ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ვიქტორ ფრანკლი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მოჰამად ბაჰმან ბეიგი

მოჰამად ბაჰმან ბეიგი - ალი

საფდარის ოჯახი უცნაურ ფორიაქსა და მღელვარებას მოეცვა. ოჯახის ყველა წევრზე მეტად ზოლეიხა, საფდარის ცოლი იყო აფორიაქებული. ის ბავშვს ელოდებოდა. მიყრუებული მთების ძირში, ხშირი ტყის პირას, მანქანისა და სამანქანო გზიდან შორს, ექიმისა და წამლისგან შორს ბავშვს ელოდებოდა. ორსულობის მეცხრე თვეში იყო. დასუსტებული და დამძიმებული, ძლივს სუნთქავდა. გული აჩქარებული ჰქონდა. მუცელი ძალიან წამოზრდოდა. გაჭირვებით ხედავდა და გაჭირვებით ესმოდა. ყველა შიშსა და ძრწოლას აეტანა. ყველაზე მეტად ზოლეიხა! ზოლეიხას მშობიარობის ტკივილის არ ეშინოდა. სულების და მოჩვენებების არ ეშინოდა. ავსული ალის, რომელიც მშობიარის შიგნეულობით იკვებებოდა, არ ეშინოდა. სიკვდილის სისხლიანი ბრჭყალების და განგების დაუნდობელი კლანჭების არ ეშინოდა. უფრო ძლიერ შიშს შეეპყრო. ყველა შიშზე უფრო საშინელ და მომაკვდინებელ შიშს! ეშინოდა, რომ, ბიჭის მაგივრად, ისევ გოგოს გააჩენდა და ოჯახისა და ქმრის წინაშე კვლავ შერცხვენილი და დამცირებული იქნებოდა. ქორწინებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, მიყოლებით გაჩენილი შვიდი გოგოს მერე, მერვე შვილის ჯერი დამდგარიყო. მის პირველ გოგოს გულნარა ერქვა. თვითონ მარტო ეს სახელი აარჩია. დანარჩენი გოგოების სახელები, საჭიროებისა და აუცილებლობის გამო, გოგოს მოსალოდნელი დაბადების თავიდან აცილების იმედით იქნა შერჩეული: გვეყოგოგო, გვეყოვარდი, გვეყომთვარე, გვეყოდიბა, კმარისა და კმარია. საფდარისა და ზოლეიხას ოჯახი ტყიანი მთიანეთის მკვიდრი პატარა თემის ნაწილი იყო, რომელიც მამასანის დიდ ტომს ეკუთვნოდა. ტომი ბიჭს ითხოვდა. ტომში მარტო ბიჭს შეეძლო კერაში ცეცხლის გაღვივება. გოგოების პატრონი მამების კერას ჩამქრალ და ჩანავლულ კერად მიიჩნევდნენ და გოგოების პატრონი დედების გასაჭირზე ბევრს წუხდნენ და ნაღვლობდნენ.
