ინტერვიუ დიკ დეივისთან

2013 წლის 31 დეკემბერს ამერიკულ საინფორმაციო გადაცემაში PBS NewsHour ჟურნალისტმა ჯეფრი ბრაუნმა უმასპინძლა ცნობილ პოეტს, მთარგმნელსა და მკვლევარს, დიკ დეივისს. საუბარი შეეხო მე-14 საუკუნეში მოღვაწე სპარსელი პოეტის, ჰაფეზის შემოქმედებას, სპარსულ კულტურასა და დ. დეივისის ახალ წიგნს „სატრფოს სახეები: ჰაფეზი და შირაზელი პოეტები“. გთავაზობთ ამ ტელეინტერვიუს ქართულ თარგმანს.
ჯეფრი ბრაუნი: „რაგინდ მოხუცი, ძაბუნი და უძლური ვიყო, თუკი შენი სახება თვალწინ დამიდგა, სიჭაბუკე უკან დამიბრუნდება“ - ამ სტრიქონებით იწყება „სატრფოს სახეები“ - ახალი კრებული შუა საუკუნეებში მოღვაწე სპარსი ჰაფეზის ლექსებისა, რომელიც ისტორიაში უდიდეს ლირიკოსად არის მიჩნეული.
მთარგმნელი დიკ დეივისი სპარსული ლიტერატურის წამყვანი მკვლევარი და თავადაც პოეტია. „სატრფოს სახეები“ გახლავთ დეივისის მიერ თარგმნილი ბოლო ნიმუში სპარსული ცივილიზაციის არაჩვეულებრივი შედევრებისა, რომელთა შორისაა ცოტა ხნის წინ გამოცემული ფირდოუსის „შაჰნამე“ - სპარსული „მეფეთა წიგნი“.
კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა.
დიკ დეივისი: გმადლობთ.
ჯეფრი ბრაუნი: მოდით, ასეთი რამ წარმოვიდგინოთ: მე-14 საუკუნის სპარსეთი, ქალაქი შირაზი, რომელსაც თქვენს წინასიტყვაობაში ვენეციას ადარებთ.
დიკ დეივისი: დიახ. ეს იყო სავაჭრო ქალაქი. ეს იყო ძალიან განვითარებული არისტოკრატიული ცივილიზაციის ცენტრი. ვინაიდან ეს სავაჭრო ქალაქი გახლდათ, მას ჰყავდა, ასე ვთქვათ, ძალიან შეძლებული მაღალი კლასი. ამ მაღალ კლასს კი შეეძლო ფულით მრავალი შემოქმედებითი საქმიანობისთვის გაეწია მეცენატობა. ასე რომ, შირაზში მე-14 საუკუნეში, ისევე, როგორც მის წინა - მე-13 საუკუნეში, ბევრი დიდი პოეტი იყო.
ჯეფრი ბრაუნი: და მათ შორის უდიდესი აღმოჩნდა ჰაფეზი. გვიამბეთ მასზე - ვინ იყო? რა ვიცით მის შესახებ?
დიკ დეივისი: ჰაფეზი იყო პოეტი, რომელიც შირაზში მაშინდელ სამეფო კარზე მოღვაწეობდა. ის იყო სამეფო კარის ერთ-ერთი პოეტი. ის იყო პოეტი, რომელიც ცოტათი ბახს წააგავს. როგორც ამბობენ, ბახმა ერთგვარად თავი მოუყარა ყველაფერს, რაც კი მუსიკაში მანამდე არსებობდა და ახალ საფეხურზე აიყვანა ის. ჰაფეზმაც იგივე გააკეთა ლირიკული პოეზიის ნორმებთან მიმართებით. ამდენად, ლირიკულმა ლექსმა ჰაფეზთან უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ჰაფეზის პოეზიის ერთ-ერთი შესანიშნავი თვისება მისი ორაზროვნებაა. მისი წაკითხვა სხვადასხვაგვარად შეიძლება. მისი პოეზია შეიძლება აღქმულ იქნას როგორც საერო, ასევე სასულიერო თვალთახედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მისაღები გახდა ყველასთვის, ვინც კი დაინტერესებულია სპარსული პოეზიით.
ჯეფრი ბრაუნი: მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ არის სიყვარული, აქ არის ცხოვრებით ტკბობა, აქ არის ბევრი სმა, ღვინის ნაკადები... აქ არის ნახსენები გული და, რა თქმა უნდა, აქ არის სევდა და დანაკარგი.
დიკ დეივისი: დიახ, მართალია. მართლაც აქ არის დიდი სევდა და დანაკარგი. ღვინო კი არის ის საშუალება, რომელიც გავიწყებს მწუხარებას და დანაკარგს.
ჯეფრი ბრაუნი: ჩვენი მაყურებლები, რომლებიც იცნობენ სპარსულ პოეზიას, ფიქრობენ, რომ ყველაზე ცნობილია რუმი.
დიკ დეივისი: დიახ.
ჯეფრი ბრაუნი: როგორც ვხვდები, ჰაფეზი თვითონ ირანშიც დღემდე ყველაზე ცნობილი და პოპულარულია.
დიკ დეივისი: მართალია.
ჯეფრი ბრაუნი: რატომ არის ასე? რით აიხსნება დღეს მისადმი ამხელა ინტერესი?
