მაიკლ ჰოფმანი
December 6, 2020
ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მოჰამად ბაჰმანბეიგი

მოჰამად ბაჰმანბეიგი - ალი

საფდარის ოჯახი უცნაურ ფორიაქსა და მღელვარებას მოეცვა. ზოლეიხა, საფდარის ცოლი, ოჯახის ყველა წევრზე მეტად ღელავდა. იგი ბავშვს ელოდა. მთის ფერდობზე, ხშირი ტყის პირას, მანქანებისა და მათი სავალი გზებიდან შორს, წამლის და მკურნალისგან შორს - ბავშვს ელოდა. ფეხმძიმობის მეცხრე თვეში იყო. ძლივს სუნთქავდა, უღონოდ და მძიმედ. გული სწრაფად უცემდა. მუცელი მეტისმეტად წამოზრდოდა. თვალებიდან ძლივს იხედებოდა, ყურში გაჭირვებით ესმოდა. ყველა შიშსა და ძრწოლას აეტანა, ზოლეიხა - ყველაზე მეტად! ზოლეიხას მშობიარობის ტკივილის არ ეშინოდა. ავსულების და მოჩვენებების არ ეშინოდა. ავსული ალის, მშობიარე ქალის შიგანით რომ იკვებება, არ ეშინოდა. სიკვდილის სისხლიანი ბრჭყალების და აღსასრულის ულმობელი კლანჭების არ ეშინოდა. ამ შიშებზე უფრო დიდი შიში ჰქონდა. ყველა შიშზე უფრო შემზარავი და მომაკვდინებელი შიში! ეშინოდა, რომ ბიჭის ნაცვლად კვლავ გოგოს შობდა, ქმრისა და ახლობლების წინაშე კვლავ შერცხვებოდა. თოთხმეტწლიანი ქორწინების და შვიდი გოგონას შემდეგ მერვე ბავშვის დროს მოეწია. მის პირველ გოგონას გულნარი ერქვა. ზოლეიხას მხოლოდ ეს სახელი შეერჩია. დანარჩენი გოგონებისთვის, ისევ გოგო რომ არ დაბადებულიყო, ასეთი სახელები დაერქმიათ: ბოლოქალა, ბოლოვარდო, ბოლომთვარისა, ბოლოდიბა, კმარია, საკმარია. საფდარისა და ზოლეიხას ოჯახი მივარდნილ, მთიან ადგილას მოსახლე მამასანის ტომის პატარა განშტოების წევრი იყო. ტომი ბიჭს მოითხოვდა. მხოლოდ ბიჭს შეეძლო კერიის გაცოცხლება. ტომისთვის გოგოების მამების კერია მიმქრალ-მინავლულად მიიჩნეოდა, გოგოს მშობელი დედის გასაჭირზე დარდობდნენ და წუხდნენ. ტომი, რომელსაც ამდენი მამაცი ქალი ჰყავდა, გოგონას მდაბალ არსებად თვლიდა.
ტომი, რომელსაც ამდენი ღირსეული ქალი ჰყავდა - ქალები, თავიანთი კაცების დამარცხების შემდეგ, მტრის ხელში ტყვედ ჩავარდნის შიშით, ნაწნავებით ერთმანეთს რომ გადაებმებოდნენ და მაღალი ციხე-გალავნიდან ხტებოდნენ, გოგონას, დას, ქალს, დედას ამცრობდა და არაფრად მიიჩნევდა. გოგონას მემკვიდრეობას არ უტოვებდა. მზითევსა და მეჰრიეს *1 არ აძლევდა. მამაკაცთან ერთად სუფრას არ აკარებდა. ახალგახსნილ სკოლაში არ უშვებდა. დას ძმის სწორად არ მიიჩნევდა. გათხოვებისას გოგონას სანაცვლოდ შირბაჰას*2 იღებდა. თითქოს ყიდდა და ზოგჯერ ისე ძვირად ყიდდა, რომ გოგონასა და მის ქმარს მშრალზე ტოვებდა. ლურის ენაზე მოსაუბრე ეს პატარა საზოგადოება სიტყვაში „შვილი“ გოგონას არ მოიაზრებდა. შვილებად მხოლოდ ბიჭები იწოდებოდნენ. სტუმრებსა თუ გამვლელებს საფდარისთვის რამდენჯერმე უკითხავთ, რამდენი შვილი გყავსო და მას, დარცხვენილსა და თავჩაქინდრულს, უთქვამს, შვილი არა მყავს, რამდენიმე მხევალი მყავსო. ზოლეიხას ქმრის ეს მწარე სიტყვები ბევრჯერ ჰქონდა მოსმენილი და გულზე ცეცხლი ეკიდებოდა. ამდენი ჯავრის და წუხილის მიუხედავად, ზოლეიხა ჯერაც ლამაზი იყო. ოცდაათი წლისთვის არ გადაებიჯებინა. მისი ნაწნავის ძნებს სავარცხელი ვერაფერს აკლებდა. მისი დიდი და მაცდური თვალები ჯერაც ქმრის სიყვარულის და ერთგულების საწინდარი იყო. მისი თოვლივით ქათქათა კანი ცეცხლმოდებული მუხის ალზე უფრო წითელი სისხლით რწყულდებოდა. პირისახე სისხლნარევი თოვლისფერი ჰქონდა. ზოლეიხა ტომის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი იყო. მისი ქმარი გამორჩეული კაცი იყო. თავისი მჭრელი ცულითა და ძლიერი მკლავით ტყის განაპირას ზორბა ხეები გაეჩეხა და სახნავ-სათესი მიწა მოეწყო. რამდენიმე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვიც ჰყავდა. ზოლეიხასა და გოგონების დახმარებით მცირე მოსავალი მოჰყავდა და ცხოვრების ჩარხს ასე ატრიალებდა. გოგონები ზოლეიხასავით ლამაზები იყვნენ. უხვი შირბაჰა ელოდათ. უზრუნველი მომავალი ექნებოდათ. მაგრამ ეს სიხარული იმ მთისხელა საზრუნავის ფონზე თივის ზვინივით მოჩანდა. ზოლეიხას ბიჭის არყოლის დარდი და ნაღველი კლავდა. შერცხვენილი და დამცრობილი იყო. ქალებსა და დედებს შორის თითით საჩვენებელი იყო. ქორწინებიდან თოთხმეტი წელი გადიოდა და შვიდი დიდ-პატარა გოგონას გვერდით ერთი ბიჭიც კი არ ჰყავდა. უნაყოფო ხე იყო, წყარო იყო დამშრალი და უწყლო! მისი მწუხარება დამქანცველი, მისი დღე უმზეო, მისი ღამე - უმთვარო და უვარსკვლავო იყო. ზოლეიხას არ შეუცოდავს