მარკ სტრენდი
December 6, 2020
ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ჯონ მაქსველ კუტზეე

ჯონ მაქსველ კუტზეე - ტყუილები

ძვირფასო ნორმა,

სან-ხუანის ერთადერთი სასტუმროდან გწერ. ნაშუადღევს დედა მოვინახულე. ნახევარსაათიანი აუტანელი გზა. მისი მდგომარეობა ისეთივე ცუდია, როგორსაც ვვარაუდობდი, და უარესიც. ჯოხის გარეშე ვერ დადის, და ჯოხითაც კი ძალიან ნელია. საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ კიბეზე ვეღარ ადის. ტახტზე სძინავს სასტუმრო ოთახში. სცადა, თავისი საწოლი ქვევით ჩაეტანინებინა, მაგრამ მუშებს უთქვამთ, დაშლის გარეშე ვერ გადავიტანთო (პენელოპეს არ ჰქონდა ასეთი საწოლი - ჰომეროსის პენელოპეს?). მისი წიგნები და ფურცლები ყველა ზევითაა - ქვევით მათი ადგილი არ არის. ღელავს, ამბობს, რომ მაგიდასთან უნდა დაბრუნება, მაგრამ არ გამოსდის. ერთი კაცია - პაბლო, რომელიც ბაღის მოვლაში ეხმარება. ვკითხე, საყიდლებზე ვინ დადის-მეთქი? ამბობს, პური, ყველი და ბაღის მოსავალი მყოფნის, მეტი არ მჭირდებაო. და მაინც, ვკითხე, სოფლიდან ვინმე ქალს ვერ მოიყვან, რომ საჭმელი გაგიკეთოს და დაგილაგოს-მეთქი? ამის გაგონებაც არ უნდა - ამბობს, რომ სოფელთან არაფერი ესაქმება. „და მაშინ პაბლო? - მე ვთქვი. - პაბლო სოფლის ნაწილი არ არის?“ დედამ მითხრა, პაბლო ჩემი პასუხისმგებლობააო. პაბლო სოფელს არ ეკუთვნისო. როგორც ვხვდები, პაბლოს სამზარეულოში სძინავს. ამ ქვეყანას არ არის, თუ იმ ქვეყანას, რა ვიცი, როგორ ამბობენ ხოლმე. მემგონი, იდიოტია, მიამიტი.
მთავარი თემა არ წამომიჭრია - მინდოდა, მაგრამ გამბედაობა არ მეყო. ხვალ დაველაპარაკები, როცა ვნახავ. ვერ ვიტყვი, რომ იმედიანად ვარ. ჩემ მიმართ ცივია. ვეჭვობ, იცის რისთვისაც მოვედი.
კარგად იძინე. ბავშვები მომიკითხე.

