მოჰამად ბაჰმან ბეიგი - ალი

საფდარის ოჯახის ცხოვრება უცნაურ ღელვასა და შფოთში მიედინებოდა. ოჯახის წევრებიდან ყველაზე მეტად ზოლეიხა, საფდარის ცოლი იყო შეშფოთებული. ბავშვს ელოდა. მივარდნილი მთის ფერდობზე, ხშირი ტყის პირას, მანქანებისა და სამანქანო გზებისგან შორს, წამლისა და ექიმისგან შორს ბავშვს ელოდა. ორსულობის მეცხრე თვეში იყო. დაუძლურებული და დამძიმებული ძლივს სუნთქავდა. გული სწრაფად უცემდა. მუცელი ძალიან დასტყობოდა. ძლივს ხედავდა და ძლივს ესმოდა.
ყველა შეშინებულიყო და დამფრთხალიყო. ზოლეიხა ყველაზე მეტად!
ზოლეიხას მშობიარობის ტკივილების არ ეშინოდა. ჯინებისა და სულების არ ეშინოდა. ჯინი ალის, რომელიც მშობიარე ქალის შიგანით იკვებებოდა, არ ეშინოდა. სიკვდილის ულმობელი კლანჭებისა და სისხლიანი ხელის არ ეშინოდა. უფრო დიდი შიში ტანჯავდა. ყველა შიშზე უფრო შემზარავი და შემაძრწუნებელი!
ეშინოდა, ბიჭის ნაცვლად, ისევ გოგო არ გასჩენოდა და ქმართან და ახლობლებთან ისევ თავი არ მოსჭროდა და არ შერცხვენილიყო. ქორწინებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, ზედიზედ გაჩენილი შვიდი ქალიშვილის მერე, მერვე შვილის ჯერი დამდგარიყო.
პირველ ქალიშვილს ყვავილნარა ერქვა. მან თავად მხოლოდ ეს სახელი შეარჩია. სხვა ქალიშვილთა სახელები ნაძალადევი იყო და ყველა იმ იმედით შერჩეულიყო, რომ გოგოს დაბადებას ხელს შეუშლიდა: ქალიკმარა, ყვავილკმარა, მთვარეკმარა, აბრეშუმკმარა, კმარისი და საკმარისი.
საფდარისა და ზოლეიხას ოჯახი მამასანის დიდი ტომის მთის ბინადარ პატარა გვარს ეკუთვნოდა. ტომი ბიჭს ითხოვდა. მხოლოდ ბიჭს შეეძლო, ოჯახის კერა გაეხალისებინა. გოგოების მამების კერას ჩამქრალ-ჩანავლულად მიიჩნევდნენ და გოგოს დედების სავალალო მდგომარეობას დარდობდნენ და ნაღვლობდნენ.
ტომი, მიუხედავად უამრავი მამაცი დედისა, ქალს უფასურად თვლიდა. მიუხედავად მრავალი ღირსეული ქალისა, ისეთი ქალებისა, რომლებიც, თავიანთი კაცების მარცხისას, ნაწნავებს ერთმანეთზე გადაიბამდნენ და, ტყვედ ჩავარდნის შიშით, მაღალი კოშკებიდან ხტებოდნენ, ქალიშვილს, დას, ცოლს, დედას არაფრად აგდებდა. ქალიშვილს მემკვიდრეობას არ უტოვებდა. მეჰრიესა და მზითევს არ აძლევდა. კაცების სუფრასთან არ უშვებდა. ახლად გახსნილ სკოლებში არ აგზავნიდა. დას ძმის სწორად არ თვლიდა. ქალიშვილის საფასურად შირბაჰას იღებდა. მას თითქოს ყიდდა და ზოგჯერ ისე ძვირადაც ყიდდა, რომ ქალიშვილსა და მის მეუღლეს მშრალზე ტოვებდა.
ლურის ენაზე მოსაუბრე მთის ბინადარი ეს პატარა გვარი ქალიშვილის მიმართ სიტყვა „შვილის“ გამოყენებას თავს არიდებდა. ოჯახში შვილები მხოლოდ ბიჭები იყვნენ. სტუმრებსა და გამვლელებს საფდარისთვის რამდენჯერაც უკითხავთ, რამდენი შვილი გყავსო, შერცხვენილი და თავჩაქინდრული პასუხობდა: „შვილები არა, რამდენიმე მხევალი მყავს.“
ზოლეიხას ხშირად ესმოდა ქმრისაგან ეს მწარე ფრაზა და ტკივილისგან გული ეწურებოდა.
