სანახავად წაგიყვანთ. ერთი ანტიბშია, მეორე - გრასთან. დაათვალიერე, ნახე, თავს როგორ იგრძნობ. არ დაგაძალებთ, არანაირად. თუკი არცერთი არ მოგეწონა, ეგრე იყოს, ჰელენთან დარჩები, სანამ სხვა რამეს ვიპოვით, დრო საკმარისად გვაქვს. უბრალოდ, გვინდა, ბედნიერი იყო, ბედნიერი და დაცული - სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს. თუკი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, გვინდა, თავს მშვიდად ვგრძნობდეთ. გვინდა, ვიცოდეთ, რომ ვიღაც დახმარების ხელს გამოგიწვდის და შენზე იზრუნებს. ვიცი, ეს თავშესაფრები გულზე არ გეხატება, დედა. მეც იგივე დამოკიდებულება მაქვს. ჰელენსაც. მაგრამ ცხოვრებაში დგება დრო, როცა დათმობაზე უნდა წავიდეთ, უნდა დავთმოთ ჩვენი სურვილები და ავირჩიოთ ის, რაც კარგია ჩვენთვის. მოვა დრო და დამოუკიდებლობის გაცვლა მოგვიწევს უსაფრთხოებაზე. ვიცი, არ მეთანხმები, მაგრამ ეს მწარე რეალობაა. შეიძლება ავად გახდე და ვერავინ გაიგოს. შესაძლოა კვლავ წაიქცე, ძირს უგონო მდგომარეობაში ან ხელფეხმოტეხილი ეგდო. შეიძლება მოკვდე“.
დედამისი, ხელის აქნევით, არაფრად აგდებს ამ შესაძლებლობას.
„ჩემი და ელენის შერჩეული თავშესაფრები შენდროინდელი პანსიონატები როდია. რომ იცოდე, რა მშვენიერი დიზაინი, რა კარგი მომსახურება და როგორი ხელმძღვანელობაა იქ. ძვირია, რადგან ძალ-ღონეს არ იშურებენ და მომხმარებელთა ინტერესებს ითვალისწინებენ. ფულს თუ იხდი, სანაცვლოდ მაღალი ხარისხის ზრუნვასაც იღებ. თუკი ხარჯები იქნება დაბრკოლება, მე და ჰელენი დიდი სიხარულით შევიტანთ ჩვენს წვლილს. შენი პატარა ოთახი გექნება. გრასში - პატარა ბაღიც კი. შეგიძლია რესტორანში დაჯდე ან პირდაპირ ოთახში მოგართმევენ საჭმელს. ორივე ადგილს აქვს სავარჯიშო დარბაზი და საცურაო აუზი. მედპერსონალი და ფიზიოთერაპევტები ოცდაოთხი საათი თქვენს სამსახურში იქნებიან. სულ მთლად სამოთხე ვერაა, მაგრამ შენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის მართლაც რომ საუკეთესო ვარიანტია სამოთხის შემდეგ“.
„ჩემ მდგომარეობაში? - ამბობს დედამისი. - აბა, გისმენ, მაინტერესებს, რა არის ჩემი მდგომარეობა?“
ბრაზმორეული ჯონი ხელებს ასავსავებს.
„ითხოვ, რომ გითხრა, არა? ნამდვილად გინდა, რომ ყველაფერი მოგახალო?“
„ჰო, ჰო, მრავალფეროვნებისთვის, მიდი, სიმართლე მითხარი“.
„სიმართლე ის არის, რომ ბებერი ქალი ხარ, რომელიც მოვლას საჭიროებს. ჰო, მოვლას, რომელსაც პაბლო და პაბლოსნაირი კაცები ვერ შეძლებენ“.
დედამისი თავს აქნევს.
„სიცრუეა. სხვა სიმართლე მითხარი, ჭეშმარიტი სიმართლე“.
„ჭეშმარიტი სიმართლე?“
„ჰო, ჰო, ნამდვილი, ჭეშმარიტი სიმართლე“.
ძვირფასო ნორმა,
„ჭეშმარიტი სიმართლე“ - აი, რას მთხოვდა ან შესაძლოა მევედრებოდა.
მასაც კარგად მოეხსენება ჭეშმარიტი სიმართლე. ამიტომ არ უნდა გამრთულებოდა ამ სიტყვების წარმოთქმა. თან საკმარისად მქონდა ბრაზი მოკიდებული - ამხელა მანძილის გავლა რომ მომიწია იმ დავალების შესასრულებლად, რომლისთვისაც შენ, ჰელენს ან მე მადლობას არავინ გადაგვიხდიდა, არა ამ სამყაროში.
მაგრამ ვერ შევძელი. სახეში ვერ მივახალე ყოველივე, რასაც ასე მარტივად გწერ ახლა: კვდები და ესაა ჭეშმარიტება. ცალი ფეხი სამარეში გაქვს - აი, შენი ნამდვილი სიმართლე. უკვე უმწეო ხარ ამ სამყაროში - აი, ჭეშმარიტება სადაა. ხვალ კიდევ უფრო უმწეო გახდები, ასე გაგრძელდება, დღე დღეს მიჰყვება და დადგება ის დღეც, როცა საშველი აღარ იქნება. ნამდვილი სიმართლე ის არის, რომ შენ უკვე ვერაფერს წყვეტ. ნამდვილი სიმართლე ის არის, რომ შენ არ შეგიძლია თქვა „არა“. ვერაფერს გახდები მსახვრელ დროსთან. ვერსად გაექცევი სიკვდილის აჩრდილს. მის ჩრდილში მოქცეულს, ისღა დაგრჩება, მის ნებას დაჰყვე. ამიტომ დათანხმდი. ისწავლე კის თქმა. როდესაც გეუბნები, წარსულს ჩააბარე ესპანეთში შენთვის მოწყობილი სახლი, მიატოვე ნაცნობი ნივთები, მოდი და აქ იცხოვრე - დიახ- თავშესაფარში, სადაც დილით გვადალუპელი მედდა გაგაღვიძებს ფორთოხლის წვენით ხელში და მხნე სალამით (Quel beau jour, Madame Costello!), ნუ მოიღრუბლები, ჯორზე ნუ შეჯდები. თქვი: კი. თქვი: თანახმა ვარ. თქვი: თქვენს ხელში ვარ. ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებ.
ძვირფასო ნორმა, ჩვენც დაგვიდგება დღე, როდესაც ვიღაცამ სიმართლე უნდა გვითხრას, ჭეშმარიტი სიმართლე. არ გინდა, რომ შევთანხმდეთ? შევპირდეთ ერთმანეთს, რომ არ მოვიტყუებით, რაც არ უნდა მოხდეს. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მაინც აღმოვთქვამთ ამ სიტყვებს: უკეთესობისკენ აღარაფერი შეიცვლება, პირიქით, სულ უფრო უარესი იქნება. ასე გაგრძელდება - რაც არის, უფრო და უფრო გაუარესდება, სანამ უარესი უკვე ვეღარაფერი იქნება, სანამ უარესის წარმოდგენა შეუძლებელი არ გახდება.
შენი მოსიყვარულე მეუღლე,
ჯონი
ინგლისურიდან თარგმნა ნანა წოწონავამ