სხვა ენის სიყვარული
December 5, 2020
მოჰამად ბაჰმან ბეიგი
December 5, 2020
ყველას ჩვენება

მარკ სტრენდი

მარკ სტრენდი - სივრცე

ლამაზი ქალი შუაგულ ნიუ-იორკში თავმოყრილ კორპუსთაგან ერთ-ერთის სახურავზე, კიდესთან იდგა. ერთი ნაბიჯი და ჩანაფიქრს განახორციელებდა. სწორედ ამ დროს სახურავზე გასარუჯად ამოსულმა კაცმა დაინახა. ქალმა გაკვირვება უკან დახევით გამოხატა. მამაკაცი ოცდაათი-ოცდათხუთმეტის იყო, ქერა. გამხდარი, წელს ზევით აწოწილი, ქვემოთ კი - მოკლე, თხელი ფეხებით. შავი საცურაო კოსტიუმი მზეზე ატლასისებურად უელავდა. მათ შორის მანძილი ათ ნაბიჯამდე თუ იქნებოდა. ქალი მიშტერებოდა. ქარში გრძელი, მუქი თმის ღერები სახესთან უფრიალებდა. თმა უკან გადაიწია და ცალი ხელით დაიმაგრა. თეთრი პერანგი და მოცისფრო ქვედაბოლო რხევას განაგრძობდა, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა. კაცმა დაინახა, რომ ფეხშიშველი იყო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლები თავისთან ახლოს, ხრეშზე გვერდიგვერდ დაეწყო. ქალმა ზურგი შეაქცია. ქარმა ქვედაბოლო მის მაღალ ბარძაყებს მიაკრო. კაცს სურვილი გაუჩნდა, მისწვდომოდა, მოეზიდა. ამჯერად ჰაერის ნაკადმა ქვედაბოლო კოხტა ტრაკს მიაკრო და ბიკინის მოხაზულობა გამოკვეთა. „წამო, სადმე ჩამოვსხდეთ“, - იყვირა კაცმა. ქალი შემობრუნდა, კვლავ შეხედა. მზერა დაჟინებული იყო, კბილები - ერთმანეთს მიბჯენილი. კაცი უცქერდა მის ხელებს, რომლებიც წინ გადაეჯვარედინებინა და ამგვარად იმაგრებდა ქვედაბოლოს. საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. „წამო სადმე, ვილაპარაკოთ“, - თქვა კაცმა. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და შებრუნდა. თითქოს ჩაყვინთვისთვის ემზადებაო, მკლავები ასწია. „მისმინე, - თქვა კაცმა, - თუ შენი აღელვების მიზეზი მე ვარ, არაფერი გაქვს სანერვიულო“. მხრებზე შემოგდებული პირსახოცი აზიური სარონგის მსგავსად მოირგო. „ვიცი, მარტივი არაა“, - თქვა მან.
კარგად ვერ ხვდებოდა თავისივე სიტყვების მნიშვნელობას. აინტერესებდა, ქალმა თუ იგრძნო რაიმე. მოსწონდა წელის დრეკადი გადასვლა ტრაკთან. უბრალოც იყო და სექსის სურვილის გამომხატველიც. მისი შეხება სურდა. ქალმა მკლავები ჩამოუშვა, გადაიწია, თითქოს იმედის მარცვალი ჩაუსახაო. „იცი რა, - თქვა კაცმა, - ცოლად გამომყევი“. ქარმა კვლავ მჭიდროდ მიაკრო ქვედაბოლო ტრაკს. „ახლავე უნდა ვქნათ, - თქვა კაცმა. - მერე კი იტალიაში წავიდეთ. ბოლონიაშიც. მაგარ კერძებს გავსინჯავთ. მთელი დღე ვიხეტიალებთ და გრაპას მოვწრუპავთ. დედამიწას შემოვივლით და იმ წიგნებს წავიკითხავთ, რომლებისთვისაც ვერასოდეს ვიცლიდით”. ქალი არ შემობრუნებულა, არც კიდიდან დაუხევია. მის მიღმა ლონგ-აილენდ-სითის სამრეწველო შენობები გადაშლილიყო, ქვინსის სახლების უსასრულო რიგები. შორს რამდენიმე ღრუბელი დაცურავდა ცაზე. კაცმა თვალები დახუჭა. ცდილობდა, მოეფიქრებინა, სხვა რა გზით შეეძლო ქალის გადაბირება. თვალების გახელისას ქალის ტერფებსა და კიდეს შორის სივრცე დაინახა - სივრცე, რომელიც ამიერიდან ყოველთვის იარსებებდა ქალსა და სამყაროს შორის. იმ საუკუნო წამს კი, როდესაც ქალი კვლავ განაგრძობდა არსებობას მის თვალწინ, კაცმა გაიფიქრა: „რა მშვენიერია“. და შემდეგ ქალი აღარ იყო.

ინგლისურიდან თარგმნა ნანა წოწონავამ