ტომი, რომელსაც ამდენი მამაცი ქალი ჰყავდა, გოგოს მდაბალ არსებად თვლიდა. ტომი, რომელსაც ამდენი ღირსეული ქალი ჰყავდა, კაცების დამარცხებისას, მტრის ხელში ტყვედ ჩავარდნის შიშით, ერთმანეთს თმით რომ გადაებმებოდნენ და მაღალი ციხე-კოშკებიდან ხტებოდნენ, გოგოს, დას, ცოლს და დედას კნინ და უფასურ არსებად მიიჩნევდა. გოგოს მემკვიდრეობას არ არგუნებდა. მზითევს და მეჰრიეს*1 არ აძლევდა. კაცების სუფრასთან არ სვამდა. გოგოს ახლად გახსნილ სკოლებში არ უშვებდა. დას ძმის თანასწორად არ აღიარებდა. გოგოს საზღაურად შირბაჰას*2 იღებდა. მას თითქოს ყიდდა და ზოგჯერ ისე ძვირად ყიდდა ხოლმე, რომ გოგოს და მის ქმარს ცარიელზე ტოვებდა. ამ პატარა საზოგადოებაში, რომელიც მთაში დასახლებულიყო და ლურის ენაზე მეტყველებდა, გოგოს „შვილს“ არ უწოდებდნენ. ოჯახში „შვილები“ მხოლოდ ბიჭები იყვნენ. როდესაც სტუმრები ან მგზავრები საფდარს ეკითხებოდნენ, რამდენი შვილი გყავსო, ის დარცხვენილი და თავჩაქინდრული პასუხობდა: „შვილი არ მყავს. რამდენიმე მხევალი მყავს“. როდესაც ზოლეიხას ქმრის ეს მწარე სიტყვები ესმოდა, დარდისაგან გული უმძიმდებოდა. ზოლეიხა ამ მტანჯველი დარდისა და ვარამის მიუხედავად, ჯერ ისევ ლამაზი ქალი იყო. მისი სიცოცხლე ოცდაათ წელსაც არ ითვლიდა. მისი სქელი თმა ჯერ ისევ უმტვრევდა სავარცხელს კბილებს. დიდრონი და მომნუსხველი თვალები ჯერ ისევ ქმრის სიყვარულისა და ერთგულების თავდები იყო. თოვლივით ფითქინა კანქვეშ ცეცხლისფრად აალებულ მუხაზე უფრო წითელი სისხლი უჩქეფდა. მისი სახე რძისა და ბროწეულის ფერი იყო. ზოლეიხა გვარში ყველაზე ლამაზი ქალი იყო. მისი ქმარი გამორჩეული კაცი იყო. ბასრი ცულითა და ღონიერი მკლავით ტყის პირას მდგარი უზრმაზარი ხეები გაეჩეხა და პატარა მეურნეობა მოეწყო. რამდენიმე სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი მოეშენებინა. ზოლეიხასა და გოგოების დახმარებით ხვნა-თესვას მისდევდა და ცხოვრების ჩარხს ატრიალებდა. ზოლეიხას გოგოები მასავით ლამაზები იყვნენ. უზარმაზარი შირბაჰა ერგებოდათ და ნათელი მომავალი ელოდათ. მაგრამ ეს სიხარული იმ დიდ ტკივილთან შედარებით ისეთივე უმნიშვნელო მოჩანდა, როგორც თივის ზვინი მის წინ აღმართულ მთასთან. ზოლეიხა ვაჟიშვილის არყოლის გამო დარდსა და ნაღველს მოეცვა. შერცხვენილი და თავლაფდასხმული იყო. ცოლებსა და დედებს შორის თითით საჩვენებელი იყო. ქორწინებიდან თოთხმეტი წელი გადიოდა და შვიდი დიდ-პატარა გოგოს გვერდით ერთი ბიჭი არ ჰყავდა. უნაყოფო ხე იყო და დამშრალი, უწყლო ნაკადული! მისი წუხილი გაუსაძლისი იყო, მისი დღეები უმზეო, ღამეები - უმთვარო