ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
მარკ სტრენდი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მარკ სტრენდი

მარკ სტრენდი – სივრცე

ცენტრალური ნიუ-იორკის ერთ-ერთი მაღალი, მრავალბინიანი სახლის სახურავის კიდეზე ლამაზი ქალი იდგა. სადაც იყო, გადახტებოდა, როცა სახურავზე გასარუჯად გამოსულმა კაცმა დაინახა. გაოცებული ქალი კიდეს მოშორდა. კაცი დაახლოებით ოცდაათი-ოცდათხუთმეტის იყო. ქერა. გამხდარს, სხეულის ზედა ნაწილი გრძელი ჰქონდა, ფეხები კი - მოკლე და წვრილი. მისი შავი საცურაო კოსტიუმი მზეზე ატლასივით ბრწყინავდა. ქალისგან ათი ნაბიჯის მოშორებით იდგა. ქალი მას მიაშტერდა. გრძელ, მუქ თმას ქარი სახეზე აყრიდა. ქალმა ხელით უკან გადაიწია და ერთ ადგილას დაიმაგრა. თეთრი ბლუზა და ცისფერი ქვედაბოლო უფრიალებდა, თუმცა მათ ყურადღებას არ აქცევდა. კაცმა დაინახა, რომ ის ფეხშიშველი იყო. ახლოს, ხრეშზე, ორი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გვერდიგვერდ ელაგა. ქალს კაცისთვის ზურგი შეექცია. ქარისგან ქვედაბოლო გრძელ ბარძაყებზე შემოტმასნოდა. კაცმა ქალისკენ გაწევა და მისი მოზიდვა მოისურვა. ჰაერის ნაკადმა მიმართულება იცვალა და ახლა ქვედაბოლო პატარა, მრგვალ ტრაკზე ისე მჭიდროდ გადაეკრა, რომ ტრუსის ხაზები გამოუჩნდა. „წამოდი, რამეს გაჭმევ“, - დაუყვირა კაცმა. ქალი ისევ შებრუნდა. მტკიცე გამოხედვა ჰქონდა და კბილებს ერთმანეთს აჭერდა. კაცმა ხელებზე შეხედა. ქალს ახლა ისინი გადაეჯვარედინებინა და ქვედაბოლოს ასე იჭერდა. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. „სადმე წავიდეთ და ვისაუბროთ“, - თქვა კაცმა. ქალმა ღრმად ამოისუნთქა და შებრუნდა. ხელები ზემოთ ასწია, თითქოს ჩასაყვინთად ემზადებოდა. „მომისმინე,- უთხრა კაცმა, - მე თუ გაღელვებ, საშიში არაფერია“. მხრებზე მოგდებული პირსახოცი მოიხსნა და სარონგად გადააქცია. „ვიცი, რომ ეს დამთრგუნველია“, - თქვა მან. არ იცოდა, რა იგულისხმა. აინტერესებდა, ქალი რაიმეს თუ გრძნობდა. მოსწონდა, როგორ ირკალებოდა მისი ზურგი ტრაკთან.
ეს სადად და გამომხატველად ეჩვენებოდა - სექსუალური იყო, პოტენციალი ჩანდა. „იცი რა,- უთხრა კაცმა, -ცოლად მოგიყვან“. ქარმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქალის ტრაკის ფორმა. „ამას ახლავე ვიზამთ,- გააგრძელა მან, - და მერე იტალიაში წავალთ. ბოლონიას მოვინახულებთ, არაჩვეულებრივ საჭმელს შევჭამთ. მთელი დღეები ვივლით და მთელი ღამეები გრაპას დავლევთ. მსოფლიოს შევისწავლით და იმ წიგნებს წავიკითხავთ, რომელთა წაკითხვის დროც არასდროს გვქონია“. ქალი არ შებრუნებულა და არც სახურავის კიდეს მოშორებია. მის მიღმა ლონგ-აილენდ-სიტის ინდუსტრიული შენობები გაწოლილიყო, ქუინსის სახლები მწკრივად მოჩანდა. მოშორებით რამდენიმე ღრუბელი მოძრაობდა. კაცმა თვალები დახუჭა და იფიქრა, კიდევ რით უნდა შეეცვლევინებინა აზრი. როცა თვალები გაახილა, ქალის ფეხებსა და სახურავის კიდეს შორის სივრცე დაინახა. სივრცე, რომელიც ამიერიდან ყოველთვის იარსებებდა ქალსა და სამყაროს შორის. იმ გრძელი წამის განმავლობაში, როცა ბოლოჯერ უყურებდა ქალს, კაცმა გაიფიქრა: „რა მშვენიერია“. და შემდეგ ქალი აღარ იყო.

ინგლისურიდან თარგმნა ელისაბედ ფირცხალავამ