ვიქტორ ფრანკლი
December 6, 2020
მაიკლ ჰოფმანი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მარკ სტრენდი

მარკ სტრენდი - სივრცე

ნიუ-იორკის ცენტრში, ერთ-ერთი მაღალი მრავალბინიანი სახლის სახურავის კიდეზე ლამაზი ქალი იდგა. გადახტომის პირას იყო, როდესაც სახურავზე გასარუჯად გამოსულმა კაცმა დაინახა. ქალი შეცბა და უკან დაიხია. კაცი ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა - ქერა, გამხდარი, წელზემოთ მაღალი ტანით და მოკლე, წვრილი ფეხებით. მისი შავი საცურაო კოსტიუმი მზეზე ატლასივით ბზინავდა. ერთმანეთს სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯი აშორებდათ. ქალი მიაშტერდა. ქარისგან აწეწილი გრძელი, მუქი თმა სახეზე ეფინებოდა. უკან გადაიწია და ცალი ხელით დაიმაგრა. თეთრი პერანგი და ცისფერი ქვედაბოლო უფრიალებდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. კაცმა მისი შიშველი ფეხები და იქვე ხრეშზე გვერდიგვერდ დაწყობილი ორი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შენიშნა. ქალი შებრუნდა. ქვედაბოლო გრძელ ბარძაყებზე ეკვროდა. კაცს სურვილი გაუჩნდა, მისწვდომოდა და თავისკენ მოეზიდა. ჰაერმა მიმართულება იცვალა და ქალს ქვედაბოლო პატარა, მრგვალ დუნდულებზე ისე შემოაჭდო, რომ საცვლის ზოლი გამოუჩნდა. „საჭმელად წავიდეთ“, - დაიყვირა კაცმა. ქალი მობრუნდა, რომ კვლავ შეეხედა მისთვის. მტკიცე მზერა ჰქონდა, კბილები ერთმანეთზე დაეჭირა. კაცმა ხელებზე შეხედა, რომლებიც წინ გადაეჯვარედინებინა ქვედაბოლოს დასაჭერად. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. „სადმე წავიდეთ და დავილაპარაკოთ“, - თქვა კაცმა. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და შებრუნდა. ხელები ისე აღმართა, თითქოს ყვინთვისთვის ემზადებოდა. „მისმინე, - განაგრძო კაცმა, - თუ მე განერვიულებ, შიშის საბაბი არ გაქვს“. მხრებზე გადაფენილი პირსახოცი მოიხსნა და საროგანად აქცია. „ვიცი, დამთრგუნველია“, - თქვა მან.
არც კი იცოდა, რას გულისხმობდა. აინტერესებდა, ქალმა თუ იგრძნო რამე. მოსწონდა, როგორ უერთდებოდა ქალის ზურგი საჯდომს. მარტივი და მეტყველი ეჩვენებოდა. ქალის ჟინსა და სექსის შესაძლებლობაზე მიანიშნებდა. უნდოდა, შეხებოდა. თითქოს იმედის მისაცემად, ქალმა ხელები დაუშვა და გასწორდა. „იცი, რას გეტყვი, - თქვა კაცმა, - შენზე ვიქორწინებ“. ქარმა კვლავ მიაკრა ქვედაბოლო ქალის დუნდულებს. „დაუყონებლივ ვიქორწინებთ, - განაგრძო კაცმა, - და შემდეგ იტალიაში წავალთ. ბოლონიაში ჩინებულ საჭმელს შევჭამთ. მთელი დღე ვიხეტიალებთ და ღამით გრაპას დავლევთ. სამყაროს დავაკვირდებით და იმ წიგნებს წავიკითხავთ, რომლებისთვისაც დრო არასდროს გვქონია“. ქალი არც მოტრიალებულა და არც კიდეს მოშორებია. მის წინ ლონგ-აილენდის ინდუსტრიული შენობები და ქუინსის სახლების დაუსრულებელი რიგები გადაშლილიყო. მოშორებით რამდენიმე ღრუბელი შეირხა. კაცმა თვალები დახუჭა და დაფიქრდა, კიდევ რა გზით შეიძლებოდა მისი განზრახვის შეცვლა. როდესაც თვალები გაახილა, დაინახა, რომ ქალის ფეხებს და კიდეს შორის სივრცე იყო - სივრცე, რომელიც ამ დროიდან სულ იარსებებდა ქალსა და სამყაროს შორის. იმ გაწელილ წამს კი, როდესაც ქალმა ბოლოჯერ გაიელვა მის თვალწინ, კაცმა გაიფიქრა, რა მშვენიერიაო. შემდეგ ის აღარ იყო.

ინგლისურიდან თარგმნა ნინო თევზაძემ