და ცოდვილი იყო, სამსჯავრო არ გამართულა და მსჯავრდებული იყო. საფდარი მისი დანაშაულის თანამონაწილე იყო, მაგრამ ის მამა იყო. კაცი იყო. მისი ცოდვა მისატევებელი იყო. ზოლეიხას სუსტი მხრები ცოდვის ტვირთის სატარებლად უფრო შესაფერი და მორგებული იყო. ის ქალი იყო. დედა იყო. მისი ცოდვა მიუტევებელი იყო. გაკილვა და დაცინვა, ღვარძლი და საყვედური - ყველაფერი მისთვის ემეტებოდათ. ზოლეიხა ჩუმად ითმენდა და ამ საშინელ წამებას გაჭირვებით უძლებდა. ამ მძიმე ტვირთის ქვეშ მისი არსების საყრდენი ბურჯი მორყეულიყო. მისი ხსნა მხოლოდ ბიჭი იყო. მისი გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ ბიჭი იყო. მისი ტკივილის მკურნალი, ბიჭის გარდა, არაფერი იყო. სხვა დედებს, მეზობლებს, ნათესავებს - ყველას ბიჭი ჰყავდა. ბიჭის სახით დასაყრდენი ჰყავდათ. ზოლეიხა სხვის ბიჭებს შეჰყურებდა. თოფს ხელს წამოავლებდნენ, ნადირობდნენ, ჭიდაობდნენ, შურდულს ისროდნენ, სათემო სკოლაში დადიოდნენ, ლექსებს ამბობდნენ, წარმოდგენებს მართავდნენ, ჯგუფურ თამაშობებში მონაწილეობდნენ. ზოლეიხა, წუხილით და შურით, მოსვენებადაკარგული შეჰყურებდა ამ სასურველ და საოცნებო სცენებს. გრძნობდა ნაყოფის მოძრაობას. ბავშვის ფეხის ხმა ესმოდა. მუცელზე ხელს იდებდა და ბიჭის ნატვრაში ოხრავდა. ბიჭისა, ამ თამაშობებში, შეჯიბრებებში, ძალის გამოცდაში რომ ჩაებმებოდა. ნატრობდა, რომ თვითონაც მხევალს და მოსამსახურეს კი არა - თავისუფალ ბავშვს მოუვლენდა ქვეყანას. ძლიერ ვაჟკაცს, რომელიც მისი სიამაყისა და თავმომწონეობის მიზეზი გახდებოდა. ოჯახის გაცივებულ კერას გაათბობდა და გააჩაღებდა. სკოლაში ივლიდა, ისწავლიდა, გაიზრდებოდა, დაკაცდებოდა, დედას და დებს ზურგს გაუმაგრებდა. ზოლეიხას ამ ოცნების ასასრულებლად გრძელი გზა გაევლო. ბევრი ელოცა. კერია დაეკოცნა. თიკანი და ბატკანი შეეწირა. შეიხებს, დერვიშებს თუ ჩავუშებს*3 სწვეოდა. წმინდანთა საფლავების მოსალოცად მთა და ბარი, ქალაქი და სოფელი, ცხელი, ცივი, ღარიბი და მდიდარი ადგილები ფეხქვეშ გაეფინა. წმინდანების ნაკვალევზე ფეხი დაედგა. ნატვრის ხეებთან სურვილი ჩაეთქვა. თავშალი მოეხსნა და აკლდამებზე შეება. ზოლეიხას ქალიშვილები დედის საწუხარს იზიარებდნენ. ბავშვის დაბადებას ისინიც იმედითა და მღელვარებით ელოდნენ. ძმის მოლოდინში წამებს ითვლიდნენ. უნდოდათ, ძმისთვის აკვანი დაერწიათ, იავნანა ემღერათ, თავს შემოვლებოდნენ. მისი პატარა ქოჩორი დაეყნოსათ, ტერფები დაეკოცნათ. ქუდსა და პერანგზე ავგაროზად მოულაყოლის მძივი და ონიქსის ქვა შეებათ.

