მცველი - განმარტება

„გამოდის, რომ მცველმა კაცი მოატყუა, - თქვა ამ ამბით მოჯადოვებულმა კაცმა მაშინვე. „ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან, - უთხრა სასულიერო პირმა, „ ნუ ირწმუნებ სხვის მოსაზრებებს შეუმოწმებლად. ამბავი ჩემგან სიტყვასიტყვით მოისმინე. მოტყუებაზე იქ არაფერია ნახსენები. „ მაგრამ ეს ხომ ცხადია, - თქვა კ-მ, და შენი თავდაპირველი აღქმა მართებული იყო. მცველმა გადამრჩენელი განმარტება მხოლოდ მაშინ გააკეთა, როდესაც კაცს უკვე ვეღარაფერი უშველიდა.“ „ - მაგრამ მანამდე მისთვის არც უკითხავთ, უთხრა სასულიერო პირმა, „ ისიც გაითვალისწინე, რომ ის მხოლოდ მცველი იყო და როგორ მცველმა, თავისი მოვალეობა შეასრულა. „ რატომ გგონია, რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულა?- კითხა კ-მ, - მას ის არ შეუსრულებია. შეიძლება მისი მოვალეობა ყველა სხვა მსურველის არშეშვება იყო, მაგრამ ეს კაცი მისთვის განკუთვნილ შესასვლელში უნდა შეეშვა. „ შენ სათანადოდ არ ითვალისწინებ ტექსტს და ამბავს არსს უცვლი. ამბავი კანონში შესვლის შესახებ მცველის მიერ მიცემულ ორ განმარტებას შეიცავს, ერთს დასაწყისში, მეორეს კი ბოლოში. პირველი მონაკვეთი ამგვარია : „ რომ ახლა შესვლის უფლებას ვერ მისცემდა“ და მეორე კი „ ეს შესასვლელი მხოლოდ შენთვის იყო განკუთვნილი.“ ამ ორ განმარტებას შორის წინააღმდეგობა რომ არსებობდეს, მაშინ შენ მართალი იქნებოდი და ეს მოტყუება იქნებოდა. მაგრამ წინააღმდეგობა არ არსებობს, პირიქით, პირველი განმარტება მეორეზე მიანიშნებს კიდეც. თითქმის ისე გამოდის, რომ მცველმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა კიდეც, როდესაც კაცს სამომავლოდ შეშვებას დაპირდა. იმ დროისთვის მის მოვალეობას მხოლოდ კაცის არშეშვება წარმოადგენდა.
მრავალი წლის განმავლობაში მას პოსტი არ მიუტოვებია და კარი მხოლოდ სულ ბოლოს ჩაკეტა, მას თავისი სამსახურის მნიშვნელობა კარგად ესმის, რადგან ამბობს „ მე ძლევამოსილი ვარ“, ზემდგომების მიმართ მოწიწება გააჩნია, რადგან ამბობს „ მე ყველაზე დაბალი რანგის მცველი ვარ“ , ხოლო როცა საქმე მოვალეობის ერთგულებას ეხება, ვერც გულს მოულბობ, ვერ წყობიდან გამოიყვან, რადგან წერია „ მცველს თავი მოაბეზრა თხოვნებით“ , არაა ყბედი, მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ არაარსებით კითხვებს სვამდა, არ არის მექრთამე, რადგან საჩუქარზე ამბობს „ ამას მხოლოდ იმიტომ ვიღებ, რომ არ გეგონოს, ცდა დააკელი“, მისი გარეგნობაც პედანტურ ხასიათს უსვამს ხაზს, დიდი წვეტიანი ცხვირი და გრძელი თხელი შავი თათრული წვერი. შეიძლება არსებობდეს მოვალეობის უფრო მეტად ერთგული მცველი? მაგრამ მცველს ხასიათის სხვა ნიშნებიც გააჩნია, რომლებიც შეშვების მსურველისთვის ხელსაყრელია, და ისინი გასაგებს ხდიან, რომ სამომავლოდ შეშვების დაპირებაში მოვალეობას ოდნავ გადაამეტა, რისი საშუალებაც ჰქონდა.
გერმანულიდან თარგმნა გიორგი რუსიამ
გერმანულიდან თარგმნა გიორგი რუსიამ