ჯონი
„დედა, შეიძლება შენი საცხოვრებელი პირობები განვიხილოთ? შეიძლება მომავალზე დავილაპარაკოთ?“
დედამისი, რომელიც უეჭველად იმავე დურგლის გაკეთებულ ძველ, მყარ სავარძელში ზის, ვინც უძრავი საწოლი გააკეთა, კრინტს არ ძრავს.
„უნდა იცოდე, რომ მე და ჰელენი შენზე ვნერვიულობთ. ერთხელ უკვე დაეცი და ახლა მხოლოდ დროის ამბავია, სანამ კიდევ დაეცემი. ასაკი არ გაკლდება და მარტო ცხოვრება იმ სახლში, რომელსაც დამრეცი კიბე აქვს, თანაც იმ სოფელში, სადაც მეზობლებთან კარგი ურთიერთობა არ გაქვს - სიმართლე გითხრა, ასეთი არსებობა არ გამოვა, ვეღარ გამოვა“.
„მე მარტო არ ვცხოვრობ, - ამბობს დედამისი, - ჩემთან პაბლოა. შემიძლია პაბლოს იმედი მქონდეს“.
„გეთანხმები, პაბლო შენთან ცხოვრობს. მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში იქნები კი პაბლოს იმედად? წინაზე პაბლო რამით დაგეხმარა? საავადმყოფოში რომ არ დაგერეკა, დღეს სად იქნებოდი?“
სიტყვა დამთავრებული არ აქვს, რომ ხვდება, შეცდომა დაუშვა.
„სად ვიქნებოდი? - ამბობს დედა. - როგორც ჩანს, შენ უკეთ იცი, მე რატომ მეკითხები? მიწაში, ალბათ, მატლების საჯიჯგნად. ამის მოსმენა გინდა?“
„დედა, გთხოვ, ცივი გონებით მიუდექი. ჰელენმა თავისთან ახლოს ორი ადგილი იპოვა, სადაც კარგად მოგივლიან და თავს ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მოგიყვე მათ შესახებ?“
„ორი ადგილი. ადგილში თავშესაფარს გულისხმობ? თავშესაფარს, სადაც თავს ისე ვიგრძნობ, როგორც სახლში?“
„დედა, რაც გინდა, ის დაუძახე. შეგიძლია დაგვცინო მე და ჰელენს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის - არ ცვლის ცხოვრების ფაქტებს. ერთხელ უკვე დაშავდი სერიოზულად, რის შედეგებსაც ახლა იმკი. შენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. პირიქით, დიდი ალბათობით, უარესობისკენ წავა. გიფიქრია, როგორი იქნება, ლოგინად ჩავარდნილი რომ იყო სოფელში, სადაც მხოლოდ პაბლო გეყოლება მომვლელად? გიფიქრია, როგორი იქნება ჩემთვის და ჰელენისთვის, როცა გვეცოდინება, რომ მოვლა გჭირდება, მაგრამ ჩვენ ვერ გივლით? ყოველ კვირას ათასობით კილომეტრს ხომ ვერ გამოვივლით?“
„არც მოველი ამას თქვენგან“.
„შენ ამას არ მოელი, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს. ასე იქცევიან, როდესაც ვიღაც უყვართ. ამიტომ გთხოვ, კეთილი ინებე და წყნარად მისმინე, სანამ მე გამოსავალს გთავაზობ. ხვალ ან ზეგ, ან მაზეგ მე და შენ აქაურობას დავტოვებთ და ნიცაში, ჰელენთან წავალთ. წასვლამდე შენთვის მნიშვნელოვანი ყველა ნივთის ჩალაგებაში მოგეხმარები - ყველაფრის, რასაც ვერ ელევი. ყველაფერს ყუთებში ჩავაწყობთ, რომლებიც, დაბინავდები თუ არა, მზად იქნება გამოსაგზავნად.
ნიციდან მე და ჰელენი იმ ორი სახლის სანახავად წაგიყვანთ, რომლებიც ვახსენე. ერთი ანტიბშია, მეორე კი - გრასის გარეთ. შეგიძლია დაათვალიერო და ნახო, მოგწონს თუ არა. ჩვენ არ დაგაძალებთ, საერთოდ არა. თუ არცერთი არ მოგეწონება, ნება შენია, შეგიძლია ჰელენთან დარჩე, სანამ სხვა ადგილებს მოვძებნით. სულაც არ გვეჩქარება.
ვიცი, რომ თავშესაფრები არ გიყვარს, დედა. არც მე მიყვარს და არც ჰელენს. მაგრამ დგება ჩვენს ცხოვრებაში ისეთი დრო, როდესაც კომპრომისზე წასვლა გვიწევს იმას შორის, რაც ჩვენ გვინდა და რაც ჩვენთვის კარგია - ერთი მხრივ, დამოუკიდებლობასა და მეორე მხრივ, უსაფრთხოებას შორის. აქ, ესპანეთში, ამ სოფელში, ამ სახლში შენ არანაირი გარანტია არ გაქვს. ვიცი, არ მეთანხმები, მაგრამ ეს არის მწარე რეალობა. შეიძლება ავად გახდე და ვერავინ გაიგოს. შეიძლება კიდევ დაეცე და უგონოდ იწვე, ან კიდურები მოიმტვრიო. შეიძლება მოკვდე“. დედა ხელს ოდნავ აიქნევს, თითქოს ამ ალბათობას უარყოფსო.
„ის ადგილები, რომლებსაც მე და ჰელენი გთავაზობთ, ადრე რომ იყო, ისეთი კი არ არის. კეთილმოწყობილი, კარგად გაკონტროლებული და ორგანიზებულია. ძვირია იმიტომ, რომ თავიანთი კლიენტებისთვის არაფერს იშურებენ. კარგად იხდი და სამაგიეროდ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას იღებ. თუ აღმოჩნდა, რომ გადასახადია პრობლემა, მე და ჰელენი სიამოვნებით დაგეხმარებით. შენი პატარა ბინა გექნება, გრასში კი - პატარა ბაღიც. შეგიძლია ან რესტორანში მიირთვა კერძები, ან ბინაში მოატანინო ხოლმე. ორივე ადგილს აქვს სავარჯიშო დარბაზი და საცურაო აუზი. სამედიცინო პერსონალი და ფიზიოთერაპევტები სულ მზადყოფნაში ჰყავთ. შეიძლება სამოთხე არაა, მაგრამ შენს ადგილას მყოფი ადამიანისთვის საუკეთესო გამოსავალია“.
„ჩემ ადგილას, - ამბობს დედამისი. - და რას ეძახი ჩემ ადგილს?“
კაცი ბრაზისგან ხელებს იქნევს.
„გინდა, რომ ვთქვა? მართლა გინდა, რომ პირდაპირ გითხრა?“
„კი. ამ ერთხელ, საცდელად, სიმართლე მითხარი“.
„სიმართლე ის არის, რომ მოხუცი ქალი ხარ, რომელსაც მიხედვა სჭირდება და რომელსაც პაბლოსნაირი კაცი ვერ მიხედავს“. დედამისი თავს აქნევს.
„ეგ სიმართლე არა. მეორე სიმართლე მითხარი, ნამდვილი სიმართლე“.
„ნამდვილი სიმართლე?“
„ხო, ნამდვილი სიმართლე“.

