მცველი – განმარტება
December 6, 2020
ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მარკ სტრენდი

მარკ სტრენდი – სივრცე

შუაგულ ნიუ-იორკში, ერთ-ერთი კორპუსის სახურავის კიდეზე ლამაზი ქალი იდგა. ის იყო, უნდა გადამხტარიყო, რომ სახურავზე გასარუჯად გამოსულმა კაცმა შენიშნა. განცვიფრებულმა ქალმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. კაცი ქერა იყო - ოცდაათი- ოცდათხუთმეტი წლისა. გამხდარს მოკლე და წვრილი ფეხები ჰქონდა. მისი შავი საცურაო კოსტიუმი მზეზე ატლასივით ელვარებდა. იქვე, ათიოდე ნაბიჯში დადგა. ქალი დაჟინებით მიაცქერდა. გრძელსა და მუქ თმას ქარი სახესთან უფრიალებდა. ქალმა სახე გაითავისუფლა და თმა ხელით დაიმაგრა. თეთრ ბლუზასა და მქრქალ ქვედაკაბას ქარი კვლავ ურხევდა, თუმცა ეს სულაც არ ანაღვლებდა. კაცმა შენიშნა, რომ ის ფეხშიშველი იყო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები კი იქვე, ქვიშაზე გვერდიგვერდ დაელაგებინა. ქალი შეტრიალდა. ქარმა ქვედაკაბა გრძელ ბარძაყებზე შემოატმასნა. კაცს მიახლოება და მისი მოზიდვა სურდა. ქარმა მიმართულება იცვალა და კაბის ბოლო ისე მჭიდროდ შემოაკრო ქალის მომცრო, მომრგვალებულ ტრაკს, რომ ტრუსის ზოლები გამოუკვეთა. „წამო, სავახშმოდ წავიდეთ“, - დაიყვირა კაცმა. ქალი შემობრუნდა და გამჭოლი მზერა მიაპყრო. კბილები ერთმანეთზე დააჭირა. კაცმა მის გადაჯვარედინებულ ხელებს შეხედა, რომლებითაც კაბას იჭერდა. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. „იქნებ სადმე წავსულიყავით და გველაპარაკა“, - თქვა მან. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და შებრუნდა. მკლავები ისე ასწია, თითქოს წყალში გადასაშვებად ემზადებოდა. „ყური მიგდე, - თქვა კაცმა, - თუ ჩემი აქ ყოფნა გაღელვებს, საშიში არაფერია“. მხრებზე მოგდებული პირსახოცი სარონგივით შემოიხვია. „ვიცი, რომ ეს აუტანელია“, - თქვა მან. წარმოდგენა არ ჰქონდა, რას გულისხმობდა.
აინტერესებდა, გრძნობდა თუ არა ქალი რაიმეს. მოსწონდა, როგორ უერთდებოდა ქალის ზურგი ტრაკს. ეს სადად და გამომხატველად ეჩვენებოდა; სექსის სურვილსა და შესაძლებლობაზე აფიქრებდა. სურდა, შეხებოდა. თითქოს იმედის მიცემა უნდაო, ქალმა მკლავები დაუშვა და წონასწორობა შეინარჩუნა. „აი, რა უნდა გითხრა, - თქვა კაცმა, - ცოლად მოგიყვან“. ქარმა ერთხელაც დაიქროლა და ქალის ქვედაკაბა მჭიდროდ მიაკრა მის დუნდულებს. „ახლავე დავქორწინდებით, - თქვა კაცმა, - მერე იტალიაში წავალთ. ბოლონიაში შესანიშნავ კერძებს შევჭამთ, მთელი დღე ვიხეტიალებთ, ღამეებს კი გრაპას სმაში გავლევთ. მთელ სამყაროს მოვივლით, იმ წიგნებსაც წავიკითხავთ, რომლებისთვისაც დრო არასოდეს გვქონია“. ქალი არ შემობრუნებულა და არც უკან დაუხევია. მის მიღმა ლონგ-აილენდის ინდუსტრიული ნაგებობები და ქუინსის სახლების უსასრულო რიგი მოჩანდა. შორს ღრუბლების ნაფლეთები ირხეოდა. კაცმა თვალები დახუჭა და იმაზე დაფიქრდა, როგორ შეეცვლევინებინა განზრახვა მისთვის. როცა გაახილა, ქალის ტერფებსა და კიდეს შორის სივრცე შენიშნა - სივრცე, რომელიც სამარადისოდ იარსებებდა ქალსა და სამყაროს შორის. „რა მშვენიერია“, - გაიფიქრა იმ უსაშველოდ გრძელ წამს, როცა მას უკანასკნელად ხედავდა. შემდეგ კი ქალი გაუჩინარდა.

ინგლისურიდან თარგმნა დავით ხარაიშვილმა