და უვარსკვლავო იყო. ზოლეიხა დანაშაულის ჩადენის გარეშე დამნაშავე იყო. სამსჯავროს გარეშე - მსჯავრდებული იყო. საფდარი მისი დანაშაულის თანამონაწილე იყო, მაგრამ ის მამა იყო. კაცი იყო. მისი დანაშაული მისატევებელი იყო. ზოლეიხას სუსტი მხრები დანაშაულის სიმძიმისთვის შესაფერი და საკადრისი იყო. ის ქალი იყო. დედა იყო. მისი დანაშაული მიუტევებელი იყო. ყველას დაცინვა და გაქირდვა, საყვედური და გაკიცხვა მისკენ იყო მიმართული. ზოლეიხა ხმას არ იღებდა და ამხელა წამებას უდრტვინველად იტანდა. ამ მძიმე ტვირთქვეშ მთელი მისი არსებობა შერყეულიყო. მისი ხსნა მხოლოდ ბიჭი იყო. მისი უდანაშაულობის საბუთი მხოლოდ ბიჭი იყო. მისი ტკივილის წამალი, ბიჭის გარდა, არაფერი იყო. სხვა დედებს, მეზობლებს და ნათესავებს ყველას ბიჭი ჰყავდა. ყველას ზურგს ბიჭი უმაგრებდა. ზოლეიხა სხვების ბიჭების შემყურე იყო. ხელში თოფს იღებდნენ, სანადიროდ მიდიოდნენ, ჭიდაობდნენ, შურდულს ისროდნენ, სათემო სკოლაში დადიოდნენ, ლექსს კითხულობდნენ, წარმოდგენას მართავდნენ და ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობდნენ. სევდითა და ნაღველით დამძიმებული ზოლეიხა ამ სასიამოვნო და სანატრელი სცენების მღელვარე მაყურებლად ქცეულიყო. მუცელში ნაყოფის მოძრაობას გრძნობდა. ბავშვის ფეხის ხმა ესმოდა. მუცელზე ხელს იდებდა, ბიჭს ნატრობდა და ოხრავდა. ბიჭი, რომელიც ამ თამაშობებში, ყოყლოჩინობებში და ძალის გამოცდაში ჩაებმებოდა. ნატრობდა, რომ, მხევლისა და მსახურის ნაცვლად, მასაც თავისუფალი ბავშვი გაეჩინა. ვაჟკაცი და გულადი ბავშვი, რომელიც მისი თავმომწონეობისა და სიამაყის მიზეზად იქცეოდა. ბავშვი, რომელიც ოჯახის ცივ კერას გაათბობდა და გააღვივებდა. სკოლაში წავიდოდა, ისწავლიდა, კაცი დადგებოდა, მისი და მისი გოგოების მფარველი გახდებოდა. ზოლეიხას ამ ნატვრის ასახდენად გრძელი გზა გაევლო. ბევრი ელოცა. კერას მთხვეოდა. ბატკანი და ციკანი შეეწირა. შეიხთან, დერვიშთან და ჩავუშთან*3 წასულიყო. მთა-ბარი, სოფელ-ქალაქი, ნაყოფიერი-უნაყოფო, ცხელი თუ ცივი ადგილები ფეხით შემოევლო. წმინდანების ნატერფალები მოელოცა, ნატვრის ხეები ჭინჭებით მოერთო, აკლდამებისთვის თავსაფარი შეება. ზოლეიხას გოგონებიც დედის ტკივილის თანაზიარები იყვნენ. ისინიც იმედითა და მღელვარებით ელოდნენ ახალშობილის დაბადებას. ძმის ნატვრაში წუთებს ითვლიდნენ. ძმა უნდოდათ, რათა მისთვის აკვანი დაერწიათ, იავნანა ემღერათ, მასზე ეზრუნათ; მისი ქოჩრის სურნელი შეეგრძნოთ, ფეხისგულები დაეკოცნათ, მის ქუდსა და პერანგზე თილისმად მოლაყოლის მძივი და წმინდა სოლეიმანის ქვა დაეკერებინათ.

