მარკ სტრენდი – სივრცე
ნიუ-იორკის ცენტრში, მაღალსართულიანი კორპუსის სახურავის კიდეზე ლამაზი ქალი იდგა. ის იყო, უნდა გადამხტარიყო, რომ სახურავზე გასარუჯად გამოსულმა კაცმა შენიშნა. ქალი შემკრთალი მოშორდა კიდეს. ქერათმიანი კაცი ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა. გამხდარი იყო, წელზემოთ მაღალი ტანითა და მოკლე, წვრილი ფეხებით. მისი შავი საცურაო შორტი მზეზე აბრეშუმივით ბზინავდა. ქალისგან ათიოდე ნაბიჯი აშორებდა. ქალი უცქერდა. ქარი გრძელ, მუქ თმას სახეში აყრიდა. უკან გადაიწია და ცალი ხელით დაიმაგრა. თეთრი ბლუზასა და ლურჯ ქვედაბოლოს ქარი კვლავაც უფრიალებდა, თუმცა ის ყურადღებას არ აქცევდა. კაცმა შენიშნა, რომ ფეხშიშველი იყო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე დაეწყო გვერდიგვერდ. კაცს ზურგი აქცია. ქარი ქვედაბოლოს მაღალ ბარძაყებზე აკრობდა. კაცმა ინატრა, შეძლებოდა, მოეზიდა და მოებრუნებინა. ქარმა ქალს ახლა მომცრო, მრგვალ დუნდულებზე შემოაჭდო ქვედაბოლო და ტრუსის ზოლები გამოუჩინა. „წამო, რამე ვჭამოთ“, - დაუყვირა კაცმა. ქალი შემოტრიალდა და მიაცქერდა. მზერა არაფრისმთქმელი ჰქონდა, ყბა - დაჭიმული. კაცი ახლა მის გადაჯვარედინებულ ხელებს დააკვირდა, რომლებითაც ქვედაბოლოს ერთ ადგილას აკავებდა. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. „წამო სადმე და ვილაპარაკოთ“, - კვლავ შესძახა. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და შეტრიალდა. მკლავები ისე აღმართა, თითქოს წყალში ჩასაყვინთად ემზადებოდა. „მისმინე. ჩემ გამო თუ ღელავ, სადარდებელი არაფერია“, - უთხრა კაცმა. მხრებზე მოგდებული პირსახოცი მოიხსნა და წელზე სარონგად შემოიხვია. „მესმის, დამთრგუნველია“, - უთხრა. თვითონაც არ იცოდა, რას გულისხმობდა. ნეტავ ქალი რას გრძნობდა? მოსწონდა, როგორ იკლაკნებოდა მისი ზურგი. მარტივი და მეტყველი სურათი იყო. ქალთან დაწოლის სურვილს აღუძრავდა. მისი შეხება ინატრა. ქალმა იმედისმომცემად დაუშვა მკლავები და ფეხი მოინაცვლა. „მისმინე, ცოლად მოგიყვან“, - უთხრა კაცმა.
ქარმა ქალს ქვედაბოლო კვლავაც შემოაჭდო ტრაკზე. „ახლავე დავქორწინდებით. მერე იტალიაში გავემგზავრებით. ბოლონიაში წავალთ და გემრიელ საჭმელს შევჭამთ. დღისით ვისეირნებთ, ღამე კი გრაპას დავლევთ. სამყაროს ჩავუკვირდებით და იმ წიგნებს წავიკითხავთ, რომლებისთვისაც ვერასდროს მოვიცალეთ“. ქალი აღარ მოტრიალებულა და კიდიდან ფეხიც არ მოუცვლია. მის უკან ლონგ-აილენდის ინდუსტრიული შენობები და ქვინსის სახლების უსასრულო რიგები მოჩანდა. ცაზე ღრუბლები დაცურავდნენ. კაცმა თვალები დახუჭა და მის გადასარწმუნებლად ახალი გზების ძებნა დაიწყო. რომ გაახილა, ქალის ფეხებსა და შენობის კიდეს შორის მცირე სივრცე დაინახა - სივრცე, რომელიც იმ წამიდან სამუდამოდ იარსებებდა ქალსა და სამყაროს შორის. „ლამაზია“, - გაიფიქრა კაცმა იმ გრძელი წამის განმავლობაში, როცა ქალი უკანასკნელად იდგა მის წინაშე. და ისიც გაქრა.
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ჩაჩავამ
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ჩაჩავამ