ვიქტორ ფრანკლი
December 6, 2020
ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ბელყეის სოლეიმანი

ბელყეის სოლეიმანი - ქურდი

ბავშვობიდან მდიდრული, ლამაზი და პატარა ნივთები უყვარდა. წვეულებიდან დაბრუნებისას დედა ჯიბეებსა და სხეულის კუთხე-კუნჭულებს უმოწმებდა. ერთხელ თავისი ბიძაშვილის ფერადი ბურთულა გამოუჩნდა, პირში რომ ედო. ოჯახის ყურადღების მიუხედავად, რომელსაც უამრავი ფსიქოლოგი და ჭკუის მასწავლებელი არიგებდა, სკოლაში რომ წავიდა, კვლავაც ფერად-ფერადი საშლელების, კოხტა სათლელების, ლამაზი დასაკრავი ქაღალდების, დიდ-პატარა და ნაირ-ნაირი ნივთების კოლექცია გაეკეთებინა. მისი სიყმაწვილის გამორჩეული ნაქურდალი ცხრა თვის დისშვილის ფაჩუჩები იყო, რომლებიც ციმციმებდა და ბულბულივით უსტვენდა. სტუდენტობის პერიოდში უნივერსიტეტის სასადილოდან კოვზებსა და სამარილეებს იპარავდა. ახლა ერთ-ერთი დიდი კომპანიის დირექტორი იყო. მისი ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში მებუფეტეს მდიდრული კოვზების ექვსი კომპლექტი ეყიდა. მდივანი ქალი კვირაში ერთხელ მაგიდაზე ფერადი საკინძელების ჩასაწყობს ავსებდა. მისი ბოლო ნაქურდალი მდივნის მინიატურული საათი იყო, რომელიც ორი თვის წინ დაბადების დღეზე თვითონვე აჩუქა. ერთი წლის წინ კი ეს საათი საფრანგეთში ათდღიანი მოგზაურობის დროს თავისი დისთვის მოეპარა.

სპარსულიდან თარგმნა შორენა ჯიმშერიშვილმა