მოჰამად ბაჰმან ბეიგი
December 6, 2020
ვიქტორ ფრანკლი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ვიქტორ ფრანკლი

ვიქტორ ფრანკლი - კითხვა ცხოვრების საზრისის შესახებ

კითხვა ცხოვრების საზრისის შესახებ

აქ საჭიროა კითხვა ცხოვრების საზრისის შესახებ, მთლიანად შემოვატრიალოთ: ჩვენ უნდა ვისწავლოთ და სასოწარკვეთილ ადამიანებსაც ვასწავლოთ, რომ მნიშვნელოვანი , ის კი არაა, თუ რას უნდა ველოდეთ ჩვენ ცხოვრებისგან, არამედ პირიქით, თუ რას ელის ცხოვრება ჩვენგან. ფილოსოფიის ენაზე თუ ვიტყვით, აქ საქმე ერთგვარ კოპერნიკისეულ გადატრიალებას ეხება, კონკრეტულად კი იმას, რომ ჩვენ უბრალოდ ცხოვრების საზრისის შესახებ კი არ ვსვამთ კითხვას, არამეც ჩვენთვითონვე ვხდებით კითხვის ადრესატები. ცხოვრება ყოველდღიურად და სათობრივად გვისვამს კითხვებს და ამ კითხვებს ჩვენ პასუხი არა თავის მტვრევითა და ლაპარაკით, არამედ მოქმედებით, სწორი ქმედებით უნდა გავცეთ. ცხოვრება კი სხვა არაფერია, თუ არა, პასუხისმგებლობა, სწორად ვუპასუხოთ ცხოვრებისეულ შეკითხვებს, შევასრულოთ დავალებები, რომლებსაც მისგან თითოეული ჩვენგანი იღებს, პასუხი გავცეთ ყოველი საათის მოთხოვნას. ეს მოთხოვა და მასთან ერთად ყოფიერების არსი, ყველასთვის განსხვავებულია და ყოველ წამს იცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანური ცხოვრების საზრისი, ვერ იქნება ზოგადი მოცემულობა და ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა არავის შეუძლია. ცხოვრებაში არა რაიმე ბუნდოვანი, არამედ რაღაც კონკრეტული იგულისხმება და ამიტომ ცხოვრების მიერ დაწესებული მოთხოვნებიც აბსოლუტურად კონკრეტულია. ეს კონკრეტულობა განსაზღვრავს ადამიანის ბედისწერას, რომელიც ყველასთვის განუმეორებული და უნიკალურია.
ვეც ერთ ბედისწერას, ისევე როგორც ადამიანს, ერთმანეთს ვერ შეადარებ; არც ერთი სიტუაცია არ მეორდება და ყოველი სიტუაცია ადამიანისგან განსხვავებულ ქცევას მოითხოვს. ზოგჯერ მან კონკრეტულ სიტუაციაში უნდა იმოქმედოს და შეეცადოს საკუთარი ბედისწერა თვითონვე შექმნას, ხან კი უნდა გამოიყენოს შესაძლელობა და (დატკბეს ამით) თავისი ღირებულებები განახორციელოს, ზოგჯერ კი ბედისწერის დარტყმები უბრალოდ მიიღოს. თუმცა ყოველი სიტუაცია უნიკალური და განუმეორებელია და ერთ სიტუაციას ერთადერთი, სწორი „პასუხი“ მიესადაგება. თუ ბედისწერამ, კონკრეტულ დროს ადამიანს სატანჯველი დააკისრა, მაშინ მან ამ ტანჯვაშიც უნიკალური ამოცანა უნდა დაინახოს. ადამიანმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თავისი ტანჯვით სავსე ბედისწერით ის მთელ სამყაროში ერთადერთი და განუმეორებელია. არავის შეუძლია მას ეს ტვირთი მოხსნას, მის მაგივრად ატაროს. ამიტომ, მხოლოდ მას შეუძლია გამოიყენოს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს ბედისწერის მიერ მისთვის განკუთვნილ ტანჯვას. ჩვენთვის, საკონცენტრაციო ბანაკში, ეს ყველაფერი უბრალოდ რეალობისგან დაშორებული სპეკულაცია არ იყო. მხოლოდ ამ ფიქრებს შეეძლო ჩვენი დახმარება! რადგან სწორედ ეს ფიქრები გვიხსნიდა სასოწარკვეთისგან, მაშინ როცა ჩვენთვის გადარჩენის შანსი უკვე აღარ რჩებოდა. საქმე აღარ ეხებოდა მხოლოდ ცხოვრების საზრისს, რომლის შესახებაც კითხვას ხშირად გულუბრყვილოდ სვამენ ხოლმე და სხვას არაფერს გულისხმობენ თუ არა რაიმე მიზნის განხორციელებას. ჩვენთვის მთავარი იყო სიცოცხლეს საზრისი, თავის მთლიანობაში, რომელიც სიკვდილსაც მოიცავს და ასე არა მხოლოდ „ცხოვრების“ საზრისის პოვნას გულისხმობს, არამედ ასევე ტანჯვისა და სიკვდილის საზრისისაც: ამ საზრისისთვის ვიბრძოდით ჩვენ!

გერმანულიდან თარგმნა მარიამ შუბლაძემ