ზოლეიხა, ამდენი დარდისა და გამთანგავი სევდის მიუხედავად, ისევ ლამაზი ქალი იყო. ოცდაათი წლისთვის ჯერაც არ გადაებიჯებინა. ნაწნავების სიხშირე ისევ უმტვრევდა სავარცხელს. მისი დიდრონი, წარმტაცი თვალები ქმარს ერთგულებასა და სიყვარულს ისევ უნარჩუნებდა. მის კანქვეშ, რომელიც თოვლივით თეთრი იყო, მუხის ალზე უფრო წითელი სისხლი ჩქეფდა. ღაწვებზე თოვლისა და სისხლისფერი დასდებოდა. ზოლეიხა ტომის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი იყო.
ქმრად საუკეთესო კაცი ჰყავდა. ჯანიანი მკლავებითა და ბასრი ნაჯახით ტყის განაპირას ზორბა ხეები მოეჭრა და პატარა სახნავ-სათესი გაემართა. რამდენიმე მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი ჰყავდა და ზოლეიხასა და ქალიშვილების დახმარებით მოსავალს მოიწევდა და ცხოვრების ჩარხს ატრიალებდა.
ზოლეიხას ქალიშვილები მასავით ლამაზები იყვნენ. დიდი შირბაჰა ერგებოდათ. ნათელი მომავალი ელოდათ. თუმცა ეს კმაყოფილება ზღვაში წვეთი იყო იმ დიდ სადარდებელთან. ზოლეიხა უძეობაზე დარდსა და წუხილს შეეპყრო. შერცხვენილი და თავჩაქინდრული იყო. სხვა დედებისთვის თითით საჩვენებელი გამხდარიყო. შეუღლებიდან მეთოთხმეტე წელი გადიოდა და შვიდი დიდ-პატარა გოგოს გამზრდელს ერთი ბიჭიც კი არ ჰყავდა. ხე იყო უნაყოფო, ნაკადული დამშრალი და უწყლო. ნაღველი მისი გაუსაძლისი, დღე - უმზეო და ღამე მისი უმთვარო და უვარსკვლავო იყო.
ზოლეიხა ისე, რომ ცოდვა არ ჩაუდენია, ცოდვილი იყო. ისე, რომ სამსჯავრო არ გამართულა, მსჯავრდებული იყო. საფდარი დანაშაულის თანამონაწილე იყო, მაგრამ ის მამა იყო. კაცი იყო. მისი ცოდვა საპატიებელი იყო. ზოლეიხას უმწეო მხრები ცოდვის სიმძიმისთვის უფრო შესაფერი და სათანადო იყო. ის ცოლი იყო. დედა იყო. მისი ცოდვა უპატიებელი იყო. დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ, ამუნათებდნენ, კიცხავდნენ. ტკივილისგან გულს იჭამდა და ამ აუტანელ ტანჯვას გაჭირვებით ითმენდა. ამ მძიმე ტვირთისაგან არსებობის ბურჯები შერყეოდა. მისი საშველი მხოლოდ ბიჭი იყო. მისი გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ ბიჭი იყო. მისი დარდის მკურნალი, ბიჭის გარდა, არაფერი იყო.
სხვა დედებს, მეზობლებს, ნათესავებს ყველას ბიჭი ჰყავდა. ყველას ბიჭის მფარველობა აიმედებდა. ზოლეიხა სხვების ბიჭებს ხედავდა, იარაღს ხელს როგორ სტაცებდნენ, სანადიროდ მიდიოდნენ, ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, შურდულს ისროდნენ, ადგილობრივ სკოლაში დადიოდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, სპექტაკლებს მართავდნენ და გუნდურ თამაშებში მონაწილეობდნენ.
დარდიანი და ნაღვლიანი ზოლეიხა ამ სანატრელ და გულგასახარ სცენებს სევდიანად ადევნებდა თვალს. ნაყოფის ფორიაქსა და მოძრაობას გრძნობდა. მისი ფეხის ხმა ესმოდა. ხელებს მუცელზე იდებდა და ბიჭის ნატვრაში ოხრავდა. ბიჭის, რომელიც თამაშებში, შეჯიბრებებსა და ძალის მოსინჯვაში მონაწილეობას მიიღებდა. ნატრობდა, რომ მასაც, მხევალი ქალის ნაცვლად, თავისუფალი ბავშვი გაეჩინა. ძლიერი მამრი, რომლითაც იტრაბახებდა და იამაყებდა. შვილი, რომელიც ოჯახის გაციებულ კერას აანთებდა და გაათბობდა. სკოლაში წავიდოდა, ისწავლიდა, დავაჟკაცდებოდა და მისი და მისი ქალიშვილების დამცველი გახდებოდა.
