სადეყ ჰედაიათი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თარგმანის საკითხს. როდესაც ვუთხარი, რომ სარტრის ,,გულისრევის“ თარგმნა მინდოდა, მთხოვა, ჯერჯერობით თავი შემეკავებინა ამ საქმისგან. მითხრა, რომ რამდენიმე მცირე ნოველის თარგმნა ერთია, ასეთი ბრწყინვალე რომანისა კი _ მეორე: ,,სარტრის ფრანგული მარტივია. ლაქლაქი და ფუჭსიტყვაობა არ უყვარს. მაგრამ მისი რომანები და პიესები უბრალო ამბები არ არის. მათ გასაგებად სარტრის ფილოსოფიის ცოდნაა საჭირო“...