***

ტკივილები სინათლეს გაურბიან. ტკივილები ბნელი ღამეების ძველი მეგობრები და ახლობლები არიან. ზოლეიხას ტკივილები ერთ ბნელ ღამეს დაეწყო. მშობიარობის ამბავი მთელ ტომს მოედო. ქალები მელოგინეს ირგვლივ შემოიკრიბნენ. მათგან ყველაზე მოხუცი, ტომის ბებიაქალი, ყველაზე გვიან მოვიდა და თან თავისი ხელსაწყოები და ხურჯინი მოიტანა, რომელშიც ჯანჯაფილი, დარიჩინი, წიწაკა, მარიამსაკმელა, მიხაკი, ილი, ბეგქონდარა, პიტნა, ყარაყორუთი, შაქარყინული, აჯასპი, დენთი, ინდიგო, ყვავის ნაღველი, მელიის ნაღველი, ჯიქის ბრჭყალი, მგლის ხახა, არწივის კლანჭი, ცხენის ძუა და ფაფარი ეწყო. ძალაგამოცლილი, ღონემიხდილი, დიდ კუბოკრულ ნაჭერში გახვეული ზოლეიხა ლოგინზე მიგდებულიყო. მისი ლოგინი - მაგარი ბალიში, სქელი ნაბადი, უხეში ზოლიანი ფარდაგი, ძველი ჯარისკაცული საბანი - კერიასთან იყო გაშლილი. კერიაში ცეცხლი ენთო. ცეცხლის ალი და ქალების რიარია კარვის კალთებს მოძრავ ჩრდილებად ეცემოდა. თითქოს მოჩვენებები ირეოდნენ. შეშისა და საკმევლის კვამლით ჰაერი დამძიმებულ-დამუქებულიყო. სინამდვილის პირისპირ ყველა შიშსა და ძრწოლას აეტანა. დედის ჯანმრთელობა - ნაკლებად, ბიჭის გაჩენა მეტად ადარდებდათ. ზოლეიხას შეკრული წარბები, დაზაფრული, გაყინული მზერა მეტყველებდა, რომ ეს ამბავი აშინებდა და გოგოს დაბადებაზე ფიქრს ძლიერ დაეფრთხო. სახლი შიშსა და მღელვარებას მოეცვა. ზოლეიხა დასუსტებულიყო და დაუძლურებულიყო. ტკივილიანი ხმით კვნესოდა. კბილს კბილზე აჭერდა. ბებიაქალმა საყელო შეუხსნა, პერანგი გადაუღეღა, თავშალი მოხსნა. თითქოს ჰაერი მაინც არ ჰყოფნიდა. წრიალებდა, ბორგავდა. მოხუცის წამლები და ფაცაფუცი უშედეგო იყო. ზოლეიხას მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. მშობიარობა ადვილი და მარტივი არ იყო. ადრინდელ მშობიარობებს არ ჰგავდა. ზოლეიხა ყოველ ჯერზე ამ დედაბერმა ამშობიარა. ამჯერად საქმე რთულად იყო. ზოლეიხამ გონება დაკარგა. კრიჭა შეეკრა. წამალი კი არა, ყელში წვეთი წყალიც არ გადასდიოდა. ზოლეიხას და სიკვდილის სუნთქვა ერთმანეთში არეულიყო. სიკვდილი ორ ნაბიჯზე ედგა. ზოლეიხა ორთაბრძოლაში ჩაბმულიყო. იგი უხილავ მტერს ებრძოდა. დედაბერმა საფრთხე იგრძნო და გაბზარული ხმით თქვა: „ალი!“ ტომი ბუნების და ზებუნებრივი ძალების მარწუხებში იყო. ეშმაკეულის და ავსულების კლანჭებში იყო. ალი ავსულებს შორის ყველაზე დაუნდობელი იყო. ალი მუდამ ტომის ირგვლივ ტრიალებდა. ზამთრის თუ ზაფხულის საძოვრებზე ტომს მუდამ თან ახლდა. მუდამ მშობიარე ქალს უსაფრდებოდა. ტომის ხალხი ამ მოსისხლე მტერს ოდითგანვე იცნობდა. ალს მრავალი სახლი გაეჩანაგებინა. მრავალი დედა შავი მიწისთვის მიებარებინა. მრავალი ბავშვი