ილზე აიხინგერი
December 6, 2020
ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ილზე აიხინგერი

ილზე აიხინგერი - ფანჯრის თეატრი

ქალი ფანჯარას მიეყრდნო და გარეთ გაიხედა. ქარი მსუბუქად უბერავდა მდინარიდან და არაფერი ახალი არ მოჰქონდა. მზერა გაშტერებოდა. ხარბად იცქირებოდა, ცნობისმოყვარე ადამიანს რომ სჩვევია. მაგრამ მის საამებლად, სახლის წინაც კი არავის ჩამოუვლია. თანაც ქალი ბოლოსწინა სართულზე ცხოვრობდა. ქუჩა კი ძალიან ქვემოთ იყო. იქიდან მხოლოდ ყრუ ხმაური აღწევდა. ქვემოთ ყველაფერი ძალიან შორს მოჩანდა. ის-ის იყო ქალმა დააპირა ფანჯარას მოსცილებოდა, რომ შეამჩნია როგორ აანთო მოპირდაპირე მხარეს მოხუცმა კაცმა სინათლე. ჯერ კიდევ შემორჩენილ დღის სინათლეზე ოთახის შუქი უცნაურად ჩანდა. ისე, როგორც მზის ქვეშ ანთებული ლამპიონები. თითქოს ვიღაცას მოხუცის ფანჯრებში სანთლები მანამ დაენთო, სანამ საეკლესიო პროცესიას დასტოვებდა. ქალი ფანჯარასთან დარჩა. მოხუცმა ფანჯარა გამოაღო და თავი დაუკრა. „ნუთუ მე მგულისხმობს?“ გაიფიქრა ქალმა. მის ზემოთ ბინა ცარიელი იყო, ხოლო ქვემოთ სახელოსნო ამ დროს უკვე დაკეტილი. ქალმა მსუბუქად გააქნია თავი. მოხუცი კაცი ისევ ენერგიულად უკრავდა თავს. უცებ თავზე იტაცა ხელი და რომ აღმოაჩინა, რომ ქუდი არ ეხურა, მაშინვე ოთახის სიღრმეში გაუჩინარდა. მალევე გამოჩნდა ისევ ქუდით და ქურთუკით. ქუდი ეხურა და იცინოდა. შემდეგ ჯიბიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო და მის ქნევას მოყვა. თავიდან მსუბუქად, მერე კი ღონივრად. მოაჯირს ისე გადმოეკიდა, კაცს შეეშინდებოდა, სადაცაა გადმოვარდებაო. ქალმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ ამან მოხუცი კაცი კიდევ უფრო მეტად შეაგულიანა. ცხვირსახოცი ძირს დააგდო, მხრებიდან დიდი ჭრელი შარფი მოიძრო და ახლა იმას იქნევდა. თან იცინოდა. და როცა ქალმა, კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, მოხუცმა ენერგიულად მოიძრო ქუდი თავიდან და შარფი ჩალმასავით შემოიხვია თავზე. შემდეგ მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა და თავი მდაბლად დაუკრა.
რომ ამოხედა, მარცხენა თვალი შეთქმულივით ჩაუკრა. ქალის სიამოვნებამ მხოლოდ იქამდე გასტანა, სანამ უცაბედად კაცის ჰაერში აწეულ თხელ აბრეშუმის შარვალში გამოწყობილ ფეხებსღა არ დაინახავდა. მოხუცი თავდაყირა იდგა. როცა მისი აწითლებული სახე კვლავ გამოჩნდა, ქალს უკვე პოლიციაში ჰქონდა დარეკილი. იმ დროს, როცა ბამბის ზეწარში გახვეული კაცი ხან ერთ ფანჯარაში გამოჩნდებოდა, ხან მეორეში, ქალმა უკვე სამი ქუჩის იქით, ტრამვაის ზუზუნსა და ქალაქის დახშულ ხმაურში გამოარჩია პოლიციის მანქანის სირენის ხმა. რადგან მისი ახსნა-განმარტება არ იყო გასაგები და ხმაც აღელვებული ჰქონდა. მოხუცი კაცი ისე იცინოდა, მთელი მისი სახე ღრმა ნაოჭებს დაეღარა, შემდეგ სახეზე ხელი ირიბად ჩამოისვა და უცებ დასერიოზულდა. თითქოს სიცილი რამოდენიმე წამს მუჭში მოიქციაო და მის მოპირდაპირე მხარეს ისროლა. როცა მანქანამ კუთხეში შემოუხვია, მაშინღა მოწყვიტა ქალმა მზერა. ქალმა სულმოუთქმელად ჩაირბინა ქვემოთ. პოლიციის მანქანის გარშემო ხალხს მოეყარა თავი. პოლიციელები მანქანიდან გადმოხტნენ და ხალხმაც მათთან მოიყარა თავი. როდესაც პოლიციამ მათი დაშლა გადაწყვიტა, ყველამ ერთხმად უთხრა ჩვენც ამ სახლში ვცხოვრობთო. ზოგიერთი მათგანი ბოლო სართულამდეც კი აჰყვა პოლიციას. კიბეებიდან უცქერდნენ როგორ შეამტვრიეს პოლიციელებმა კარი მას შემდეგ, რაც მათ კაკუნს არავინ გამოეხმაურა და სავარაუდოდ ზარიც არ მუშაობდა. ისე სწრაფად და თავდაჯერებით მუშაობდნენ, ქურდსაც კი შეშურდებოდა. წამით არ შეყოვნებულან მისაღებ ოთახშიც კი, რომლის ფანჯარაც ეზოს გადაჰყურებდა. ორმა მათგანმა ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხაკრეფით წავიდა კუთხისკენ. ტანსაცმლის კარადას დაეჯახნენ. ვიწრო დერეფნის ბოლოში სინათლის სხივი დაინახეს და იმას გაყვნენ. ქალიც მათ აედევნა ფეხაკრეფით. კარი რომ გამოაღეს, კაცი ისევ ფანჯარასთან იდგა, მათგან ზურგით. დიდი თეთრი ბალიში ეხურა თავზე, რომელსაც წამდაუწუმ მოიხდიდა ხოლმე, თითქოს ვიღაცას ანიშნებდა მეძინებაო. იატაკიდან აღებული ხალიჩა მხრებზე მოეხვია. რადგან კარგად არ ესმოდა, იგი მაშინაც კი არ შემობრუნებულა, როცა კაცები ლამის თავზე წამოადგნენ. ქალმა მისი თავის ზემოთ, საკუთარი, ჩაბნელებული ფანჯარა დაინახა. სახელოსნო ქვემოთ, როგორც ივარაუდა, დაკეტილი იყო. მაგრამ მის ზემოთ ბინაში ახალი ოჯახი გადმოსულიყო. ბინის ერთ-ერთ განათებულ ოთახში საბავშვო საწოლი მიედგათ ფანჯარასთან, რომელზეც პატარა ბავშვი იდგა. მასაც ბალიში ედო თავზე, მხრებზე კი საბანი მოეხურა. ხტოდა, ხელებს იქნევდა და სიხარულისგან ჭყიპინებდა. გაიცინა. შემდეგ ხელი ჩამოისვა სახეზე. დასერიოზულდა. სიცილი რამოდენიმე ხანს მუჭში მოიქცია. შემდეგ კი მთელი ძალით შიგ სახეში ესროლა პოლიციელებს.

გერმანულიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა