ფრანც კაფკა
December 6, 2020
ვიქტორ ფრანკლი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ფრანც კაფკა

ფრანც კაფკა - კანონის წინ

კანონის წინ დგას დარაჯი. მასთან სოფლიდან მოდის კაცი და სთხოვს კანონში შესვლას, მაგრამ დარაჯი ეუბნება, რომ არ შეუძლია ამის ნება მისცეს. კაცი დაფიქრდება და ჰკითხავს, შეძლებს თუ არა მოგვიანებით შესვლას. „შესაძლებელია“ - პასუხობს დარაჯი, „მაგრამ ახლა არა“ . რადგან კანონის კარი როგორც ყოველთვის ღიაა, როგორც კი დარაჯი გვერდით გაიწევა, კაცი დაიხრება, რომ დაინახოს რა ხდება შიგნით. როცა დარაჯი ამას შენიშნავს, გაიცინებს და ეტყვის: „თუ ასე გიზიდავს, სცადე შესვლა ჩემი აკრძალვის მიუხედავად, მაგრამ დაიმახსოვრე, მე ძლევამოსილი ვარ და ამასთანავე მხოლოდ პირველი დარაჯი. ყოველი დარბაზის წინ ერთი მეორეზე მეტად ძლევამოსილი დარაჯები დგანან. მესამე დარაჯის მზერის გაძლება კი მეც არ მძალუძს.“ სოფლიდან ჩამოსულ კაცს არ ეგონა ასეთ სირთულეებს თუ გადააწყდებოდა. კანონი ხომ ყველასათვის და ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ფიქრობს ის. მაგრამ როდესაც ქურქში გამოწყობილ დარაჯს კარგად აკვირდება, ხედავს მის დიდ, წამახულ ცხვირს, გრძელ, თხელ, შავ თათრულ წვერს, კაცი ლოდინს ამჯობინებს, მანამ, ვიდრე ნებას არ დართავენ. დარაჯი კაცს ტაბურეტს აძლევს და ნებას რთავს კართან დაჯდეს. იქ კაცი დღეებისა და წლების განმავლობაში ზის; მცდელობას არ აკლებს, რომ რამენაირად შიგნით შევიდეს და დარაჯს თხოვნით გულს უწყალებს. დარაჯი ხშირად პატარ-პატარა დაკითხვებს უწყობს; ეკითხება მის ქვეყანასა და ბევრ სხვა რამეზე, მაგრამ ეს კითხვები გავლენიანი პირების დასმულ გულგრილ კითხვებს ჰგავს; დაკითხვის ბოლოს კი კვლავ უმეორებს, რომ მისი შეშვება არ შეუძლია. კაცი, რომელიც სამოგზაუროდაა აღჭურვილი, დარაჯის მოსასყიდად ყველაფერს იყენებს, რაც კი გააჩნია.
დარაჯი კი, ყველაფერს ართმევს და თან დასძენს: „ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ არ გეგონოს, თითქოს ძალისხმევა დააკელი.“ წლების განმავლობაში კაცი დარაჯს განუწყვეტლივ აკვირდება. მას ავიწყდება დანარჩენი დარაჯების არსებობა და მხოლოდ ამ ერთსღა თვლის კანონში შესვლის დაბრკოლებად. პირველ წლებში, ის საკუთარ უიღბლობას ხმამაღლა და მოურიდებლად წყევლის, მოგვიანებით კი, როდესაც დაბერდება, მხოლოდ თავისთვისღა ბუტბუტებს. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ბავშვური ხდება და რადგან დარაჯი წლების განმავლობაში ისე შეისწავლა, რომ მის ქურქში რწყილებსაც კი ამჩნევს, ახლა უკვე მათ სთხოვს დახმარებას დარაჯის დარწმუნებაში, რათა მოახერხოს კანონში შესვლა. ბოლოსდაბოლოს, მისი მხედველობა ისე უარესდება, რომ ვეღარ გაურჩევია სიბნელეს მართლა დაუსადგურებია ირგვლივ, თუ საკუთარი თვალები ღალატობენ. მაგრამ ახლა ამ წყვდიადში, ამჩნევს უწყვეტ ნათებას, რომელიც კანონის კარიდან იღვრება. ახლა მას უკვე ბევრი დრო აღარ დარჩენია სიცოცხლისთვის. სიკვდილამდე ყველა გამოცდილებასა და ცოდნას თავს უყრის, რაც კი ამ დროის განმავლობაში დაუგროვებია რომ დარაჯს ჰკითხოს ის, რაც აქამდე არ უკითხავს. კაცი თავის დაკვრით უხმობს დარაჯს, რადგან აღარ სძალუძს საკუთარი დაუძლურებული სხეულის აზიდვა. დარაჯი უნდა დაიხაროს, რადგან მათ შორის სიმაღლეში განსხვავება უკვე შესამჩნევია (არა მის სასარგებლოდ). „კიდევ რისი გაგება გინდა?“ - ჰკითხავს დარაჯი - „გაუმაძღარი ხარ“. „ყველა ისწრაფვის კანონისკენ“ - ეუბნება კაცი, -„როგორ მოხდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ჩემ გარდა არავის უთხოვია იქ შესვლა?“ დარაჯი ხვდება რა, რომ კაცი უკვე სიკვდილის პირასაა, იმისთვის რომ მას ხმა მიაწვდინოს, რაც ძალი და ღონე აქვს უყვირის: „ვერავინ შეძლებდა შესვლის ნებართვის მიღებას, რადგან ეს შესასვლელი მხოლოდ შენთვის იყო განკუთვნილი. ახლა კი წავალ და დავკეტავ.“

გერმანულიდან თარგმნა მარიამ კვერნაძემ