დიურენმატი
December 6, 2020
ფრანც კაფკა
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ილზე აიხინგერი

ილზე აიხინგერი - ერთი ფანჯრის თეატრი

ქალი ფანჯარას მიყრდნობოდა და გარეთ იყურებოდა. მდინარიდან მსუბუქად უბერავდა ქარი და არაფერი მოჰქონდა ახალი. ქალს ცნობისმოყვარე ადამიანის ხარბი და დაჟინებული მზერა ჰქონდა. თუმცა სახლის წინ ჩავლის პატივი ჯერაც არავინ დასდო. თანაც, ქალი ბოლოს წინა სართულზე ცხოვრობდა - ქუჩა კი დაბლა სიღრმეში მოჩანდა. ხმაური მხოლოდ ყრუდ თუ აღწევდა. ყველაფერი დაბლა სიღრმეში მოჩანდა. როგორც კი ქალმა ფანჯრიდან შემობრუნება დააპირა, შენიშნა, რომ მოხუცმა კაცმა შუქი აანთო. დღის სინათლეზე ეს შუქი ისეთ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორსაც მზის ქვეშ მოკაშკაშე ლამპიონები. ან თითქოს ვიღაცას ფანჯარაში სანთლები მანამ დაენთო, სანამ პროცესია ეკლესიას დატოვებდა. ქალი ფანჯარასთან დარჩა. მოხუცმა კაცმა ფანჯარა გამოაღო და თავი დაუკრა. მე მგულისხმობდა? გაიფიქრა ქალმა. მის ზემოთ სახლი ცარიელი იყო, ხოლო მის ქვემოთ სახელოსნო ამ დროისთვის უკვე დაკეტილი იქნებოდა. ქალმა თავი მსუბუქად გაამოძრავა. კაცმა ისევ დაუქნია თავი. უცბად მოხუცმა ხელი თავზე იტაცა, აღმოაჩინა, რომ ქუდი არ ეხურა და ოთახის სიღრმეში გაუჩინარდა. უმალ ისევ უკან დაბრუნდა, ახლა უკვე ქურთუკითა და ქუდით. კაცმა ქუდი მოიხადა და გაიღიმა. შემდეგ ჩანთიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო და მის ქნევას მოჰყვა.
მსუბუქად, თანდათან კი უფრო გულმოდგინედ იქნევდა. მოხუცი ფანჯრის რაფიდან ისე გადაეყუდა, რომ კაცს შიში დაეუფლებოდა, სადაცაა გადმოვარდებაო. ქალმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ თითქოს მოხუცი ამით კიდევ უფრო შეგულიანდა. მან ცხვირსახოცს ხელი გაუშვა, ყელიდან დიდი ფერადი შარფი მოიხსნა და ფანჯარაში ააფრიალა. თან გაიღიმა. და როგორც კი ქალმა კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, კაცმა ქუდი მკვეთრი მოძრაობით აისროლა და შარფი თავზე ჩალმასავით შემოიხვია. შემდეგ ხელები გულმკერდზე გადააჯვარედინა და თავი დახარა. ხოლო როგორც კი აიხედა, მარცხენა თვალი ისე ჩაუკრა, თითქოს შეთქმულები ყოფილიყვნენ. ამ ყველაფრით ქალი მხოლოდ იმ წუთამდე ტკბებოდა, სანამ იგი უეცრად მოხუცის ფანჯარაში დაკემსილი ხავერდის შარვლიდან ჰაერში აბზეკილ გამხდარ ფეხებს არ დაინახავდა. მოხუცი თავდაყირა იდგა. ხოლო მანამ მისი ალმურ მოდებული, გახურებული და კეთილგანწყობილი სახე ისევ გამოჩნდებოდა, ქალს პოლიციისთვის უკვე ეცნობებინა. სანამ ზეწარში გახვეული მოხუცი ხან ერთი, ხანაც მეორე ფანჯრიდან ჩნდებოდა, ქალმა ტრამვაის