***

ტკივილები სინათლეს გაურბიან. ტკივილები ოდითგანვე ბნელი ღამეების თვისებაა. ზოლეიხას ტკივილები ბნელი ღამით დაიწყო. მშობიარობის ამბავი მთელ ტომს მოედო. ქალები მშობიარეს შემოეხვივნენ. მათგან ყველაზე მოხუცი, რომელიც ტომის ბებიაქალი იყო, სხვებზე უფრო გვიან მოვიდა და მშობიარობისთვის საჭირო ნივთები და ხურჯინი მოიტანა, რომლებშიც წამლები ეწყო: ჯანჯაფილი, დარიჩინი, წიწაკა, ესფანდი, მიხაკი, ილი, ბეგქონდარა, პიტნა, ყარაყორუთი, შაქარყინული, შაბი, დენთი, ლილა, ყვავის ნაღველი, მელიის ნაღველი, ვეფხვის ბრჭყალები, მგლის ხახა, არწივის კლანჭი, ცხენის ფაფარი და ძუა. კუბოკრულ ნაჭერში გახვეული, უღონო და უილაჯო ზოლეიხა ლოგინზე მიგდებულიყო. მისი ლოგინი - მაგარი ბალიში, სქელი ნაბადი, ზოლებიანი ფარდაგი და ძველი სამხედრო მოსასხამი - კერიასთან იყო გაშლილი. კერიაში ცეცხლი ენთო. ცეცხლის ალი და ქალების მისვლა-მოსვლა კარვის კედლებზე მოძრავ შუქჩრდილებად ირეკლებოდა. თითქოს სულები დაბორიალებდნენ. შეშისა და ესფანდის კვამლი გარემოს ბინდავდა და აბნელებდა. მოსალოდნელ რეალობასთან შეჯახება ყველას შიშის და განგაშის ზარს სცემდა. დედის ჯანმრთელობაზე ნაკლებს დარდობდნენ და ბიჭის დაბადებაზე მეტს. ზოლეიხას შეჭმუხნილი წარბები, შეშინებული და უმეტყველო თვალები იმაზე მიანიშნებდა, რომ თავსდატეხილი უბედურება აშინებდა და გოგოს დაბადების შესაძლებლობა აფორიაქებდა. სახლში ნერვიულობასა და მღელვარებას დაესადგურებინა. ზოლეიხა დასუსტებულიყო და დაუძლურებულიყო. ტკივილიანი ხმით კვნესოდა. ტუჩებს ძლიერად კუმავდა. ბებიაქალმა საყელო გაუღეღა. პერანგის საკინძეები შეუხსნა. თავსაფარი მოხადა, მაგრამ თითქოს ფილტვებში საკმარისი ჰაერი არ ჩასდიოდა - იგუდებოდა. ბორგავდა. ხელ-ფეხს იქნევდა. ბებიაქალის მკურნალობა და წამლები უშედეგო იყო. ზოლეიხას მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. მშობიარობა მარტივი და უბრალო არ იყო. წინა მშობიარობებს არ ჰგავდა. ზოლეიხა ყველა გოგოზე ამ ბებიაქალს ემშობიარებინა. ამჯერად საქმე რთულად იყო. ზოლეიხა გონებას კარგავდა. კრიჭა შეკვროდა. არათუ წამალი, ყელში წყლის ერთი წვეთიც კი არ გადასდიოდა. ზოლეიხას სუნთქვა სიკვდილის სუნთქვას შერეოდა. სიკვდილი ორ ნაბიჯში ელოდა. მასთან ბრძოლაში პირისპირ დარჩენილიყო. ზოლეიხა უხილავ მტერს შებმოდა. ბებიაქალმა საფრთხე იგრძნო და ჩამწყდარი ხმით თქვა: „ალი!“ ტომი ბუნებისა და ზებუნებრივი ძალების ტყვეობაში იყო. ავი სულებისა და ეშმაკების ტყვეობაში იყო. ავსულებს შორის ალი ყველაზე შურისმაძიებელი იყო. ალი ტომს თავს დასტრიალებდა. ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებზე დაჰყვებოდა. მუდამ ტომის მშობიარე ქალებს უსაფრდებოდა. ტომის ხალხი ამ მოსისხლე მტერს უძველესი დროიდან იცნობდა. სახლების უმეტესობა გაეცამტვერებინა. მრავალი დედა შავ მიწაში ჩაედო. მრავალი ბავშვი დაეობლებინა და უსახლკარო მაწანწალად ექცია. ალს დედამიწის ზურგზე ისე არავინ და არაფერი აფრთხობდა და აშინებდა, როგორც ცხენი, რკინა და შავი ფერი. ცხენი, რკინა და შავი ფერი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ტომში ერთი დედაც კი არ გადარჩენილიყო. ბრძოლა დაიწყო. ჟანგიანი ხმალი, რომელსაც მოღუნული წვერი ჰქონდა, ზოლეიხას სასთუმლთან დაუდეს. მაჯა, კოჭი და მკლავები ცხენის ფაფრისგან დაწნული შავი ბაწრით შეუკრეს. ჯაჭვს რამდენიმე რგოლი მოაძრეს და ხელისგულზე დაუწყვეს. საწოლს შავი ნაჭერი გადააფარეს. მისი ცოცხალ-მკვდარი სხეული ძლივს წამოსწიეს და შავ, გაჭვარტლულ ქვაბზე გადაატარეს. ლილით, დენთით და ნახშირით სხეული შავი ხაზებით მოუხატეს. ნახშირში ამოვლებული ცალი ფეხსაცმელი კარვის თოკზე ჩამოკიდეს. ტომის ბელადის ხმაურიანი ცხენი ზოლეიხასგან რამდენიმე ნაბიჯში, კარვის შესასვლელთან სოლით დააბეს. ჭიხვინი რომ აეტეხა, ქერით და თივით სავსე თოფრა მოშორებით დაუდეს. ცხენის ჭიხვინი ყურის ბარაბანს ხვრეტდა. უნაგირი, ლაგამი და სადავე ზოლეიხას გარშემო დააწყვეს. ათეულობით მახათი კარვის კედლებსა და ჭერში, ერთი მახათი კი ზოლეიხას ნაწნავებში ჩაარჭეს. გარშემო რკინის ნივთები და იარაღები შემოუწყვეს. ბრძოლის ველი იყო. ზოლეიხა რკინის სანგარში ჩასვეს. დასახმარებლად მეზობელი ტომის თურქულენოვანი გამოცდილი მონადირე მოიხმეს. მონადირე ტომის იშვიათი და გამორჩეული ვაჟკაცი იყო, რომელსაც ერთხელ ავსულების ხროვა დაემარცხებინა და ერთ-ერთისთვის ოქროს კულული მოეჭრა. მონადირე წიოკითა და გნიასით მოიჭრა და აურზაური ატეხა. მშობიარის კარავს ცხენით რამდენჯერმე შემოუარა, თოფი ჰაერში გაისროლა და დაიყვირა: „ქაჩ ქარა, ქაჩ!“- „წადი, ბნელო, წადი!“ მაგრამ მისმა მცდელობამ და ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო და მტერი არ დააჩოქა. ზოლეიხა მძიმე ბრძოლაში იყო ჩაბმული. უგონოდ იყო. სახეზე ფერი არ შერჩენოდა. თითქოს სისხლისგან დაცლილიყო. ყველა შეძრწუნებული იყო. ღამეს ბოლო არ უჩანდა. წამი საუკუნესავით გრძელდებოდა. წუთები ერთ ადგილას გაჩერებულიყვნენ. არ გადიოდნენ. ყველა ბებიაქალს მისჩერებოდა და მან, სხვებზე მეტად აღელვებულმა, ახალი სასტიკი ბრძანება გასცა. ზოლეიხას სილა შემოჰკრეს. ფერდაკარგული სახე აუწითლეს. თმა უხეშად და გამეტებით დაუქაჩეს. ქალებს ღონე რომ არ ეყოთ, ღონიერი კაცი შეენაცვლათ და ზოლეიხას თავ-პირში ძლიერი ალიყური დაუშინა. ჰაერი მღელვარებას დაემძიმებინა. ბნელ და გაკვამლულ კარავში სიხარულისა და იმედის ნაპერწკალიც აღარ ღვიოდა. ცხენის ჭიხვინი, თოფის ხმა, მონადირის ყვირილი, გაწნული სილის ხმები, ქალების კვნესა და გოგოების ტირილი ერთმანეთში