დაეობლებინა, მიუსაფრად და მაწანწალად ექცია. ალს ქვეყანაზე ცხენის, რკინის და შავი ფერის გარდა, არავისი და არაფრისა ეშინოდა. ცხენი, რკინა და შავი ფერი რომ არა, ტომში ერთი დედაც არ გადარჩებოდა. ბრძოლა გაჩაღდა. ზოლეიხას სასთუმალთან ჟანგიანი ხმალი პირუკუღმა დაუდეს. მაჯები, კოჭები და მკლავები ცხენის ფაფრით დაწნული შავი საბლით შეუკრეს. ჯაჭვს რამდენიმე რგოლი მოაცალეს და ხელისგულებზე დაულაგეს. საწოლს შავი ქსოვილი გადააფარეს. მისი უსიცოცხლო სხეული გაჭირვებით ასწიეს და შავ, გაჭვარტლულ ქვაბს რამდენჯერმე გადაატარეს. ინდიგოთი, დენთითა და ნახშირით სხეული შავად დაუხაზეს. ცალი ქალამანი ნახშირში ამოსვარეს და კარვის თოკზე ჩამოჰკიდეს. ტომის თავკაცის მოუსვენარი ცხენი კარვის კართან, ზოლეიხასგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით მაგრად დაააბეს. რომ ვერ მისწვდომოდა და ეჭიხვინა, ხორბლით და ქერით სავსე თოფრაკი მოშორებით დაუდეს. ცხენი გამაყრუებლად ჭიხვინებდა. უნაგირი და ლაგამ-აღვირი ზოლეიხას ირგვლივ შემოულაგეს. კარვის ჭერსა და კალთებზე ათობით მახათი მიამაგრეს, ერთი მახათი ზოლეიხას თმაში ჩაარჭეს. ყოველი მხრიდან რკინის საგნები და იარაღები შემოუწყვეს. ზოლეიხა ბრძოლის ველზე იყო. იგი რკინის სანგარში გაამაგრეს. მეზობელი ტომიდან თურქულენოვანი გამოცდილი მონადირე დასახმარებლად იხმეს. მონადირე ტომის იმ მეტად იშვიათ კაცთაგანი იყო, ერთ მშვენიერ დღეს ავსულთა ხროვა რომ დაამარცხა და ერთ-ერთს ოქროს ნაწნავი მოაჭრა. მონადირე ხმაურითა და ყვირილით მოიჭრა, დიდი აურზაური დაატრიალა. ცხენის ჭენებით კარავს რამდენჯერმე წრე დაარტყა, თოფი გაისროლა და შეჰყვირა: ,,ყაჩ ყარე, ყაჩ!“ - „განვედ შავო, განვედ!“ მთელი ეს გარჯა და ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა, მტერმა არ დაიჩოქა. ზოლეიხა მძიმე ბრძოლაში ჩაბმულიყო. ძალ-ღონე გამოსცლოდა. ფერი წართმეოდა. თითქოს სისხლისგან დაცლილიყო. ყველას ეშინოდა. ღამეს ბოლო არ უჩანდა. წუთი საუკუნედ იწელებოდა. დრო გაყინულიყო. არ იძროდა. ყველა დედაბერს შეჰყურებდა. მან, სხვებზე მეტად აღელვებულმა, ახალი, სასტიკი ბრძანება გასცა. ზოლეიხას სახეში შემოჰკრეს. გაფითრებული სახე დაუსისხლიანეს. ნაწნავები გამეტებით და გაშმაგებით დაუქაჩეს. ქალების ძალა არ კმაროდა. საქმეში ძლიერი კაცი ჩაერთო და ზოლეიხას მწარედ დაუწყო თავ-პირში ცემა. ატმოსფერო დამძიმებულიყო. კარვის ჩაბნელებულ-ჩამუქებულ ჰაერში იმედისა და სიხარულის ერთი ნაპერწკალიც არ კრთოდა. ცხენის ჭიხვინი, თოფის სროლა, მონადირის ყიჟინა, ალიყურების ხმა, ქალების მოთქმა, გოგონების ტირილი ერთმანეთში არეულიყო. საფდარი, დაღლილი და დაქანცული, მეზობელ კარავში თავისიანებთან ერთად უმცირეს ჩქამსა და მოძრაობას აკვირდებოდა. შფოთავდა და ღელავდა. სიმშვიდე და მოთმინება დაეკარგა. რამდენიმე ქვას, მის გვერდით რომ ეყარა, ერთმანეთს უნაცვლებდა. ქვიშით და კენჭებით მკითხაობდა. ადგილს ვერ პოულობდა. კერიაში მუგუზალს ატრიალებდა. სიგარეტი გასთავებოდა. ნამწვს ეწეოდა. დგებოდა და ცხენს, ზოლეიხას დასაცავად რომ ჭიხვინებდა, კოცნიდა. მონადირეს, ჰაერში ვაზნებს რომ დაუნანებლად ისროდა, გენაცვალეო, შესძახოდა. გაკვირვებისგან და გაოგნებისგან აცახცახებულ გოგონებს, ლაწანის ხმა რომ ესმოდათ, ამშვიდებდა. ალიყური უშედეგო არ ყოფილა. ზოლეიხა ცოტათი გონს მოვიდა. პირი გააღო, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. რაღაცის თქმა სურდა. მისი ხმა არ ისმოდა. სიკვდილს-სიცოცხლეს შორის გახირულიყო. ზოლეიხას სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ოფლში ცურავდა. თვალები გაახილა, მაგრამ თითქოს ვერავის და ვერაფერს ხედავდა. უეცრად შეირხა. თვალებში სხივი გაუკრთა. რამდენიმე ძლიერმა კრუნჩხვამ მთელ სხეულში დაუარა. დედაბერი, ზოლეიხას ერთი წამითაც რომ არ სცილდებოდა, საქმეს შეუდგა და სისხლიანი, დანაოჭებული ხელებით ახალშობილის პატარა სხეული დედისას მოაშორა. ბავშვი ხელში აიყვანა და შესძახა: „ბიჭია!“ საპასუხო შეძახილი ბიჭის ტირილი იყო. რამდენიმე ქალმა სიხარულის ყიჟინა დასცა. მათ მალე მხიარული შეძახილებით საფდარიც შეუერთდა, მაგრამ სასიხარულო ვერა ნახა რა. ზოლეიხა ამხელა ამბავს ვერ უძლებდა. იგი მწუხარებას იყო შეჩვეული. ამხელა სიხარულს ვერ უძლებდა. ამხელა სიხარული მისი უძლური სხეულისთვის მძიმე და აუტანელი იყო. თვალები დახუჭა და მეტად აღარ გაუხელია. ახალშობილი დედის მკერდს დაეძებდა. ხელი ჩაავლო, პირი გააღო, მაგრამ რძე და რძის ნაკადული არსად ჩანდა. ტკბილი, სიცოცხლის მომნიჭებელი წყარო დამშრალიყო და დაშრეტილიყო. ზოლეიხამ დაისვენა. მშფოთვარე ღვიძილის და უთავბოლო სიზმრების მარწუხებისგან, გველეშაპების კლანჭებისგან, რომლებიც ნთქავენ, მგლების ჭანგებისგან, რომლებიც ხრავენ, წყალდიდობებისგან, რომლებიც აჩანაგებენ, დაისვენა. ყველა ღრმა და შავმა წუხილმა მოიცვა. ამ შავ და ღრმა, მღელვარე ზღვაში მხოლოდ ერთი წვეთი კიაფობდა: ბიჭი! ამიერიდან საფდარს ცოლი არ ჰყავდა, მაგრამ ბიჭი ჰყავდა. მის გოგონებს დედა არ ჰყავდათ, მაგრამ ძმა ჰყავდათ.

*1 მეჰრიე (არაბ.-სპარ.) - ქორწინებისას სასიძოს მიერ საპატარძლოსთვის მისაცემი ფული ან ქონება.
*2 შირბაჰა (სპარ.) - საქმროს მიერ საპატარძლოს მშობლებისთვის გადასახდელი თანხა.
*3 ჩავუში (თურქ.-სპარ.)- კაცი, რომელიც მომლოცველთა ქარავანში რელიგიურ სიმღერებს ასრულებს.

სპარსულიდან თარგმნა ქეთევან ნიკოლაძემ