ბელყეის სოლეიმანი
December 5, 2020
სხვა ენის სიყვარული
December 5, 2020
ყველას ჩვენება

ვიქტორ ფრანკლი

ვიქტორ ფრანკლი - კითხვა ცხოვრების საზრისზე


კითხვა ცხოვრების საზრისზე რაც აქ მნიშვნელოვანია, ესაა ცხოვრების საზრისის საკითხის სხვა კუთხით დასმა: ჩვენ უნდა ვისწავლოთ და სასოწარკვეთილ ადამიანებსაც ვასწავლოთ, რომ ეს არასოდეს არის იმაზე დამოკიდებული, თუ ჩვენ რას მოველით ამ ცხოვრებისგან, არამედ მხოლოდ იმაზე, თუ ცხოვრება რას მოელის ჩვენგან! წმინდად ფილოსოფიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი კოპერნიკისეული გადატრიალებაა, უფრო ზუსტად, ჩვენ კითხვებს ვსვამთ არა ცხოვრების საზრისზე, არამედ თავს წარმოვიდგენთ იმ ადამიანად, რომელსაც ცხოვრება ყოველ დღე და ყოველ საათს კითხვებს უსვამს - კითხვებს, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ, სწორ პასუხს კი არა სჯა-ბაასით, არამედ მოქმედებით, სწორი ქცევით გავცემთ. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება ხომ სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, რომელიც ცხოვრების მიერ დასმულ კითხვებზე სწორი პასუხის გაცემას გულისხმობს; ასევე იმ დავალებებისა, რომლებსაც ცხოვრება ყველას ინდივიდუალურად აკისრებს, და თითოეული საათის მოთხოვნის შესრულებასაც. ეს მოთხოვნა და ამასთანავე ყოფიერების საზრისი ყოველი ადამიანისა და წამისათვის განსხვავებულია. ადამიანის ცხოვრების საზრისზე ზოგადად საუბარი შეუძლებელია, არც ამ საზრისზე დასმულ შეკითხვას შეიძლება გაეცეს ზოგადი პასუხი - ცხოვრება, როგორც ეს აქ არის ნაგულისხმევი, არ არის რაიმე ბუნდოვანი, პირიქით, ეს უფრო კონკრეტულია, აქედან გამომდინარე, ცხოვრების მიერ ჩვენთვის წაყენებული მოთხოვნებიც კონკრეტულია.
სწორედ ეს კონკრეტულობა განსაზღვრავს ადამიანის ბედს, რომელიც ყველასთვის ერთადერთი და განუმეორებელია. ვერც ერთ ადმიანსა და ვერც ერთ ბედს ერთმანეთს ვერ შევადარებთ; არც ერთი სიტუაცია არ მეორდება, და ადამიანი ყოველ სიტუაციაში განსხვავებულად უნდა მოიქცეს: ეს კონკრეტული სიტუაცია ადამიანისგან ხან მოქმედებას მოითხოვს, ხან შემთხვევის გამოყენებასა და ღირებულებების გამოხატვას (ასე ვთქვათ, ამგვარად სიამოვნების განცდას), ხანაც ბედის უბრალოდ ასე მიღებას. მაგრამ ყოველი სიტუაცია თავისი ერთადერთობით და განუმეორებლობით მუდამ გამორჩეულია, ეს კი ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში დასმულ კითხვაზე ერთადერთი “სწორი” პასუხის არსებობის შესაძლებლობას იძლევა. ხოლო თუ ეს კონკრეტული ბედი ადმიანს რაიმე ტანჯვას არგუნებს, მაშინ ადამიანმა მასში ერთი, ვიმეორებ - ერთი და ერთადერთი დავალება უნდა დაინახოს. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის ამგვარი სატანჯველით მთელს კოსმოსში ერთადერთი და განუმეორებელია. არავის შეუძლია ვინმეს ტანჯვა შეუმსუბუქოს, ან სხვისი სატანჯველი განიცადოს. ამ განუმეორებელი ძალისხმევის მიღწევის შესაძლებლობაც ერთადერთია, როგორც თავად ამ ბედის მატარებელი ადამიანი და მისი სატანჯველი. ეს ყველაფერი ჩვენთვის, საკონცენტრაციო ბანაკში მყოფთათვის უჩვეულო სპეკულაციას როდი წარმოადგენდა. იქ მხოლოდ ამგვარი ფიქრებიღა თუ გვიხსნიდა! სწორედ ეს ფიქრები არ გვაძლევდა სასოწარკვეთის უფლებას. როდესაც ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავდით, მაშინ ეს ფიქრები არ გვანებებდა უიმედობას. ჩვენ ხომ დიდი ხანია ცხოვრების საზრისზე გულუბრყვილო კითხვას აღარ ვსვამდით, რაც მცდელობების გზით რაიმე მიზნის განხორციელებას გულისხმობს; არამედ ამჯერად ცხოვრების საზრისს ისეთ მთლიანობად განვიხილავდით, რომელიც სიკვდილსაც მოიცავს და ამით არა მხოლოდ ცხოვრების საზრისის უზრუნველყოფა ხდება, არამედ ტანჯვისა და სიკვდილისაც: ამ საზრისს შევეჭიდეთ ჩვენ!

გერმანულიდან თარგმნა ანა ბარიხაშვილმა