ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ფრანც კაფკა
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მარკ სტრენდი

მარკ სტრენდი - სივრცე

ნიუ-იორკის ცენტრში, მაღალი კორპუსის სახურავის კიდესთან ლამაზი ქალი იდგა. ის-ის იყო, უნდა გადამხტარიყო, როცა გასარუჯად სახურავზე გამოსულმა კაცმა დაინახა. გაოცებული ქალი ერთი ნაბიჯით მოშორდა კიდეს. კაცი ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა, ქერათმიანი. გამხდარი, წელზევით გაწელილი, დაბალი, წვრილი ფეხებით. შავი საცურაო ტრუსი მზეზე ატლასივით უბზინავდა. ქალს ათიოდე ნაბიჯით დაშორებოდა. ქალი მისჩერებოდა, ქარი გრძელ, მუქ თმას სახეზე აყრიდა. თმა გადაიწია და ცალი ხელით დაიჭირა. თეთრი ბლუზა და ცისფერი ქვედაბოლო უფრიალებდა, თუმცა საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. კაცმა შენიშნა, რომ ფეხშიშველი იდგა, ორი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კი ხრეშიან ზედაპირზე, თავისთან ახლოს, გვერდიგვერდ დაეწყო. კაცს ზურგი აქცია. ქარმა ქვედაბოლო მაღალ თეძოებზე მიატმასნა. კაცმა ინატრა, რომ ხელის გაწვდენა და მისი მოზიდვა შესძლებოდა. ქარმა მიმართულება შეიცვალა და ქვედაბოლო ახლა პატარა, მომრგვალებულ დუნდულებზე მიაკრა მჭიდროდ, ტრუსის ხაზებიც გამოუჩინა.
- წამო, ერთად ვისადილოთ, - დაიყვირა კაცმა.
ქალი კვლავ მისკენ შემობრუნდა და პირდაპირ შეხედა. კრიჭა შეეკრა. კაცმა მის ხელებზე გადაიტანა მზერა, ქვედაბოლოს დასაჭერად წინ რომ გადაეჯვარედებინა. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა.
- სადმე წავიდეთ და ვისაუბროთ, - უთხრა კაცმა.
ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და შეტრიალდა. მკლავები ისე აღმართა, თითქოს ჩაყვინთვას აპირებდა.
- მომისმინე, - უთხრა კაცმა, - თუ ჩემზე დარდობ, არაფერი გაქვს სანერვიულო.
მხრებზე მოგდებული პირსახოცი მოიხსნა და სარონგივით მოიხვია.
- ვიცი, რომ დამთრგუნველია, - თქვა მან.
თვითონაც არ იცოდა, რას გულისხმობდა. ფიქრობდა, ნეტავ ქალი თუ გრძნობს რამესო. მოსწონდა ის ჩაღრმავება, ზურგს რომ დუნდულებთან აერთებდა. მარტივი და მეტყველი ეჩვენა. ვნებიანობაზე მიანიშნებდა. ინატრა, შეხება შემეძლოსო. თითქოს იმედის მისაცემად, ქალმა ხელები დაუშვა და ერთ-ერთ ფეხს დაეყრდნო.
- იცი რა? - თქვა კაცმა, - ცოლად მოგიყვან.
ქარმა კიდევ ერთხელ მიატმასნა ქვედაბოლო დუნდულებზე.
- ახლავე დავქორწინდეთ, - განაგრძო მან, - და იტალიაში გავემგზავროთ. ბოლონიაში წავალთ, შესანიშნავ საჭმელს შევჭამთ. მთელი დღე ვისეირნებთ, ღამით კი გრაპას დავლევთ. სამყაროს დავაკვირდებით და იმ წიგნებს წავიკითხავთ, რომელთა წასაკითხადაც აქამდე დრო არ გვქონია.
ქალი არც შემობრუნებულა და არც კიდეს მოსშორებია. წინ ლონგ აილენდის ინდუსტრიული შენობები გადაშლოდა, ქვინსის სახლების დაუსრულებელი რიგი. შორს რამდენიმე ღრუბელი შეირხა. კაცმა თვალები დახუჭა და სცადა, მოეფიქრებინა, სხვა რით შეეძლო ქალის გადაბირება. თვალები რომ გაახილა, მის ფეხებსა და კიდეს შორის მცირე სივრცე შეამჩნია, სივრცე, რომელიც ყოველთვის იარსებებდა ქალსა და სამყაროს შორის. იმ გაწელილ წამში, როცა ქალი ბოლოჯერ არსებობდა მის წინ, გაიფიქრა: „რა მშვენიერია.“ და ქალი გაქრა.

ინგლისურიდან თარგმნა სალომე ჩიტაძემ