ძვირფასო ნორმა,

„ნამდვილი სიმართლე“ - აი, ეს მოითხოვა, უფრო სწორად, შემევედრა. ძალიან კარგად იცის, რა არის ნამდვილი სიმართლე, ისევე როგორც მე. ამიტომ რთული არ უნდა ყოფილიყო იმ სიტყვების თქმა. მეც საკმარისად გაბრაზებული ვიყავი, რომ ასე მოვქცეულიყავი - გაბრაზებული, რომ ამხელა გზა გამოვიარე მოვალეობის მოსახდელად, იმ მოვალეობის, რის გამოც მადლობას ვერც მე, ვერ შენ და ვერც ჰელენი ვერ მივიღებთ, ყოველ შემთხვევაში ამ ცხოვრებაში. მაგრამ ვერ შევძელი. პირში ვერ ვუთხარი ის, რისი შენთვის მოწერაც საერთოდ არ მიჭირს ახლა: ნამდვილი სიმართლე არის ის, რომ შენ კვდები. ნამდვილი სიმართლე არის ის, რომ ცალი ფეხი სამარეში გაქვს. ნამდვილი სიმართლე არის ის, რომ უკვე უსუსური ხარ ამ სამყაროში და ხვალ კიდევ უფრო უსუსური იქნები, და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ისეთი დღე არ დადგება, როცა დახმარებას ვეღარ ეღირსები. ნამდვილი სიმართლე არის ის, რომ პირობებს ვერ წამოაყენებ. ნამდვილი სიმართლე არის ის, რომ უარს ვერ იტყვი. უარს ვერ ეტყვი საათის წიკწიკს. უარს ვერ ეტყვი სიკვდილს. როდესაც სიკვდილი გეტყვის, მოდიო, თავი უნდა დახარო და მიხვიდე. ასე რომ, დათანხმდი. „კი“-ს თქმა ისწავლე. როცა გეუბნები, ესპანეთში შენივე შექმნილი კერა დატოვე, შენი ნაცნობი ნივთები დატოვე, წამოდი და იცხოვრე - ხო - თავშესაფარში, სადაც გვადალუპელი ექთანი დილას ფორთოხლის წვენით და მხიარული მისალმებით გაგაღვიძებს, ნუ მოიღუშები, ნუ გაჯიუტდები. დამთანხმდი. თქვი, თანახმა ვარ. თქვი, შენს ხელთ ვარ. ეს შენ სასიკეთოდ გამოიყენე. ძვირფასო ნორმა, მოვა დღე და ჩვენც დაგვჭირდება სიმართლის მოსმენა, ნამდვილი სიმართლის. ამიტომ შევთანხმდეთ რა. პირობა დავდოთ, რომ ერთმანეთს არ მოვატყუებთ და რომ რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ამ სიტყვების თქმა, ჩვენ მათ ვიტყვით: უკეთესობა არ იქნება, მხოლოდ უარესობისკენ წავა საქმე და იქამდე გაუარესდება, სანამ უფრო უარესი ვეღარ იქნება, სანამ ყველაზე უარესი არ იქნება.
შენი მოსიყვარულე ქმარი,

ჯონი

ინგლისურიდან თარგმნა ნინო თევზაძემ