ზოლეიხას ამ სურვილის ასახდენად გრძელი გზები გაევლო. ელოცა. კერია დაეკოცნა. ბატკანი და თიკანი შეეწირა. შეიხი, დერვიში და ჩავუშიც არ დაეტოვებინა. საფლავების მოსალოცად დარ-ავდარში მთა-ველები, ხრიოკ-წალკოტები ფეხით შემოევლო. წმინდანთა ნაკვალევზე ევლო. ნატვრის ხეებზე ჭინჭები შეება. თავშლები მოეხადა და წმინდანთა საფლავებზე დაეკიდა.
ზოლეიხას ქალიშვილებიც თანაუგრძნობდნენ. ისინიც ჩვილის დაბადებას მოუთმენლად და იმედით ელოდნენ. ძმის ნატვრაში წამებს ითვლიდნენ. ძმა უნდოდათ, რომ მისი აკვანი დაერწიათ, ძილისპირული ემღერათ, მის გარშემო ეტრიალათ, ქოჩორი დაეყნოსათ, ფეხისგულები დაეკოცნათ, მის ქუდსა და პერანგზე მოლაყოლის მძივი და სოლეიმანის ბეჭედი დაეკერებინათ.
***
ტკივილები სინათლეს გაურბიან. ტკივილებს ბნელ ღამეებთან ძველი ნაცნობობა და სიახლოვე აკავშირებთ. ზოლეიხას ტკივილები ბნელ ღამეს დაიწყო. მშობიარობის ამბავი ტომს მალე მოედო. ქალები მშობიარეს შემოეჯარნენ. ტომის ბებიაქალი ყველაზე გვიან მოვიდა სამუშაო ხელსაწყოებითა და წამლის ხურჯინით, რომელშიც ჯანჯაფილი, დარიჩინი, წიწაკა, მარიამსაკმელა, მიხაკი, ილი, ბეგქონდარა, შაქარყინული, პიტნა, შტოში, აჯასპი, დენთი, ინდიგო, ყვავის ნაღველი, მელიის ნაღველი, ვეფხვის თათი, მგლის ყბა, არწივის კლანჭი, ცხენის ფაფარი და ძუა ელაგა. ზოლეიხა, დაღლილ-დაქანცული, კუბოკრულ ნაჭერში გახვეული, კარავში ლოგინზე მიგდებულიყო. მის ლოგინს უხეში ბალიში, სქელი ლეიბი, ზოლებიანი ნოხი და ჯარისკაცის ძველი პლედი შეადგენდა, რომელიც კერიასთან გაეშალათ. ქალების ფაციფუცი და ცეცხლის ალი კარავზე მოძრავ შუქჩრდილებად ეფინებოდა. თითქოს ლანდები დაბორიალებდნენ. შეშისა და მარიამსაკმელას კვამლს ჰაერი მტვრით დაებურა და დაებნელებინა. მოსახდენის პირისპირ ყველა შეშინებულიყო და დამფრთხალიყო. დედის ჯანმრთელობა - ნაკლებად, ვაჟის დაბადება მეტად ადარდებდათ. ზოლეიხას შეჭმუხნილი წარბები და მზერაგაყინული, შეშფოთებული თვალები მიანიშნებდა, რომ უბედურების ეშინოდა და ქალიშვილის დაბადების შესაძლებლობა აფრთხობდა. სახლი მღელვარებასა და ნერვიულობას მოეცვა. ზოლეიხა დასუსტებულიყო და გასავათებულიყო. ტკივილნარევი ხმით გმინავდა. ტუჩებს კუმავდა. ბებიაქალმა საყელო გაუხსნა. პერანგი შეუხსნა. თავშალი მოხადა. თითქოს ჰაერი ფილტვებამდე ვერ აღწევდა და იგუდებოდა. წრიალებდა. ბორგავდა. ბებიაქალის წამლებსა და მცდელობებს შედეგი არ მოჰქონდა. ზოლეიხა უარესად ხდებოდა. მშობიარობა ადვილი და იოლი არ იყო. წინა მშობიარობებს არ ჰგავდა. ყველა ქალიშვილზე ამ ბებიაქალმა ამშობიარა. ამჯერად საქმე რთულად იყო. არათუ წამალი, ყელში წვეთი წყალიც კი არ გადასდიოდა. ზოლეიხას სუნთქვა სიკვდილის სუნთქვას შერეოდა. სიკვდილი მისგან ორ ნაბიჯში დამდგარიყო. ორთაბრძოლა გამართულიყო. ზოლეიხა უხილავ მტერს შერკინებოდა. ბებიაქალმა საფრთხე გააცნობიერა და გაბზარული ხმით წარმოთქვა: „ალი!