ზარებსა და ქალაქის დახშულ ხმაურში, სამი ქუჩის გაღმა პოლიციის სირენების ხმა გაარჩია; ეს კი იმიტომ, რომ ტელეფონში მისი ახსნა-განმარტება ბუნდოვანი იყო და თან აღელვებული ხმა ჰქონდა. მოხუცი კაცი ახლა ისე იცინოდა, რომ მისი სახე მთლიანად ნაოჭებს დაეფარა; მერე ხელი გაურკვეველი ჟესტით სახეზე გადაისვა, უფრო სწორად, თითქოს წამით სიცილი ხელში მოიმწყვდიაო და შემდეგ გადაისროლა. მხოლოდ მაშინ, როცა მანქანამ კუთხეში შემოუხვია, ქალი იქაურობას გაეცალა. კიბეზე სულმოუთქმელად ჩაირბინა. პოლიციის მანქანის გარშემო დიდი ოდენობით ხალხს მოეყარა თავი. პოლიციელები მანქანიდან უკვე გადმომხტარიყვნენ; მათ უკან ხალხი მიჰყვებოდა, ხოლო ხალხს - ქალი. როგორც კი ხალხის დაშლა სცადეს, მათ ერთხმად შესძახეს, რომ ისინი ამ სახლში ცხოვრობდნენ. ზოგიერთი მათგანი პოლიციელებს ბოლო სართულამდეც კი აჰყვა. ისინი კიბის საფეხურებიდან აკვირდებოდნენ იმას, თუ კაცებმა როგორ შეამტვრიეს კარი, მას შემდეგ, რაც მათი კაკუნი უშედეგო აღმოჩნდა, ხოლო კარის ზარი კი, როგორც ჩანს, არ მუშაობდა. პოლიციელები ისეთი სისწრაფითა და სიფრთხილით მუშაობდნენ, რომ მათი ნებისმიერ მძარცველს შეშურდებოდა. ისინი არც იმ დერეფანში შეყოვნებულან, რომელიც ეზოს გადაჰყურებდა. ორმა მათგანმა ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხაკრეფით კუთხისკენ წავიდა. ამასობაში საკმაოდ ჩამობნელდა კიდეც. პოლიციელები კარადას მიეყრდნენ, ვიწრო კორიდორის ბოლოში სინათლე შენიშნეს და მას გაჰყვნენ. ქალიც ფეხაკრეფით აედევნა მათ. კარი შეაღეს თუ არა, მათგან ზურგშექცევით ფანჯარასთან მდგარი მოხუცი კაცი გამოჩნდა. თავზე დიდი თეთრი ბალიში ედო, რომელსაც წამდაუწუმ ისე იღებდა, თითქოს ვიღაცას ანიშნებდა, რომ დაძინება სურდა. ძირს დაგებული ხალიჩა კი აეღო და მხრებზე მოესხა. რადგან მოხუცს კარგად არ ესმოდა, ამიტომ ის მაშინაც არ შემოტრიალებულა, როდესაც პოლიციელები უკვე თითქმის მის ზურგს უკან იდგნენ; ამ დროს ქალმა საკუთარ ჩაბნელებულ ფანჯარას გახედა. როგორც ქალმა ივარაუდა, მისი სახლის ქვემოთ სახელოსნო დაკეტილი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, მის ზემოთ ახალი ოჯახი გადმოსულიყო. შუქით განათებულ ერთ-ერთ ოთახში ბავშვის საწოლი იდგა, რომელიც ფანჯარასთან მიეჩოჩებინათ და მასში პატარა ბიჭუნა წამომართულიყო. ბიჭსაც ბალიში თავზე დაედო და მხრებზე საბანი შემოეხვია. ის დახტუნავდა, გარშემო ტრიალებდა და სიხარულისგან ჭყიპინებდა. ბიჭუნამ გაიცინა, ხელი სახეზე გადაისვა, დასერიოზულდა და თითქოს ეს სიცილი მუჭში მოიქციაო. შემდეგ კი სიცილი მთელი ძალით პოლიციელებს სახეში ესროლა.

გერმანულიდან თარგმნა ანა ბარიხაშვილმა