დიურენმატი
December 6, 2020
მარკ სტრენდი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ჯონ მაქსველ კუტზეე

ჯონ მაქსველ კუტზეე - ტყუილები

ძვირფასო, ნორმა

სან-ხუანის ერთადერთი სასტუმროდან გწერ. შუადღეს დედას ვესტუმრე, ნახევარსაათიანი მიხვეულ-მოხვეული გზით ვიარე. მისი მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ვვარაუდობდი. ჯოხის გარეშე ვერ დადის, თუმცა მისი დახმარებითაც ძალიან ნელა მოძრაობს. საავადმყოფოდან გამოწერის მერე ზედა სართულზეც კი ვერ ავიდა. სასტუმრო ოთახში დივანზე იძინებს. თავისი საწოლის ქვემოთ ჩამოტანა უნდოდა, მაგრამ უთხრეს, რომ საწოლი ისე იყო გაკეთებული, დაშლის გარეშე ვერ ჩამოიტანდნენ (პენელოპეს საწოლიც ასეთი არ იყო?! ჰომეროსის პენელოპეს). მისი წიგნები და ქაღალდებიც ზემოთაა, დაბლა მათი ადგილი არაა. გაღიზიანებულია და ამბობს, რომ უნდა თავის მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ არ შეუძლია. აქ ერთი კაცია - პაბლო. ბაღის საქმეებში ეხმარება. ვკითხე, ვინ დადის საყიდლებზე-მეთქი. მიპასუხა, რომ პურით და ყველით იკვებება, ბაღის მოსავალიც აქვს და მეტი არ სჭირდება. მე მაინც ვკითხე, ხომ არ შეეძლო სოფლიდან ვინმე ქალი მოეყვანა საჭმლის მოსამზადებლად და დასალაგებლად. მაგრამ ამის მოსმენაც არ უნდა, რადგან სოფელთან არ აქვს ურთიერთობა. პაბლოზე რაღას მეტყვი, პაბლო არაა სოფლის ნაწილი მეთქი? პაბლო ჩემი საქმეაო, მიპასუხა. პაბლო სოფელს არ ეკუთვნისო. რამდენადაც მე ვხედავ, პაბლოს სამზარეულოში სძინავს. რაღაც კარგად ვერ არის, არ არის, თუ როგორც არის. იდიოტი და გულუბრყვილოა. მთავარი საკითხი არ წამომიჭრია. მინდოდა, მაგრამ გამბედაობა არ მეყო. ხვალ ვეტყვი, როცა ვნახავ. ვერ ვიტყვი, რომ იმედიანად ვარ. რაღაც ცივია ჩემ მიმართ. ვეჭვობ, იცის, რატომაც ჩამოვედი. ტკბილი ძილი. ბავშვები მომიკითხე.

ჯონი
დედა, შეიძლება შენს საცხოვრებელზე, შენს მომავალზე ვილაპარაკოთ?
დედამისი პირქუშ სავარძელში ჩამჯდარიყო, რომელიც, ეჭვგარეშეა, იმავე დურგალს დაემზადებინა, რომელსაც - უძრავი საწოლი, და ხმას არ იღებდა.
,,მინდა იცოდე, რომ მე და ელენი ვღელავთ შენზე. ერთხელ უკვე დაეცი, რაც ალბათ ისევ განმეორდება. შენ ასაკი კი არ გაკლდება, მარტო რომ იცხოვრო ამ დამრეცკიბეებიან სახლში, სოფელში, სადაც მეზობლებთან კარგი ურთიერთობა არ გაქვს და, გულწრფელად რომ გითხრა, ალბათ ეს არც შეიცვლება“.
,,მე მარტო არ ვცხოვრობ, - უთხრა დედამ. - პაბლო ჩემთანაა. მე მას ვენდობი.“
,,გეთანხმები, პაბლო შენთანაა. მაგრამ განა შეგიძლია პაბლოს დაეყრდნო აუცილებლობის შემთხვევაში? რაიმეთი დაგეხმარა პაბლო ამ ბოლო შემთხვევის დროს? საავადმყოფოში დარეკვა რომ ვერ მოგეხერხებინა, ახლა სად იქნებოდი?“
როგორც კი ეს სიტყვები დასცდა მის პირს, უკვე იცოდა, რომ შეცდომა დაუშვა.
,,სად ვიქნებოდი? როგორც გეტყობა, პასუხი უკვე იცი და რატომ მეკითხები? ვფიქრობ, მიწის ქვეშ ვიქნებოდი, ჭიების საჭმელად“, - უპასუხა დედამ.
,,დედა, გთხოვ, კარგად გამიგო. ელენმა მოძებნა და ორი ადგილი იპოვა, თავისთან ახლოს, სადაც მოგივლიან და დარწმუნებული ვარ, თავს ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მოგიყვე მათ შესახებ?“
,,ორი ადგილი. ამ ,,ადგილებში“ პანსიონატებს გულისხმობ? სადაც ისე ვიგრძნობ თავს, როგორც სახლში?“
,,დედა, მათ რაც გინდა, ის დაუძახე. თუ გინდა, მე და ელენსაც დაგვცინე, მაგრამ ეს სიტუაციას ვერ შეცვლის, ცხოვრებას ვერ შეცვლის. ერთხელ უკვე სერიოზულად დაშავდი და ამის შედეგები ახლაც გტანჯავს. შენი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. პირიქით, უარესდება. წარმოგიდგენია, იყო ლოგინად ჩავარდნილი ამ ღვთისგან მივიწყებულ სოფელში პაბლოს იმედად? გიფიქრია, ჩემთვის და ელენისთვის როგორი იქნება იმის ცოდნა, რომ მოვლა გჭირდება და ჩვენ ეს არ შეგვიძლია? იმიტომ რომ ვერ ვიფრენთ ათასობით კილომეტრს ყოველ უქმეებზე“.
,,მე არც გელოდებით“.
,,შენ არ გველოდები, მაგრამ ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ. როცა ვინმე უყვართ, ასე იქცევიან. გთხოვ, ყურადღებით მომისმინე, რა ვარიანტები მაქვს შენთვის. ხვალ ან ზეგ მე და შენ ამ ადგილს დავტოვებთ და ნიცაში, ელენთან გავემგზავრებით. სანამ წავალ, მე დაგეხმარები და ჩავალაგოთ ყველაფერი, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, რაც გინდა, რომ თან გქონდეს. ყუთებში ჩავაწყოთ და იქ მისატანად გავამზადოთ, სადაც შენ მოეწყობი. ნიციდან მე და ელენი იმ ორ სახლში წაგიყვანთ, რომლებზეც უკვე გითხარი. ერთი ანტიბში მდებარეობს, მეორე - გრასში. ორივეს დაათვალიერებ და შეხედავ, თავს როგორ იგრძნობ. ჩვენ ძალას არ დაგატანთ. თუ არც ერთი არ მოგეწონება, დაე, ასე იყოს, შეგეძლება ელენთან დარჩე, სანამ სხვას არ მოვნახავთ. დრო ბევრი გვაქვს.
ჩვენ უბრალოდ ის გვინდა, რომ ბედნიერი იყო. ჩვენი მიზანი მხოლოდ შენი ბედნიერება და უსაფრთხოებაა. გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თუ რაიმე უსიამოვნო შემთხვევა იქნება, ვინმე შენზე იზრუნებს.
ვიცი, რომ ეს პანსიონატები არ მოგწონს, დედა. არც მე მომწონს, არც ელენს. მაგრამ ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ სასურველსა და აუცილებელს შორის - ან დამოუკიდებლობა, ან უსაფრთხოება. აქ, ესპანეთში, ამ სოფელში, ამ სახლში შენ უსაფრთხოდ არ ხარ. ვიცი, არ დამეთანხმები, მაგრამ მწარე სიმართლე ესაა. შეიძლება ცუდად გახდე და ვერავინ გაიგოს. შეიძლება ისევ დაეცე და ან გონება დაკარგო, ან კიდურები მოიტეხო. შეიძლება მოკვდე კიდეც“.
დედამ მსუბუქად გააქნია ხელი, თითქოს აბეზარი ფიქრები მოიშორაო.
,,ეს ადგილები, რომლებსაც მე და ელენი გთავაზობთ, ძველი ტიპის არ არის. კომფორტულად მოწყობილია, გულდასმით მეთვალყურეობენ და მართავენ. ორივე ძვირადღირებულია, რადგან არაფერს ზოგავენ, კლიენტურა რომ ასიამოვნონ. ფულს იხდი და სამაგიეროდ მაღალი დონის მომსახურებას იღებ. თუ ხარჯი დიდი იქნება, მე და ელენი სიამოვნებით დაგეხმარებით. წარმოიდგინე, შენი პატარა ბინა გექნება. გრასში პატარა ბაღიც კი გექნება. საჭმელს ან რესტორანში შეჭამ, ან თავად მოგიტანენ ბინაში. ორივე ადგილს აქვს სპორტდარბაზი და საცურაო აუზი. სამედიცინო პერსონალი და ფიზიოთერაპევტიც კი ჰყავთ. შეიძლება სამოთხედ არ მოგეჩვენოს, მაგრამ შენს მდგომარეობაში მყოფისთვის ეს საუკეთესო ვარიანტია“.
,,ჩემი მდგომარეობა? და შენი აზრით, ზუსტად როგორია ჩემი მდგომარეობა?“ - ჰკითხა დედამ.
კაცმა ხელი გაბრაზებით გააქნია.
,,გინდა გითხრა? ნამდვილად გინდა, ეს სიტყვები გითხრა?“
,,დიახ. უბრალოდ ინტერესისთვის, უბრალოდ მითხარი სიმართლე“.
,,სიმართლე ისაა, რომ შენ მოხუცი ქალი ხარ, რომელსაც მოვლა სჭირდება, რასაც პაბლოსნაირი კაცი ვერ შეძლებს“. დედამისმა თავი გააქნია.
,,ეს არაა სიმართლე. მე სხვა სიმართლე მინდა, ჭეშმარიტი სიმართლე“.
,,ჭეშმარიტი სიმართლე?“
,,დიახ, ჭეშმარიტი სიმართლე“.

