ილზე აიხინგერი
December 6, 2020
ფრიდრიხ დიურენმატი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ფრანც კაფკა

ფრანც კაფკა - კანონის წინ

კანონის წინ დარაჯი დგას. დარაჯთან ერთი სოფლად მცხოვრები კაცი მოდის და სთხოვს, კანონთან შემიშვიო. მაგრამ დარაჯი ეუბნება, შესვლის უფლებას ჯერ ვერ მოგცემო. კაცი ცოტა ხანს დაფიქრდება და შემდეგ ჰკითხავს, მოგვიანებით თუ მექნება შესვლის უფლებაო. „შესაძლოა“, - უპასუხა დარაჯმა,- „მაგრამ ახლა არა“. კანონის კარი, როგორც ყოველთვის, ღია იყო, დარაჯი კი განზე გადგა, ამიტომ კაცმა დაიხარა და კარიბჭის მიღმა შეხედვა სცადა. როგორც კი დარაჯმა ეს შენიშნა, გაიცინა და უთხრა: „თუ ასე გაინტერესებს, მაშინ სცადე და ჩემი აკრძალვის მიუხედავად შიგნით შედი, მაგრამ გახსოვდეს: დიდია ძალა ჩემი, თუმცა მე ყველაზე დაბალი რანგის დარაჯი ვარ; ყოველ მომდევნო დარბაზთან ერთიმეორეზე უფრო ძლიერნი დგანან. მესამე დარაჯის გამოხედვას კი მეც ვერ ვუძლებ.“ სოფლიდან ჩამოსული კაცი ასეთ სირთულეებს არ ელოდა; კანონი ხომ ყველასთვის და ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, გაიფიქრა მან და ბეწვის ქურქში გახვეული დარაჯი დაკვირვებით შეათვალიერა; შეხედა მის წაწვეტებულ ცხვირს, გრძელ, თხელ და შავ თათრულ წვერს და გადაწყვიტა იქამდე მოეცადა, სანამ შესვლის უფლებას არ მიიღებდა. დარაჯმა პატარა სკამი გაუწოდა და კარიბჭის ახლოს ჯდომის ნება დართო; და კაციც იქ ზის დღეებისა და წლების მანძილზე. თან კანონთან შეშვების თხოვნით დარაჯი დაღალა.
დარაჯმაც მრავალჯერ მოუწყო დაკითხვა, ხან მშობლიური მხარის ამბები ჰკითხა, ხან რა და ხანაც რა აღარ, მაგრამ ეს მხოლოდ უმნიშვნელო კითხვები იყო, როგორიც დიდ კაცებს სჩვევიათ ხოლმე და ბოლოს მუდამ დააყოლებდა, ჯერ ვერ შეგიშვებო. კაცი, რომელიც ამ მოგზაურობისთვის კარგად იყო მომზადებული, არაფერს იშურებდა, ძვირადღირებულსაც კი, ოღონდ როგორმე დარაჯი მოექრთამა. ისიც ყველაფერს ართმევდა, თუმცა ეუბნებოდა: „ამას მხოლოდ იმიტომ გართმევ, რომ არ იფიქრო, თითქოს რაღაც დააკელი.“ მრავალი წლის განმავლობაში კაცი განუწყვეტლივ აკვირდებოდა დარაჯს. ამასობაში კანონამდე მისაღწევ გზაზე მდგომი სხვა მოდარაჯენი სულ დაავიწყდა და მხოლოდ ეს ერთი მიაჩნდა დაბრკოლებად. პირველ ხანებში კაცი ამ უბედურ შემთხვევას მოურიდებლად და ხმამაღლა წყევლიდა, შემდეგ რაც უფრო მოხუცდა, მხოლოდ თავისთვის თუ ჩაილაპარაკებდა რაღაცას. ამასობაში ბავშვურიც გახდა და რადგან წლების მანძილზე ისე კარგად შეისწავლა დარაჯი, რომ მისი ბეწვის ქურქის საყელოში რწყილებიც კი შენიშნა, ამიტომ ახლა რწყილებს სთხოვდა დახმარებას, დარაჯი დაეთანხმებინათ. თანდათან თვალის ჩინიც დააკლდა და აღარ იცოდა, გარეთ მართლა სიბნელემ დაისადგურა თუ თვალი ატყუებდა. სწორედ ამ დროს შეამჩნია, რომ ამ სიბნელეში, კანონის კარიბჭიდან უწყვეტად სინათლე გამოსჭვიოდა. კაცის სიცოცხლე დასასრულს უახლოვდებოდა. სიკვდილის წინ მთელი ამ ხნის გამოცდილება მის გონებაში ერთ კითხვად შეჯერდა, რომელიც დარაჯისთვის აქამდე არ დაესვა. კაცი თავის გაშეშებულ სხეულს ვეღარ ერეოდა და წამოდგომა გაუჭირდა, ამიტომ დარაჯს ხელის დაქნევით ანიშნა. დარაჯი იძულებული გახდა მეტისმეტად დაბლა დახრილიყო, რადგან კაცი ძლიერ დაჩიავდა. „კიდევ რისი ცოდნა გსურს?“- შეეკითხა დარაჯი კაცს, - „რა გაუმაძღარი ყოფილხარ!“ „ყველა ხომ კანონისკენ ისწრაფვის“ - თქვა კაცმა, - „როგორ მოხდა, რომ ამ ხნის მანძილზე ჩემს გარდა არავის მოუთხოვია აქ შეშვება?“ დარაჯი ხვდებოდა, რომ კაცი სიკვდილის პირას იყო და უკვე კარგად აღარ ესმოდა; მისთვის რომ გაეგონებინა, მან კაცს ყვირილით უთხრა: „აქ შემოსვლის უფლებას ვერავინ მიიღებდა, რადგან ეს შესასვლელი მხოლოდ შენთვის იყო განკუთვნილი, ახლა კი წავალ და დავკეტავ.“

გერმანულიდან თარგმნა ანა ბარიხაშვილმა