ვიქტორ ფრანკლი
December 6, 2020
ილზე აიხინგერი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ილზე აიხინგერი

ილზე აიხინგერი - სპექტაკლი ფანჯარაში

ქალი ფანჯარას მიეყრდნო და გარეთ გაიხედა. მდინარიდან მობერილ მსუბუქ ნიავს მისთვის სიახლე არ მოუტანია. ქალს ცნობისმოყვარე ხალხისთვის დამახასიათებელი, დახარბებული მზერა ჰქონდა. მისთვის ანგარიში არავის არასდროს გაუწევია და სახლის ქვეშ არ ჩაუვლია. ამასთანავე, ქალი ბოლოს წინა სართულზე ცხოვრობდა და მისგან ქუჩა საკმაოდ შორს იყო; მხოლოდ ყრუ ხმაური აღწევდა მის სმენამდე. ის-ის იყო შემობრუნება დააპირა, როცა დაინახა, რომ მის მოპირდაპირე სახლში მოხუცმა კაცმა სინათლე აანთო. რადგან ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო, შუქი უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მხოლოდ თავისთვის ანათებდა, როგორც მოკაშკაშე ლამპიონი მზეში. თითქოს ვიღაცამ ფანჯარასთან მანამ დაანთო სანთელი, სანამ პროცესია ეკლესიას დატოვებდა. ქალი ფანჯარასთან დარჩა.

მოხუცმა ფანჯარა გამოაღო და მისალმების ნიშნად თავი დააქნია. „ნუთუ ჩემკენ იყურება?“ გაიფიქრა ქალმა. მის ზემოთ სართულზე ბინაში არავინ ცხოვრობდა, ხოლო ქვემოთა სართულზე კი - სახელოსნო განეთავსებინათ, რომელიც დღის ამ დროს დაკეტილი უნდა ყოფილიყო. ქალმა თავის მსუბუქი მოძრაობით უპასუხა. მოხუცმა კიდევ ერთხელ დააქნია თავი, შემდეგ ხელი შუბლისკენ წაიღო და მიხვდა რა, რომ ქუდი არ ეხურა, ოთახის სიღრმეში გაუჩინარდა.

რამდენიმე წამში ისევ გამოჩნდა თავზე ქუდითა და მოსასხამით. ქუდი მაღლა ასწია და გაიღიმა, შემდეგ ჯიბიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო და ჯერ ნაზად, შემდეგ კი ენერგიულად დაიწყო მისი ქნევა. მოხუცი მოაჯირზე ისე იყო გადმოყუდებული, გეგონებოდა ის-ის იყო გადმოვარდებოდა. ქალმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ თითქოს ამან მოხუცს გამბედაობა შემატა.
მან დააგდო ცხვირსახოცი, დიდი, ჭრელი შარფი მოიხსნა და მომღიმარმა ფანჯარაზე ააფრიალა. როცა ქალმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, მოხუცმა ქუდი ძირს მოისროლა და შარფი თავზე ჩალმის მსგავსად შემოიხვია. შემდგომ ხელები გულმკერდზე გადაიჯვარედინა და თავი დაუკრა.

რამდენჯერაც აიხედებოდა, მოხუციც იმდენჯერ ჩაუკრავდა მარცხენა თვალს, აქაოდა საიდუმლო გვაკავშირებსო. ქალი მანამ ტკბებოდა წარმოდგენის ცქერით, ვიდრე მოხუცის თხელ, დაკემსილ ხავერდის შარვლიან ფეხებს ჰაერში გამოკიდებულს არ დაინახავდა. კაცი თავდაყირა იდგა. მანამ მისი თავაზიანი, აჭარხლებული სახე კვლავ გამოჩნდებოდა, ქალს უკვე პოლიციაში დაერეკა.