ძვირფასო ნორმა,

,,ჭეშმარიტი სიმართლე“ - ეს იყო ის, რასაც დედა მთხოვდა, ან უფრო სწორად, მევედრებოდა. მან ისევე კარგად იცის სიმართლე, როგორც მე. ამიტომ, წესით, რთული არ უნდა ყოფილიყო იმ სიტყვების თქმა. საკმარისად გაბრაზებულიც ვიყავი, ეს რომ გამეკეთებინა. გაბრაზებული, რადგან ამხელა გზა გამოვიარე იმისთვის, რომ ჩემი ვალი მომეხადა - ვალი, რომლისთვისაც ამ ქვეყანაზე მადლობას არც შენ, არც ელენს და არც მე არავინ გვეტყვის.
მაგრამ ვერ შევძელი. ვერ ვუთხარი მას ის, რისი აქ წერაც არ მერთულება: ,,ჭეშმარიტი სიმართლე ისაა, რომ კვდები. რომ ცალი ფეხი სამარეში გაქვს. უკვე უმწეო ხარ და შემდეგში კიდევ უფრო უმწეო გახდები. დღეები გავა და ვერაფერი გიშველის. სიმართლე ისაა, რომ არ ხარ იმ მდგომარეობაში, რამეზე იორჭოფო. შენ უარის თქმაც კი არ შეგიძლია.
ვერ ეტყვი ,,არას“ საათის წიკწიკს, ვერ ეტყვი ,,არას“ სიკვდილს. როცა გეტყვის: ,,წამოდი“, თავი უნდა დახარო და გაჰყვე. უნდა დათანხმდე. ისწავლე, თქვა ,,დიახ“. როცა გეუბნები, მიატოვე ის სახლი, რომელიც შენით მოაწყვე ესპანეთში, დატოვე შენი ნივთები, წამოდი და იცხოვრე - დიახ - პანსიონატში, სადაც გვადალუპელი ექთანი ყოველ დილით გაგაღვიძებს, ფორთოხლის წვენის ჭიქით ხელში და გულითადი მისალმებით (Quel beau jour, Madame Costello!), არ მოიღუშო, არ გაჯიქდე. უთხარი: დიახ, დიახ, გეთანხმებით. თქვენს ხელში ვარ“. ისე მოიქეცი, როგორც შენთვის იქნება უკეთესი.
ჩემო ნორმა, დადგება ის დღე, როცა მე და შენ იძულებულნი ვიქნებით, სიმართლე ვთქვათ, ნამდვილი სიმართლე. შევძლებთ, რომ შევთანხმდეთ, არ მოვატყუოთ ერთმანეთი? არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მძიმე სათქმელი იქნება, ჩვენ მაინც ვთქვათ ეს სიტყვები: მდგომარეობა არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება და მანამდე გაუარესდება, სანამ უკიდურესობამდე არ მივა, სანამ უარესის წარმოდგენა შეუძლებელი არ გახდება.

შენი მოყვარული ქმარი,

ჯონი

ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ცუცქირიძემ