“ ტომი ბუნებისა და ზებუნებრივი სამყაროს კლანჭებში მოქცეულიყო. ეშმაკებისა და ჯინების ტყვე იყო. ალი ჯინებს შორის ყველაზე საშიში იყო. ალი ტომს მუდამ თავს დასტრიალებდა. მასთან იზამთრებდა და იზაფხულებდა. მუდამ ტომის მშობიარე ქალებს უსაფრდებოდა. ტომს ამ სისხლისმსმელ მტერთან ძველი ნაცნობობა აკავშირებდა. ბევრი ოჯახი გაეუბედურებინა. ბევრი დედა შავი მიწისთვის მიებარებინა. ბევრი ბავშვი დაეობლებინა, მაწანწალად და უსახლკაროდ ექცია. ალს დედამიწის ზურგზე ცხენის, რკინისა და შავი ფერის გარდა, არავინ და არაფერი აშინებდა და აფრთხობდა. ცხენი, რკინა და შავი ფერი რომ არა, მას ტომის ერთი ქალიც ვერ გადაურჩებოდა. ბრძოლა დაიწყო. გაღუნული, ჟანგმოდებული ხანჯალი ზოლეიხას სასთუმალთან დაუდეს. მაჯა, კოჭი და მკლავები ცხენის ფაფრისაგან მოქსოვილი შავი ბაწრით დაუბეს. ჯაჭვს რამდენიმე რგოლი მოხსნეს და ხელის გულზე დაუწყვეს. საწოლს შავი ქსოვილი გადააფარეს. მისი ცოცხალ-მკვდარი სხეული ძლივს ასწიეს და რამდენჯერმე შავ გაკვამლულ ქვაბს გადაატარეს. ინდიგოთი, დენთითა და ნახშირით სხეულზე შავი ხაზები გაუვლეს. ნახშირით გამურული ცალი ფეხსაცმელი კარვის თოკზე ჩამოკიდეს. ტომის წინამძღოლის ჭიხვინა ცხენი სალი ლურსმნით ზოლეიხასგან რამდენიმე ნაბიჯში კარვის კართან დააბეს. ცხენს რომ ეჭიხვინა, ქერისა და თივის ტომარა მოშორებით დაუდეს. გამაყრუებლად ჭიხვინებდა. ცხენის სადავე, ლაგამი და უნაგირი ზოლეიხას გარშემო დააწყვეს. ათობით ნემსი კარვის ჭერსა და კედლებზე, ერთიც - ზოლეიხას თმაში ჩაარჭეს. ზოლეიხას გარშემო რკინის საგნები დაულაგეს. ბრძოლის მოედანი იყო. ზოლეიხა რკინის სანგარში მოაქციეს. მეზობელი ტომის თურქულენოვანი ეგერი დასახმარებლად მოიხმეს. ეგერი ტომის განსაკუთრებულ და იშვიათ კაცებს ეკუთვნოდა, რომელსაც ერთ დღეს ჯინების ჯგროზე გაემარჯვა და ერთ-ერთისთვის ოქროს ნაწნავი მოეჭრა. ეგერი ხმაურითა და გნიასით მოვარდა და აურზაური დაატრიალა. მელოგინე ქალის კარავს ჭენებით რამდენჯერმე შემოუარა, თოფიდან გაისროლა და შეჰყვირა: „ყაჩ ყარე, ყაჩ!“ - „განვედ, შავო, განვედ!“ თუმცა მთელი ეს ძალისხმევა და ჩოჩქოლი უშედეგო იყო და მტერი არ შედრკა. ზოლეიხა რთულ ორთაბრძოლაში ჩაბმულიყო. გონებადაკარგული და ძალაგამოლეული მიგდებულიყო. სახეზე ფერი დაჰკარგვოდა. თითქოს სისხლი არ უმოძრავებდა. ყველა თავზარდაცემული იყო. ღამეს ბოლო არ უჩანდა. წამები წლებად გაწელილიყო. წუთები გაჩერებულიყო. არ მიედინებოდა. ბებიაქალს ყველა პირში მისჩერებოდა და მან, ყველაზე მეტად აფორიაქებულმა, ახალი უმოწყალო ბრძანება გასცა: ზოლეიხას ლოყებს ალიყური შემოჰკრეს. ფერწასული სახე დაუსისხლიანეს. მისი ნაწნავები გამეტებითა და გაშმაგებით აქეთ-იქით გაქაჩეს. ქალების ძალა არ კმაროდა. ჯანღონიანი კაცი მოვიდა და ზოლეიხას საშინელი ალიყურები დაუშინა. გარშემო მღელვარება დასადგურებულიყო. კარვის დაბურულ და გაკვამლულ ჰაერში ერთი მისხალი სიხარული და იმედი არ დარჩენილიყო. ცხენის ჭიხვინი, იარაღის გასროლის ხმა, ეგერის ყვირილი, სილის ლაწუნი, ქალების მოთქმა და გოგონების ქვითინი ერთმანეთში არეულიყო. დაღლილ-დაქანცული საფდარი თავის რამდენიმე ახლობელთან ერთად მეზობელი კარვიდან უმცირეს ხმაურსა და მოძრაობას დადარაჯებოდა. ნერვიულობდა, ვერ ისვენებდა. სიმშვიდე და მოთმინება გამოლეოდა. ქვებს ათამაშებდა, რომელიც მის სიახლოვეს ეყარა. კენჭებითა და ხრეშით მკითხაობდა. ცახცახებდა. ბუხარში შეშის ნაჭერს ატრიალებდა. სიგარეტები გასთავებოდა. ნამწვებს ეწეოდა. ხან წამოდგებოდა და ცხენს, რომელიც მისი ცოლის დასაცავად ჭიხვინებდა, კოცნიდა; ხან ეგერს, რომელიც ჰაიჰარად ისროდა ჰაერში ვაზნებს, გენაცვალეო, ეუბნებოდა; ხან ქალიშვილებს, რომლებიც ლაწუნის გაგონებაზე გაოცებულები და გაკვირვებულები ცახცახებდნენ, ანუგეშებდა. ალიყურს უკვალოდ არ ჩაუვლია. ზოლეიხა ოდნავ გონს მოვიდა. პირი გააღო, მაგრამ საუბრის თავი არ ჰქონდა. რაღაცის თქმა უნდოდა. მისი ხმა არ ისმოდა. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამოკიდებულიყო. მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ოფლში იწურებოდა. თვალები გაეხილა, მაგრამ ვერავის და ვერფერს ხედავდა. მოულოდნელად ამოძრავდა. მის მზერაში სხივმა გაიელვა. ზედიზედ რამდენჯერმე დაიკრუნჩხა და ააკანკალა. დედაბერი, რომელიც ზოლეიხას წამით არ შორდებოდა, საქმეს შეუდგა და დანაოჭებული და სისხლიანი ხელებით ჩვილის პატარა სხეული დედის სხეულს მოსწყვიტა. ბავშვი ხელებზე დაიწვინა და შეჰყვირა: „ბიჭი!“ ქალის შეძახილს ბავშვის ჩხავილი მოჰყვა. რამდენიმე ქალმა აღტაცებით შეჰკივლა. ახმაურდნენ. საფდარი ყვირილით მიიჭრა, მაგრამ სასიხარულო ვერაფერი ნახა. ზოლეიხას ამოდენა ამბის ატანა არ შეეძლო. ის დარდს შესჩვეოდა. ამოდენა სიხარულის ატანა არ შეეძლო. ამოდენა ბედნიერება მისი სხეულისთვის მძიმე და გამანადგურებელი იყო. თვალები დახუჭა და აღარ გაუხელია. ჩვილი ძუძუს ეძებდა. ხელი მოიქნია და პირი დააღო, მაგრამ რძე და რძის წყარო ვერ იგემა. ზოლეიხამ დაისვენა. მშფოთვარე ღვიძილის კლანჭებისაგან, ნერვიული ძილის კლანჭებისაგან, გველეშაპებისაგან, რომლებიც ნთქავენ, მგლებისაგან, რომლებიც ფლეთენ, ღვარცოფებისაგან, რომლებიც აჩანაგებენ, დაისვენა. ყველა შავ და ღრმა სევდას მოეცვა. მრუმე და ღრმა ტალღების ამ ზღვაში მხოლოდ ერთი წერტილი კაშკაშებდა: ბიჭი! ამიერიდან საფდარს ცოლი არ ჰყავდა, მაგრამ ვაჟი ჰყავდა. გოგოებს დედა არ ჰყავდათ, მაგრამ ძმა ჰყავდათ.
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ჯგერენაიამ