მარკ სტრენდი
December 6, 2020
ფრანც კაფკა
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ფრანც კაფკა

ფრანც კაფკა - პროცესი

„გამოდის, რომ დარაჯმა კაცი მოატყუა“, თქვა კ-მ, რომელიც მოსმენილის შემდეგ, შთაბეჭდილებების ქვეშ იყო. „ნუ იჩქარებ“ , უთხრა მღვდელმა, „და სხვის აზრს შეუმოწმებლად ნუ მიიღებ. მე ისტორია ზუსტად ისე მოგიყევი, როგორც მოცემულია. მოტყუებაზე იქ არაფერია ნათქვამი.“ „ მაგრამ ეს ხომ ისედაც ცხადია“, თქვა კ-მ, „და შენი თავდაპირველი ინტერპრეტაციაც სავსებით სწორი იყო. დარაჯმა მხოლოდ მაშინ გაუმხილა კაცს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიმართლე, როდესაც უკვე ძალიან გვიანი იყო.“

„მაგრამ კაცს ადრე არც კი დაუსვამს ეს შეკითხვა“, თქვა მღვდელმა, „დაფიქრდი, ის ხომ მხოლოდ დარაჯი იყო, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა“. „რატომ ფიქრობ, რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულა?“ იკითხა კ-მ. „ ჩემი აზრით, არ შეუსრულებია. მისი ვალი იყო უცხო ხალხისთვის აეკრძალა შესვლა, და არა იმ კაცისთვის, რომლისთვისაც შესასვლელი იყო განკუთვნილი.“ „შენ საკმარის ყურადღებას არ აქცევ ტექსტს და იგავს მთლიანად ცვლი“, თქვა მღვდელმა. „იგავში დარაჯი კანონში შესვლის შესახებ ორ განმარტებას აკეთებს; ერთ მათგანს დასაწყისში, ხოლო მეორეს - ბოლოში. პირველ შემთხვევაში, იგი კაცს ეუბნება, რომ შესვლის უფლებას ახლა ვერ მისცემს, ხოლო, მეორე შემთხვევაში - რომ ეს შესასვლელი მხოლოდ მისთვისაა განკუთვნილი. ამ ორ განმარტებას შორის რომ წინააღმდეგობა არსებობდეს, მაშინ მართალი იქნებოდი, რომ გეთქვა, დარაჯმა კაცი მოატყუაო; მაგრამ არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. პირიქით, პირველი მეორეს წინაპირობაც კია. შეიძლება ითქვას, რომ დარაჯმა თავის მოვალეობას მაშინ გადაუხვია, როდესაც კაცს შიგნით შეშვების მოლოდინი შეუქმნა. იმ დროისთვის მისი ერთადერთი მოვალეობა იყო, რომ კაცისთვის არ დაერთო შესვლის ნება; მრავალი ადამიანი, რომელიც იგავის ახსნას ცდილობს, გაკვირვებულია ამ ფაქტით, რადგან დარაჯს თითქოს სიზუსტე უყვარს და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს.
მრავალი წლის განმავლობაში, ის არ ტოვებს თავის პოსტს და კარს მხოლოდ ბოლოს კეტავს; მას შეგნებული აქვს თავისი სამსახურის მნიშვნელობა, რადგან ამბობს: „მე ძლევამოსილი ვარ“ და ამავდროულად, მოკრძალებულია მისი უფროსების მიმართ, რადგან ამბობს: „მე ყველაზე დაბალი რანგის დარაჯი, ვარ“, იგი არც ყბედია, რადგან როგორც ნათქვამია, მრავალი წლის განმავლობაში, იგი კაცს მხოლოდ „უმნიშვნელო კითხვებს“ უსვამდა; არც მისი მოსყიდვაა შესაძლებელი, რადგან ქრთამზე ის ამბობს: „მხოლოდ იმიტომ ვიღებ, რომ არ იფიქრო, თითქოს მცდელობა დააკელი“; ხოლო როდესაც მოვალეობის შესრულებაზე მიდგება საქმე, მისი არც მოთაფვლაა შესაძლებელი და არც წყობიდან გამოყვანა, რადგან როგორც ნათქვამია, „კაცი თავს აბეზრებდა თხოვნით“; დაბოლოს, მის პედანტურ ხასიათზე გარეგნობაც მეტყველებს, დიდი წამახული ცხვირი და გრძელი, თხელი, შავი, თათრული წვერი.

გერმანულიდან თარგმნა მარიამ კვერნაძემ