ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
მარკ სტრენდი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ვიქტორ ფრანკლი

ვიქტორ ფრანკლი - ცხოვრების საზრისის ძიება

ის, რაც ამ საკითხში გვესაჭიროვება, ცხოვრების აზრთან დაკავშირებული კითხვის სხვა მხრიდან დასმა: უნდა ვისწავლოთ და ასევე ვასწავლოთ იმედდაკარგულ ადამიანებს, რომ, პრინციპში, მთავარი ის კი არ არის, თუ კიდევ რას შეიძლება მოველოდეთ ცხოვრებისგან, არამედ ის, თუ რას მოელის ჩვენგან თავად ცხოვრება! ფილოსოფიური კუთხით თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ მივადექით კოპერნიკისეულ აღმოჩენას, იმის შესახებ, რომ ჩვენ ცხოვრების საზრისთან დაკავშირებული კითხვა კი არ დავსვათ, არამედ თავი კითხვის ადრესატებად მოვიაზროთ. მათად, ვისაც ცხოვრება ყოველსაათობრივად და ყოველდღიურად უსვამს კითხვებს, რომლებსაც სათანადო პასუხები არა განსჯითა ან ლაპარაკით, არამედ სწორი საქციელის მეშვეობით უნდა გავცეთ. ბოლოსდაბოლოს ცხოვრება ხომ სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ ცხოვრების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების სწორად გაცემაზე, ყოველ ჩვენგანისთვის დაკისრებულ დავალებებზე, იმწუთიერი მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისგებლობის ტვირთვა უნდა შეგვეძლოს. ეს მოთხოვნა და ამავდროულად, ყოფიერების საზრისი ყველა ადამიანთან და ყველა ცალკეულ მომენტთან მიმართებაში განსხვავებულია. ცხოვრების საზრისის ფარგლების ზოგადად გამოკვეთვა, ამ საზრისის არსის შესახებ კითხვას ზოგადად პასუხს ვერავინ გასცემს- ცხოვრება, რა მნიშვნელობითაც ის აქ მოიაზრება, არ არის რაღაც ბუნდოვანი, არამედ ყოველ ცალკეულ ვითარებაში რაღაც კონკრეტული, და ამიტომ ცხოვრების მიერ ჩვენდამი წაყენებული მოთხოვნებიც კონკრეტულია.
ეს კონკრეტულობა განაპირობებს ადამიანების ბედისწერის უნიკალურობასა და განუმეორებელ თვითმყოფადობას. ვერცერთი ადამიანი და ვერცერთი ბედისწერა შეედრება რომელიმე სხვას. არცერთი სიტუაცია არ მეორდება, და ყოველ ცალკეულ სიტუაციაში ადამიანს სხვაგვარი მოქმედება მოეთხოვება. ზოგჯერ კონკრეტული ვითარება მისგან მოითხოვს, იმოქმედოს და აქტიური ჩართულობით განსაზღვროს თავისი ბედისწერა, ზოგჯერ, რომ ხელსაყრელი შესაძლებლობა ღირებულებების რეალიზაციისთვის გამოიყენოს, ხოლო ზოგჯერ იმას მოელის, რომ თავისი ხვედრი უბრალოდ მიიღოს, ისეთი, როგორიც არის. მაგრამ ყოველი ცალკეული სიტუაცია ყოველთვის გამორჩეულია იმ განუმეო-რებლობითა და თვითმყოფადობით, რომელიც ამ სიტუაციით განპირობებულ მხოლოდ ერთ, ერთადერთ, იმ სწორ პასუხს მიიჩნევს დასაშვებად. თუკი კონკრეტული ბედისწერა ადამიანს ტკივილით დაამძიმებს, მან ამ ტკივილშიც უნდა დაინახოს და განიცადოს სრულებით განუმეორებელი დავალება. ადამიანმა ამ ტკივილის მიმართაც იმ გაცნობიერება უნდა შეძლოს, რომ ამ დამთრგუნველი ბედისწერის წინაშე, ასე ვთქვათ მთელს კოსმოსში უნიკალურ ვითარებაში აღმოჩნდა. ვერავინ ჩამოხსნის მხრებიდან ამ ტვირთს, მის მაგივრად სხვა ვერავინ დაიტანჯება მისი ტანჯვით. მაგრამ ის, თუ როგორ იტანს და უმკლავდება ამ ტკივილს ის, ვისზეც ის ზემოქმედებს, განაპირობებს მიზნის მიღწევის განუმეორებელ შესაძლებლობას. ჩვენთვის, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებისთვის სინამდვილისგან მოწყვეტილ სპეკულაციას როდი წარმოადგენდა. ჩვენთვის ასეთი ფიქრები ერთადერთი რამ იყო, რასაც ჩვენი გადარჩენა ჯერ კიდევ შეეძლო! სწორედ ეს ფიქრები დაგვიხსნიდნენ ხოლმე სასოწარკვეთილებისგან მაშინ, როცა ცოცხლად დარჩენის ვეღარანაირ საშუალებას ვეღარ ვხედავდით. რადგან ჩვენთვის გადამწყვეტი იყო არა ცხოვრების საზრისის შესახებ დასმული შეკითხვა, რომელიც ხშირად გულუბრყვილოდ დაისმება ხოლმე და სხვას არაფერს ეხება გარდა იმისა, რომ ჩვენი შემოქმედებითი ჩართულობით რამე არსობრივად ღირებულ მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ გვსურდა, შეგვემეცნებინა ცხოვრების, როგორც იმ მთლიანობის საზრისი, რომელიც თავის თავში შეიცავს და მოიცავს სიკვდილსაც და არამხოლოდ „ ცხოვრების“ აზრს ხდის განჭვრეტადს და შემეცნებადს, არამედ ტანჯვისა და სიკვდილის აზრსაც : აი, ამისთვის ვიბრძოდით!

გერმანულიდან თარგმნა გიორგი რუსიამ