დიკ დეივისი: იგი საუბრობს ადამიანის ემოციური და ასევე ინტელექტუალური ცხოვრების თითქმის ყველა შესაძლებლობაზე, მაშინ, როცა რუმი საუბრობს ცხოვრების ერთ მხარეზე - ძალიან მრავალმნიშვნელოვნად, ძალიან ღრმად, ძალიან დამაჯერებლად; მას ჰყავს თავისი ძალიან ერთგული მიმდევრები. მაგრამ ჰაფეზი ბევრად უფრო უნივერსალური პოეტია, ვიდრე რუმი.
ჯეფრი ბრაუნი: და რა როლს თამაშობს ის თანამედროვე ირანში? არსებობს ფრაზები, რომელიც ხალხმა ზეპირად იცის და მუდმივად იყენებს?
დიკ დეივისი: ო, მას აბსოლუტური აღიარება აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ის არის შექსპირი და მილტონი, ვორდსვორტი და ტენისონი - ერთად აღებული.
ჯეფრი ბრაუნი: მართლა?
დიკ დეივისი: დიახ. ის უდიდესი პოეტია. და ასე ფიქრობს თითქმის ყველა, ვისაც საერთოდ პოეზიისადმი ინტერესზე შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის პრეტენზია. ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ასეთია. ეს არის პოეზიის მეტისმეტად მოყვარული კულტურა.
ჯეფრი ბრაუნი: კეთილი, მაგრამ იქნებ განმარტოთ, რადგან ეს არ არის ის ირანი, რომლის შესახებაც ასეთი ტიპის გადაცემებში საუბრობენ ხოლმე, ხომ მართალია?
დიკ დეივისი: მართალია. ეს მეც ვიცი.
ჯეფრი ბრაუნი: დიახ.
დიკ დეივისი: მაგრამ ვხედავთ, რომ განსხვავებული კულტურები თავიანთ ენერგიას სხვადასხვა დროს ხელოვნების სხვადასხვა დარგში აბანდებენ. როდესაც საუბარია, ვთქვათ, შუა საუკუნეებზე, თქვენ შეიძლება გაგახსენდეთ იტალიური მხატვრობა ან გერმანული მუსიკა. შუა საუკუნეებში ირანის შემოქმედებითი ენერგია კი მეტწილად პოეზიისკენ იყო მიმართული.
ჯეფრი ბრაუნი: დიახ.
დიკ დეივისი: და პოეზია სპარსული კულტურული იდენტობის ისეთი ნაწილი გახდა, რაც იშვიათად თუ ახასიათებს სხვა რომელიმე კულტურას. ინგლისურ კულტურაშიც კი, რომელიც ასე ამაყობს თავისი პოეზიით, პოეზიას არ უკავია ისეთი ცენტრალური ადგილი, როგორც ირანში. ძალიან ცოტაა განათლებულ ირანელებს შორის ისეთი, ვისაც ზეპირად არ შეუძლია თქვენთვის ლექსების თქმა ან მინიმუმ ჰაფეზის სტრიქონების ციტირება.
ჯეფრი ბრაუნი: მე შესავალში შევნიშნე, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი საქმიდან, რასაც აკეთებთ. ხომ არ არის ეს ერთგვარი მისია, რომელსაც თქვენ ასრულებთ? ეს სწორი გზაა? და თუ ასეა, რა არის ის, რის მიტანასაც ცდილობთ, კერძოდ, დასავლელ მკითხველთან?
დიკ დეივისი: ირანში 20-30 წლის ასაკში წავედი. წავედი ორი წლით, მაგრამ რვა წლით შევრჩი. იქ ყოფნისას დავქორწინდი. ჩემი ცოლი ირანელია. ისლამური რევოლუციის გამო ირანის დატოვება მოგვიხდა. ის ადგილი, სადაც მე ვასწავლიდი, დახურეს. როდესაც ინგლისში დავბრუნდი, მივხვდი, რომ მე მომეცა არაჩვეულებრივი უპირატესობა - წლების განმავლობაში გარკვეულწილად გავცნობოდი იმ კულტურას, რომელიც თითქმის უცნობია დასავლეთისთვის. სერიოზულად დავიწყე სპარსულის შესწავლა. როდესაც ინგლისში დავბრუნდით, სადოქტორო დისერტაცია საშუალო სპარსულში დავიცავი. ვიფიქრე, ასეთი გასაოცარი ლიტერატურაა და, როგორც დასაწყისშივე ბრძანეთ, მეც თავად პოეტი ვარ. აგერ არის შესანიშნავი პოეზია, რომლის დიდი ნაწილიც დასავლეთისთვის უცნობია ან, თუ ცნობილია, მხოლოდ ბუნდოვანი სამეცნიერო თარგმანებით, რომელსაც ცოტა ადამიანი თუ კითხულობს. ვიფიქრე, მე ამ კულტურიდან, რომელიც თავდავიწყებით შევიყვარე, შემიძლია რაღაცის წამოღება. მე მომეცა დასავლელ მკითხველამდე მისი მიტანის საშუალება. ასე რომ, ეს არის ის, რაც მე გავაკეთე ჩემი ცხოვრების ბოლო 30 წლის განმავლობაში და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრის გამო.
ეს იყო არაჩვეულებრივი ოდისეა - მოგზაურობა ერთი პოეტიდან მეორემდე.
ჯეფრი ბრაუნი: ძალიან კარგი. ახალი კრებულის სახელია „სატრფოს სახეები“. დიკ დეივისი. დიდი მადლობა.
დიკ დეივისი: გმადლობთ.
თარგმნა თინათინ წიკლაურმა