არეულიყო. დაღლილ-დაქანცული საფდარი მეზობელ კარავში, რამდენიმე თავისიანთან ერთად, ყველაზე უმნიშვნელო ხმებსა და მოძრაობებსაც კი აყურადებდა. ღელავდა და ბორგავდა. მოსვენება და სიმშვიდე დაეკარგა. ძირს დაყრილ ქვებს ადგილს უნაცვლებდა. ქვიშითა და კენჭებით მკითხაობდა. აღზნებული იყო. კერიაში შეშას ატრიალებდა. სიგარეტი გასთავებოდა და ნამწვებს ეწეოდა. ხან დგებოდა და ცხენს, რომელიც მისი ცოლის საშველად ჭიხვინებდა, კოცნიდა, ხან მონადირეს, რომელიც ვაზნებს ჰაერში უმიზნოდ და უმისამართოდ ისროდა, მადლობას უხდიდა, ხან თავის გოგოებს, რომლებიც ლაწანის ხმებისგან გაოცებულები და გაოგნებულები კანკალებდნენ, ამხნევდებდა. სილის გაწვნებმა შედეგი გამოიღო. ზოლეიხა ცოტათი გონს მოვიდა. პირი გააღო, მაგრამ ხმის ამოსაღებად ძალა არ ეყო. უნდოდა რაღაც ეთქვა. მისი ხმა ყურს არ სწვდებოდა. სიკვდილ-სიცოცხლეს შორის იყო. მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ოფლში ცურავდა. თვალები გააღო, მაგრამ თითქოს ვერავის და ვერაფერს ხედავდა. უცებ შეინძრა. მზერაში სხივი გაუკრთა. მთელი სხეული დაეკრუნჩხა და ააკანკალა. ბებიაქალი, რომელიც ზოლეიხას ერთი წუთით არ შორდებოდა, იქვე ფუსფუსებდა და სისხლიანი და დანაოჭებული ხელებით ჩვილის პატარა ტანი დედის სხეულს მოაცილა. ბავშვი ხელში აიყვანა და შეჰყვირა: „ბიჭია!“ მომდევნო შეყვირება ბიჭის შეყვირება იყო. ქალებმა სიხარულის ყიჟინა დასცეს. აყაყანდნენ. საფდარიც ყვირილით მივარდა მათთან, მაგრამ იქ სასიხარულო ვერაფერი ნახა. ზოლეიხას ამხელა ამბის გადატანა არ შეეძლო. მწუხარებას იყო შეჩვეული. ამხელა სიხარულის გაძლება არ შეეძლო. ასეთი დიდი სიხარული მისი დასუსტებული სხეულისთვის მძიმე და აუტანელი იყო. თვალები დახუჭა და აღარც გაუხელია. ბავშვი ძუძუს ეძებდა. ხელი გაეწვდინა და პირი დაეღო, მაგრამ რძე და რძის წყარო არსად იყო. ტკბილი და მაცოცხლებელი წყარო დამშრალიყო და დადუმებულიყო. ზოლეიხამ დაისვენა. თეთრად გათენებული შფოთიანი ღამეებისგან, არეული სიზმრების ტყვეობისგან, გველეშაპების კლანჭებისგან, რომლებიც ყველაფერს გლეჯდნენ, მგლებისგან, რომლებიც ყველაფერს ფლეთდნენ, ნიაღვრებისგან, რომლებიც ყველაფერს ნთქავდნენ - დაისვენა. ყველანი ღრმა და მრუმე მწუხარებამ მოიცვა. ზღვის ამ შავ და უძირო ტალღებში მხოლოდ ერთი სხივი კიაფობდა: ბიჭი! ამიერიდან საფდარს მეუღლე აღარ ჰყავდა, მაგრამ ბიჭი ჰყავდა. მის გოგოებს დედა აღარ ჰყავდათ, მაგრამ ძმა ჰყავდათ!

*1 მეჰრიე (არაბ.-სპარ.) - ქონება ან თანხა, რომელსაც საქმრო ქორწინებისას საცოლეს აძლევს.
*2 შირბაჰა (სპარ.)- თანხა, რომელსაც საქმრო საცოლის მშობლებს აძლევს.
*3 ჩავუში (თურქ.-სპარ.) - კაცი, რომელიც მომლოცველთა ქარავანში რელიგიურ სიმღერებს ასრულებს.

სპარსულიდან თარგმნა თინათინ წიკლაურმა