ბელყეის სოლეიმანი - მარტოობის ნაზი ფაიფური და საქირაო ცხენები
ჯერ ბიჭი გადახტა და მერე - გოგო. მამაც გადახტა. კი იცოდა, წყალში ხტომისთვის ცოტა მობერებულიყო. თუმცა აქ და ამ დღეებში, გადახტომის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. გოგო-ბიჭს გაეცინა და კაცს, როგორც კი ამოყვინთა უხეირო ნახტომის მერე, წყალი შეასხა. კაცმა გაიცინა და თავისი თექვსმეტი წლის გოგონას ეშმაკურ სახეზე წყალი მიაშხეფა. გოგო-ბიჭი მამას დაედევნა. კაცმა ხელ-ფეხი გაიქნია, სწრაფ-სწრაფად, მაგრამ ვერ გაიქცა. წყალში თავით აყვინთავეს. სამივე რამდენიმე წამით, რაც კაცისთვის ხანგრძლივი აღმოჩნდა, ერთმანეთს წყლის ქვეშ დაჟინებით უმზერდა. რთული იყო. ბოლოს წყლიდან ბიჭმა ამოყო თავი და ქშენით ამოისუნთქა. ბიჭი ზურგით გადახტა. გოგომ ვერ შეძლო. მამამ არც კი სცადა.
კაცი ნაპირზე ავიდა და ცოლის გვერდით, რომელსაც მთელი ერთი საათი მათთვის თვალი არ მოუცილებია, სილაზე დაეცა. გოგო-ბიჭიც ნაპირზე ავიდა. მამას ღიპი აუდ-ჩაუდიოდა. ქალიშვილმა პეშვი სილა დააყარა, ბიჭმაც კიდევ ერთი. მანამ, სანამ მამა არ ამოძრავდა და დედამ არ უსაყვედურა. მამას სხეული ქვიშით დაჰფარვოდა. ნელ-ნელა თვალები მილულა და ქვიშის სიზანტესა და ნოტიო, ცხელ ჰაერს მინებდა. გოგო-ბიჭმა მამა ქვიშის მართკუთხა ორმოში ჩაფლეს და ზედ დააწერეს: „თუ ჩემთან მოდიხართ, სათუთად და ნელა მოდით, ღმერთმა არ ქნას, რომ გაიბზაროს ჩემი მარტოობის ნაზი ფაიფური“.
გოგო-ბიჭი ნიანგის კეთებას შეუდგა. გოგონამ სანაპიროდან ერთი მუჭა სადაფი აკრიფა და ბიჭმა ისინი ნიანგს პირში ჩაუმაგრა. გოგონამ ნიანგს პირთან მკვდარი თევზი დაუდო და ბიჭი ნიანგის კუდის ქერცლის გაკეთებას შეუდგა. ბიჭს იმ ბიჭუნების ყვირილი, რომლებიც ბრინჯის ნათესების ცხენებს მოგზაურებზე აქირავებდნენ, არ გაუგონია. გოგომ კი ცხენების ფლოქვების თქარათქური გაიგონა და, ქვიშის ნიანგთან ჩაცუცქული, ზეზე წამოდგა. ნაპირზე ათზე მეტი ცხენი გაშმაგებით მიჯირითობდა. ბიჭი ცხენებს გზიდან ბოლო წამს გამოეცალა. ცხენებმა ნიანგსა და ქვიშის მართკუთხედს ზედ გადაუარეს. მთელი სანაპირო ცხენის სუნითა და ბიჭუნების შეძახილებით გაბრუებულიყო.
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ჯგერენაიამ
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ჯგერენაიამ