იმ დროისთვის, როდესაც კაცის ზეწარში გახვეული სილუეტი, ხან ერთ, ხან კი მეორე ფანჯარაში გამოჩნდა, ქალმა სამი ქუჩის მოშორებით უკვე პოლიციის მანქანის სირენის ხმა ტრამვაის საყვირისა და ქალაქის ყრუ ხმაურისგან გამოარჩია, რადგან მის ხმას დარეკვისას აღელვება ეტყობოდა და მისი ნათქვამიდან აზრის გამოტანა ჭირდა. მოხუცი ახლა იმგვარად იცინოდა, რომ მთელი სახე ნაოჭებით დაღარვოდა, ხელი სახეზე გადაისვა, ღიმილი მოიშორა და დასერიოზულდა, თითქოს მუჭში გამოიმწყვდიაო, წამით ასე შეჩერდა და შემდეგ მოისროლა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მანქანა კუთხეში გამოჩნდა, შეძლო ქალმა ამ სანახაობისთვის თვალის მოწყვეტა.

ქალმა კიბეები სუნთქვაშეკრულმა ჩაირბინა. ხალხი უკვე მოგროვებულიყო პოლიციის მანქანასთან. როგორც კი პოლიციელები მანქანიდან გადმოვიდნენ, ხალხი მათ აედევნა, მათ შორის იყო ქალიც. როცა ხალხის დაშლა დააპირეს, ბრბომ ერთხმად აღნიშნა, რომ ყველა მათგანი ამ სახლში ცხოვრობდა. რამდენიმე მათგანი ბოლო სართულამდეც კი გაჰყვა პოლიციას და კიბეებიდან აკვირდებოდა, როგორ ამაოდ აკაკუნებდნენ კარზე. ზარის ღილაკიც გაფუჭებული ყოფილიყო, ამიტომ კარის შემტვრევა გადაწყვიტეს. ისე სწრაფად და მიზანდასახულად მოქმედებდნენ, რომ ქურდსაც კი შეშურდებოდა. არც შესასვლელში შეყოვნებულან, რომლის ფანჯრებიც ეზოს გადაჰყურებდა. ორმა მათგანმა ფეხსაცმელი გაიხადა და კუთხისაკენ ფეხაკრეფით წავიდა. ამასობაში კიდევ უფრო ჩამობნელდა. ისინი ტანსაცმლის საკიდს გადააწყდნენ, შემდეგ ვიწრო დერეფნის ბოლოს სინათლე შენიშნეს და მისი მიმართულებით წავიდნენ. ქალი მათ ფეხაკრეფით გაჰყვა უკან.

როდესაც კარი გაიღო, მოხუცი მათკენ ზურგით, კვლავ ფანჯარასთან იდგა. მას თავზე ბალიში ედო, რომელსაც ხან აიღებდა, შემდეგ კი კვლავ თავზე იდებდა, თითქოს ვინმეს ანიშნებდა ვიძინებო. შემდეგ ძირს დაგებული ხალიჩა აიღო და მხრებზე მოისხა. რადგან მოხუცი სმენადაქვეითებული იყო, არც მაშინ შემოტრიალებულა, როდესაც პოლიციელები მის ზურგსუკან დადგნენ. ქალი კი ამ დროს საკუთარ, წყვდიადში ჩამალულ ფანჯარას უყურებდა.

როგორც ქალი ვარაუდობდა, სახელოსნო დაკეტილი იყო. თუმცა ზედა სართულზე, ახალი მაცხოვრებლები გადმოსულიყვნენ, რადგან განათებულ ოთახში ბავშვის საწოლი ჩანდა, რომელიც ფანჯარასთან იყო მიჩოჩებული და მასზე პატარა ბიჭი იდგა. ხელში მასაც ბალიში ეჭირა, ხოლო მხრებზე საწოლის გადასაფარებელი ჰქონდა მოსხმული. სიხარულის ყიჟინას სცემდა, ხტოდა და მოხუცს ხელს უქნევდა. შემდეგ გაიცინა, ხელი სახეზე გადაისვა და დასერიოზულდა, შემდგომ ეს სიცილი მუჭში მოიქცია, ცოტახანი შეიცადა და მთელი ძალით პოლიციელებს სახეში ესროლა.

გერმანულიდან თარგმნა მარიამ კვერნაძემ