ვიქტორ ფრანკლი - ცხოვრების აზრის ძიებაში
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ცხოვრების აზრის გაგებისას საკითხი სრულიად სხგვაგვარად დგას: ჩვენ უნდა ვისწავლოთ, და მათაც ვასწავლოთ, ვისაც იმედი დაჰკარგვია, საქმე იმაში კი არაა, რას ველით ცხოვრებისგან, არამედ იმაში, ცხოვრება რას ელის ჩვენგან. ფილოსოფიურად რომ ვთქვათ, ეს ერთგვარი კოპერნიკისეული აღმოჩენაა. სიცოცხლის საზრისზე ჩვენ კი აღარ ვსვამთ კითხვებს, სიცოცხლე თავად გვისვამს კითხვებს ყოველ დღე და ყოველ საათს. მათზე სწორ პასუხს ვერც თავისმტვრევით და ვერც ლაპარაკით გავცემთ, არამედ ქცევით- სწორი ქცევით. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრების კითხვებზე პასუხის გაცემის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ცხოვრებისგან, მხოლოდ შენთვის განკუთვნილი დავალებისა და მუდმივი ამოცანების შესრულება.
ცხოვრების ამოცანა და მასთან ერთად, ყოფიერების აზრიც თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია და ყოველ წუთს იცვლება. შეუძლებელია ადამიანის ცხოვრების აზრი ოდესმე ზოგადი გახდეს. არც ცხოვრების აზრის შესახებ დასმულ კითხვას გაეცემა ოდესმე ზოგადი პასუხი. ცხოვრება, რომელზეც აქ ვსაუბრობთ, არ არის ბუნდოვანი. პირიქით, ის კონკრეტულია. უაღრესად კონკრეტულია ცხოვრებისგან მოცემული მოთხოვნებიც. სწორედ ეს კონკრეტულობა განსაზღვრავს ადამიანების ბედისწერას, უნიკალურს და განუმეორებელს. ვერც ერთ ადამიანს, ვერც ერთ ბედისწერას სხვასთან ვერ გაათანაბრებ. არც ერთი გარემოება არ მეორდება. თითოეული გარემოება ყოველ ჯერზე განსხვავებულ მოქმედებას მოითხოვს ადამიანისგან. მას ხან მოქმედება მოეთხოვება, რათა თავად განკარგოს საკუთარი ცხოვრება, ხან უნდა ისარგებლოს შემთხვევით და დატკბეს საკუთარი ღირებულებების განხორციელებით, ხან კი ბრმად უნდა მიენდოს ბედისწერას. მაგრამ ყოველი გარემოება გამორჩეულად უნიკალური და განუმეორებელია, და მხოლოდ და მხოლოდ ერთ სწორ „პასუხს“ შეიცავს.
და თუ კონკრეტული ბედისწერა ადამიანს უბედურებას დაატეხს, მასში მან ამოცანა, სრულიად უნიკალური ამოცანა უნდა დაინახოს. ადამიანმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ საკუთარი ტანჯვით სავსე ბედისწერით ის მთელ სამყაროში ერთადერთი და განუმეორებელია. ვერავინ შეუმსუბუქებს ტვირთს. მისი ტანჯვით სხვა ვერ დაიტანჯება. საკუთარ ბედისწერას შეყრილი, როგორ ატარებს ადამიანი ტანჯვას, განსაზღვრავს სწორედ მიზნის მიღწევის ერთადერთ შესაძლებლობას. ეს ყოველი, ჩვენთვის საკონცენტრაციო ბანაკში მყოფთათვის, სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა ცხოვრებას გაუცხოებული სპეკულაციები. მხოლოდ ამგვარ ფიქრებსღა შეეძლო ჩვენი ნუგეში. რადგან, ამგვარი ფიქრები დაეჭვების საშუალებას არ გვიტოვებდა, მაშინ როცა ცხოვრებასთან გამკლავების ყოველგვარი იმედი გვეწურებოდა ხოლმე. ჩვენთვის ცხოვრების აზრი მიზნის მიღწევაში აღარ იყო მხოლოდ, როგორც ეს ხშირად გულუბრყვილოდ ჰგონიათ ხოლმე. ჩვენთვის სიცოცხლის აზრი ერთი მთლიანობა გამხდარიყო, რომელიც თავად სიკვდილსაც მოიცავდა. ის არა მარტო სიცოცხლის აზრს განსაზღვრავდა, არამედ ტანჯვისა და სიკვდილისასაც: სწორედ ამ აზრისთვის ვიბრძოდით ჩვენ!
გერმანულიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა
გერმანულიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა